ავტორი:

ტრაგედია ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელის ოჯახში: ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ლუკას ტრეხომ ცოლ-შვილი დაკარგა - როგორ გადარჩა თავად?

ტრაგედია ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელის ოჯახში: ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ლუკას ტრეხომ ცოლ-შვილი დაკარგა - როგორ გადარჩა თავად?

ვენესუელაში ბოლო ასწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერ მიწისძვრას მასშტაბური მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. სტიქიამ საშინელი ტრაგედია დაატეხა თავს არგენტინელ ფეხბურთელს, ლუკას ტრეხოს, რომელიც ვენესუელის მეორე დივიზიონის კლუბ „სპორტ მარიტიმო ლა გუაირაში“ თამაშობს - მან მიწისძვრის შედეგად მეუღლე და ორი შვილი დაკარგა.

  • 38 წლის სპორტსმენი სტიქიის დროს კარაკასში, გუნდის საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა. მიწისძვრის შესახებ შეტყობინებისთანავე იგი დედაქალაქიდან 29 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ლა გუაირაში, საკუთარ სახლში გაეშურა, თუმცა ადგილზე კატასტროფული სურათი დახვდა.

„ის, რაც მას იქ დახვდა, საშინელება იყო. შენობისგან, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, აბსოლუტურად არაფერი იყო დარჩენილი,“ - განუცხადა CNN Español-ს ფეხბურთელის ცოლის ძმამ, რიკარდო არდილესმა.

სამდღიანი უშედეგო ძებნა

ტრეხო სამი დღის განმავლობაში საკუთარი ძალებით, ნანგრევებში ეძებდა მეუღლეს, იანინას და შვილებს - აარონსა და აინჰოას. ვინაიდან სანაპირო ზოლზე მდებარე სახლი სრულად განადგურდა, სპორტსმენი და მისი მეგობრები დახმარებას და მძიმე ტექნიკის მობილიზებას ითხოვდნენ. სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა მისმა კოლეგამ, რობერტ გარსესმაც გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ ადგილზე მხოლოდ ერთი ტრაქტორი მუშაობდა, რაც საკმარისი არ იყო.

სამწუხაროდ, ძებნის ოპერაცია ტრაგიკულად დასრულდა. კვირას კლუბმა „სპორტ მარიტიმო ლა გუაირამ“ სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა ფეხბურთელის ოჯახის წევრების დაღუპვა და სამძიმარი გამოუცხადა მას:

„ლუკას, შენ მარტო არ ხარ. შენი ოჯახი შენს გვერდითაა“.

სტიქიის მასშტაბები და მსხვერპლი სპორტულ სამყაროში

ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, ვენესუელაში მიწისძვრას 1,400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) განცხადებით, ეს იყო იშვიათი, ე.წ. „დუბლეტური“ მიწისძვრა, როდესაც ორ ძლიერ ბიძგს შორის ინტერვალი სულ რაღაც 39 წამს შეადგენდა.

სტიქიამ ქვეყნის საფეხბურთო სამყაროს სხვა დარტყმაც მიაყენა. დაღუპულთა შორის არის 18 წლის პერსპექტიული ფეხბურთელი იიმვერტ ბეროტერანი. ვენესუელის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ახალგაზრდა ტალანტმა სულ რამდენიმე თვის წინ დოჰაში გამართულ 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა, ბოლო პერიოდში კი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა. სამაშველო ოპერაციები ქვეყანაში ამ წუთებშიც გრძელდება.

წაიკითხეთ ასევე: