ვენესუელაში მაშველებმა აღმოაჩინეს, რომ დანგრეული შენობები "ქაფით" იყო აშენებული - დაღუპულთა რიცხვი 1 500-ს მიუახლოვდა, ადგილიდან კი შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება
ოთხშაბათს, ქვეყანა 7.2 და 7.5 მაგნიტუდის დამანგრეველმა ორმაგმა მიწისძვრამ შეძრა. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 1500-მდე გაიზარდა. წამყვანმა კანონმდებელმა ხორხე როდრიგესმა მოვლენას “ყველაზე კატასტროფულ მოვლენა“ უწოდა ბოლო 123 წლის განმავლობაში.
მთავრობის განცხადებით, 3000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ამდენივე ამჟამად თავშესაფრებში, კარვებში ცხოვრობს. 50 000 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ვიდეოში ჩანს მამაკაცი, რომელიც ნანგრევებს ასუფთავებს. გარედან კედელი დაფარულია ბეტონის თხელი ფენით, შიგნიდან კი პოლისტიროლის ქაფით ან მსგავსი მასალით.
“შეხედეთ ამ ნაგავს“, - ესმის მამაკაცის ხმა, რომელიც ქაფის ნაჭრებს წინააღმდეგობის გარეშე აშორებს და თითს ყოფს მასში.
“გასაკვირი არ არის, რომ ყველაფერი მუყაოს მსგავსად დაიშალა“, - თქვა მან მოგვიანებით.
ვიდეოს ასობით ადამიანის რეაქცია მოჰყვა, ბევრმა ინციდენტს “სოციალისტური თაღლითობა“ უწოდა.
ორმაგმა მიწისძვრამ მთელი უბნები და შენობები მიწასთან გაასწორა, რომელთაგან ბევრი სოციალისტი რევოლუციონერის, პრეზიდენტ უგო ჩავესის “დიდი საბინაო მისიის“ მმართველობის დროს აშენდა. პროგრამა წინა სტიქიური უბედურებების საპასუხოდ, 1999 წელს, ჩავესის ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელს შემუშავდა. მაშინ მთავრობამ ათასობით ოჯახისთვის საცხოვრებელი კომპლექსები ააშენა, მაგრამ როგორც ჩანს მხოლოდ ზედაპირულად დაიცვა რეგულაციები.
ვენესუელაში ახლა მაშველები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმყოფებიან და ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ.
გუშინ მაშველებმა ორი 11 წლის ბიჭუნა გამოიყვანეს. ამერიკელმა მაშველებმა კი ნანგრევებიდან ჩვილების ამოყვანა შეძლეს.
ადგილზე მყოფი ოჯახის წევრები ყოველ ხმაურზე ჩუმდებიან, რათა ბეტონის ქვეშ მოყოლილთა კვნესა ან რაიმე ნიშანი დაიჭირონ.
31 წლის კარლოს ედუარდოს ახლობლებმა მისი ხმა გაიგონეს: “დავიწყეთ მისი ძახილი: კარლოს, შვილო... პასუხად კვნესა გაისმა, თუმცა მას შემდეგ აღარაფერი ისმის“, - ჰყვება მისი ბიძაშვილი.
ხესუს სუარესმა 200 კილომეტრი გაიარა შვილის საძებნელად: “მჯერა, რომ ის აქ არის, ამ ნანგრევებში, მაგრამ მისი გამოყვანა სპეციალური ტექნიკის გარეშე შეუძლებელია. ადამიანი ამას მარტო ვერ გააკეთებს, ეს ძალიან სახიფათოა“, - ამბობს სასოწარკვეთილი მამა.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მექსიკელი, ამერიკელი, ბრიტანელი, შვეიცარიელი და ესპანელი მაშველები ჩავიდნენ, რესურსები მაინც არასაკმარისია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადასტურეს მზადყოფნა ჰუმანიტარული ტვირთისა და სამაშველო ჯგუფების გაგზავნის შესახებ.
ამავდროულად, ვითარებას ამძიმებს ანტისანიტარია.
“მიცვალებულების სუნი უკვე იგრძნობა, ეს ჩვენ და ბავშვებს დაგვაავადებს“, - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები, გლენდის დელგადო.
უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები ათასობით ადამიანი ღამეს ქუჩაში ან ავტომობილებში ათევს.
იხილეთ ასევე: