28 ივნისს, 104 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი, გეოგრაფი, გეოლოგი, კარსტოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდრო-გეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელენე აბაშიძე. ელენე აბაშიძემ მეცნიერებას შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა. საუკუნეზე მეტი იცოცხლა და საღი აზრით, ნათელი გონებით და აქტიური ცხოვრებით.
კარიერის მანძილზე 10.000-ზე მეტი ექსპერიმენტი ჰქონდა ჩატარებული, იყო 40-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 2 მონოგრაფიის ავტორი. მისი ცხოვრება ყოველთვის დაბრკოლებებით იყო სავსე, თუმცა წინააღმდეგობებს არ ეპუებოდა.
"კარსტს ( ბუნებრივი მოვლენები, რომლებიც თავს იჩენს წყალში ხსნად ქანებში - კირქვა, დოლომიტი, ცარცი, თაბაშირი, ქვამარილი - მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის ნაკადების ზემოქმედების შედეგად - რედ.) სწავლობდნენ, მაგრამ მხოლოდ მის ფორმაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. არავის აინტერესებდა, ის რა პროცესს გადიოდა, ვიდრე ამ ფორმას მიიღებდა... უცნაურია, 2 საუკუნის განმავლობაში ხალხი ვერ მიხვდა, რომ აქ წყლის სიჩქარეებს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. ამისთვის მეშვიდე კლასის პროგრამა დამჭირდა, მეტი არაფერი... იუგოსლავიაში კონგრესზე რომ გამოვედი, გაოცებულები მისმენდნენ, თურმე შეიძლებოდა სხვანაირი კუთხით ამ პროცესის შესწავლაო,“ - გვიყვებოდა მეცნიერი ქალბატონი მასთან 2023 წელს ჩაწერილ ინტერვიუში.
79 წლის ასაკში დაცულმა დისერტაციამ კი დიდი აღიარება მოუტანა. ამერიკამ ჯერ წლის ქალის წოდება მიანიჭა, შემდეგ 300 ყველაზე საინტერესო ადამიანს შორის დაასახელა და დააჯილდოვა.

'ჩემს ცხოვრებაში ასე მოხდა, სადოქტორო დისერტაცია 79 წლის ასაკში დავიცავი. ეს იყო 1999 წელი. შემდეგ ამერიკის მსოფლიო მნიშვნელობის ინსტიტუტისგან დიდი მილოცვა და აღიარება მოვიპოვე. "წლის ქალად“ დამასახელეს. ამის მნიშვნელობა და ფასი კარგად ახლა გავიგე, როდესაც პრეზიდენტ ზელენსკის „წლის მამაკაცის“ წოდება გადასცეს... მაშინ მივხვდი, ეს რა ყოფილა... იმაზე არც მიფიქრია, თუ ჩემი საქმიანობის ასეთი დამფასებელი ვინმე იქნებოდა. მეცნიერების დარგში ვისაც რამე გაუკეთებია, ეს ინსტიტუტი ამას აღწერს, მათ მსოფლიოს მასშტაბით 300 ადამიანში დამასახელეს“ - აღნიშნავდა ელენე აბაშიძე...
1998 წელს დაცული დისერტაცია სინამდვილეში 1984 წელს უკვე გამზადებული ჰქონდა, მაგრამ, როგორც ამბობდა, ჩასაფრებული ბევრი იყო.
"ჩემს წინსვლას ეღობებოდნენ, ამიტომ 1998 წელსაც შიშით ვიყავი, ხელი ისევ არ შეეშალათ იმაში, რომ ახალი ნაბიჯები გადამედგა... ამერიკიდან ის წერილი უკვე მოსული იყო და ვახტანგ ბოჭორიშვილს წავაკითხე, გადაირია, აღფრთოვანდა, სასწრაფოდ ვაცნობოთ ყველას, გავასაჯაროოთო. გავაჩერე, ჯერ დისერტაცია დავიცვა-მეთქი... მოკლედ, დისერტაცია დავიცავი და იმის შემდეგ არც ერთხელ არ ამიღია დოქტორის ხელფასი. არ მომცეს“ - წუხილით დასძენდა მეცნიერი ქალბატონი.

"პირველი დისერტაცია 1976 წელს დავიცავი და 12 წლის განმავლობაში ხელფასი 35 მანეთი მქონდა. ჩემი შემოსავალი სულ ეს იყო. მშიერ-მწყურვალი ვიყავი, ლობიოს რომ მოვხარშავდი, მარილი, მწვანილი და პური არ მქონდა... შიმშილი არ არის ეს?! აბა, სხვა რა ჰქვია?! ასე რომ, ის წლები ლობიომ და ტყემალმა გადამატანინა..."- ჰყვებოდა ქალბატონი ელენე.
ის ჭიათურაში დაიბადა, მამა გადაუსახლეს, დედას კი სახელმწიფო სამსახურში მუშაობა აუკრძალეს... იხსენებდა - დედა ოჯახებში დადიოდა და სარეცხს რეცხავდა. მას არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ თბილისში წამოვსულიყავი და მესწავლა. ამიტომ უნდა მემუშავა. ორგან ვსწავლობდი და ერთგან ვმუშაობდიო...
მუსიკოსობაც უნდოდა, უკრავდა, ცდილობდა ამ სფეროშიც წარმატებისთვის მიეღწია. ზოგჯერ თურმე მუსიკალური ტექნიკუმი გვიან თავისუფლდებოდა და ისიც მეცადინეობას ღამის 12 საათზე იწყებდა.
უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისთანავე აქტიურ კვლევით საქმიანობას შეუდგა და ისეთ ადამიანთა შორის აღმოჩნდა, როგორებიც იყვნენ: ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეები, ლევან გოთუა, რომლებიც 1945 წელს ხვამლის მთაზე პირველად ავიდნენ.
"ბაწრის კიბეზე 23 წლის გოგო ავედი. ასვლა არ გამჭირვებია, მაგრამ ჩამოსვლისას დაგრძელებული იყო კიბის საფეხურები და თან ქარიც ძალიან აქანავებდა... რთული ეპიზოდები იყო, საშიშიც, მინდოდა მეყვირა, მიშველეთ-მეთქი, მაგრამ ამას არ ვიზამდი, - წვალებით, ტანჯვით ჩამოვედი. მათთვისაც არაფერი მითქვამს, არც მიგრძნობინებია... ამ შესანიშნავ ადამიანებთან ერთად ხვამლის მთაზე აღმოვჩნდი... ქალბატონმა ალექსანდრამ მითხრა, - ელიკო, შვილო, შენ ხალხი ვერ გაგიგებსო... რადგან ასე მითხრა, ე.ი. მან მე გამიგო, ხომ?! უჭკვიანესი ქალი იყო საქმიანი, მშვიდი, დარბაისელი. გამოქვაბული კი რაც ვნახეთ, თავისთავად ჩვეულებრივი იყო, იქ ახალგაზრდები ჩვენს შემდეგაც ავიდნენ, მათაც ნახეს, რომ არავითარი განძი არ არის. გამოქვაბულში მძლავრი ჩანჩქერია და თუ განძის სახით რამე იყო, სავარაუდოდ, ის ჩანჩქერი ჩარეცხავდა... აღმოჩნდა ასევე ადამიანის კვალი, ნახატები, მხედრები იყო კედლებზე გამოსახული... ნამყოფი ვარ ასევე ექსპედიციაში კაცხის სვეტზე ალიოშა ჯაფარიძესთან, ლევან გოთუასთან და აკაკი ბელიაშვილთან ერთად“, - ამბობს მართლაც განუმეორებელი ქალბატონი ინტერვიუში, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:
ელენე აბაშიძე:
- კარგია ახალგაზრდობა, მაგრამ ადამიანს რა შესაძლებლობაც აქვს და ამას როგორ იყენებს, ესაა მნიშვნელოვანი. ვცდილობ, ეს შესაძლებლობა შევინარჩუნო ფიზკულტურით, მოძრაობით. ზოგადადაც, მოძრაობა მნიშვნელოვანია, თუ გინდა, რომ იცოცხლო და თანამედროვეც იყო“. ჯერჯერობით ასეა და ვნახოთ, შემდგომი წლები რას იზამს. საერთოდ, წლების საკითხიც რთული რამ არის და ამას ვებრძვი...
- თქვენს ფოტოებს ვათვალიერებ, საიდანაც ლამაზი ქალბატონი გვიყურებს...
- განსაკუთრებული სილამაზის არ ვყოფილვარ, მაგრამ დღე არ გავიდოდა, ვიღაც მამაკაცი არ ამკიდებოდა... მეც, ხმალი რომ გქონდეს ადამიანს ხელში მომარჯვებული და რთულ სიტუაციაში გზას იკვლევდე, ასე ვიყავი. ეს ყველაფერი იმხელა სიმძიმე იყო ჩემთვის, ვერ წარმოიდგენთ... გავთხოვდი, ბავშვი შემეძინა, მაგრამ მომიკვდა, მერე კი წლები და დრო მთლიანად მეცნიერებას დავუთმე. ახლაც ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია, მაგრამ ჯერჯერობით არ ვეცემი. ძნელია, მაგრამ ხომ გითხარით, სიძნელეებს მიჩვეული ვარ. სირთულეების გადალახვაში ძალა მემატება...
... თუ ბრძოლის უნარი გაქვს, არაფრის უნდა გეშინოდეს... ბებიაჩემი ცდილობდა, მორწმუნე ვყოფილიყავი. როგორც უკვე გითხარით, ბებიამ გამზარდა ისეთი, როგორიც ვარ. ეს მისი დამსახურებაა. ბევრ რამესთან ერთად, ხელსაქმესაც მასწავლიდა - დართვას, ქსოვას, კერვას, საჩეჩელს... რადგან რწმენაზე ვსაუბრობთ, გეტყვით, ერთხელ სტუდენტობისას კრიზისული პერიოდი მქონდა, სიზმარში იესო ქრისტე ლურჯ სამოსში გამომეცხადა და შემომანათა, ეს ჩემთვის მაშინ სერიოზული ნიშანი იყო... დავფიქრდი და მისი ვირწმუნე...
- ახალგაზრდებს რას ეტყოდით, რას ურჩევდით?
- სირთულეებს არ უნდა შეუშინდნენ, მეც ვიყავი ახალგაზრდა, მიჭირდა, მაგრამ თუ ადამიანს მიზანი და ნებისყოფა აქვს, ყველაფერს შეძლებს!
ლალი ფაცია