ავტორი:

დრამა ამერიკულ მიწაზე: ძველი გრანდების ტანჯვა და ახალი წესრიგის დაბადება? - გერმანიისა და ნიდერლანდების სენსაციური მარცხი, როგორც თრილერი

დრამა ამერიკულ მიწაზე: ძველი გრანდების ტანჯვა და ახალი წესრიგის დაბადება? - გერმანიისა და ნიდერლანდების სენსაციური მარცხი, როგორც თრილერი

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალური ეტაპის (Last 32) დასაწყისი ნამდვილ საფეხბურთო თრილერად იქცა.

The Guardian-ის რეპორტაჟები აშშ-სა და მექსიკის სტადიონებიდან კარგად ასახავს იმ რეალობას, რომელსაც სანაკრებო ფეხბურთი მიუახლოვდა: ძველი საფეხბურთო იმპერიები ირყევიან, ტაქტიკური დისციპლინა და თავგანწირვა კი ისტორიას წერს.

წუხანდელი სამი მატჩის გაერთიანებული მიმოხილვა გვიჩვენებს, თუ როგორ გადაურჩა ბრაზილია უდიდეს სენსაციას, როგორ ჩაესვენა გერმანიის მზე ბოსტონში და როგორ გაცოცხლდა მაროკოული ზღაპარი მონტერეიში.

  • ბრაზილია და "ანჩელოტის მეთოდი“: გადარჩენა კომპენსირებულ დროში

ჰიუსტონში, NRG სტადიონზე, ბრაზილიის ნაკრები უფსკრულის პირას იდგა. პირველი ტაიმის შემდეგ იაპონია კაიშუ სანოს შორეული დარტყმით დამსახურებულად იგებდა 1:0-ს. ბრაზილიას სასტარტო შემადგენლობაში 30 წელს გადაცილებული ხუთი ფეხბურთელი ჰყავდა და გუნდი ინერტულად გამოიყურებოდა. იაპონელები იყვნენ უფრო სწრაფები, უფრო მობილურები და უფრო კრეატიულები.

"ბრაზილია დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახდენდა შთაბეჭდილებას, მაგრამ მაინც გადარჩა. ეს არის კარლო ანჩელოტის ის აუხსნელი მეთოდი, რომელიც მადრიდის "რეალში" მუშაობდა: დარჩი თამაშში, შეინარჩუნე სიმშვიდე და ადრე თუ გვიან მეტოქე შეცდომას დაუშვებს, ან შენი გენიალური ფეხბურთელები რაღაც გენიალურს მოიფიქრებენ", - წერს "გარდიანი"

მატჩის ბედი ანჩელოტის ცვლილებებმა და 4-2-3-1 ტაქტიკაზე გადასვლამ შეცვალა. მოედანზე ენდრიკის შემოსვლამ ბრაზილიას აგრესია შემატა. 56-ე წუთზე კაზემირომ მძლავრი თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 95-ე წუთზე, როცა ყველაფერი დამატებითი დროსკენ მიდიოდა, გაბრიელ მარტინელიმ იაპონელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა (2:1).

ჰაჯიმე მორიასუს ბრწყინვალე იაპონია ტურნირს თავაწეული, მაგრამ გულგატეხილი ემშვიდობება.

  • ბოსტონური საგა: გერმანიის პირველი მარცხი პენალტების სერიაში 50 წლის შემდეგ

თუ ბრაზილიამ კლასის ხარჯზე გაასწრო "სიკვდილს", იულიან ნაგელსმანის გერმანია ბოსტონის Gillette Stadium-ზე პარაგვაის "სიკვდილის მარყუჟში“ გაება. გერმანელები ბურთს 73%-ს ფლობდნენ, გააკეთეს 300-ზე მეტი პასი პირველ ტაიმში, მაგრამ პარაგვაის ნაკრების 63 წლის არგენტინელმა მწვრთნელმა, გუსტავო ალფარომ, მოედანზე ნამდვილი თავდაცვითი ბარიერები აღმართა.

პარაგვაელებმა პირველივე ტაიმში, 27-ე წუთზე, პირველივე სახიფათო კონტრშეტევაზე გახსნეს ანგარიში - 167 სმ სიმაღლის ხულიო ენსისომ მანუელ ნოიერს თავით გაუტანა. მართალია, მეორე ტაიმში კაი ჰავერცმა ფლორიან ვირცის ჩინებული გადაცემით ანგარიში გაათანაბრა (1:1), მაგრამ გერმანიამ მეტი ვეღარაფერი მოახერხა. დამატებით დროში იონათან ტას გოლი VAR-მა მეკარეზე ფოლის გამო გააუქმა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.

The Guardian-ის აქცენტი: "გერმანია მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა არა ტკივილის ყვირილით, არამედ პარაგვაის მიერ მტვერში ხანგრძლივი ჭიდაობით და სპორტული კოლაფსით. მათ წააგეს პირველი პენალტების სერია 1976 წლის ლეგენდარული პანენკას საფინალო დარტყმის შემდეგ".

დიახ, პენალტების სერია გერმანელებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. ჰავერცმა და ვოლტემადემ სუსტად დაარტყეს, იონათან ტამ ბურთი ცას გააყოლა, ხოლო პარაგვაელთა მცველმა ხოსე კანალემ ცივი გონებით გაიტანა გადამწყვეტი პენალტი და სამხრეთამერიკელებს ისტორიული გამარჯვება მოუტანა. იულიან ნაგელსმანისთვის ეს ფინიშია, ტელესტუდიაში მყოფი იურგენ კლოპის ჩრდილი კი გერმანიის ნაკრებს სულ უფრო მეტად უახლოვდება.

  • მონტერეის თრილერი: მაროკოული ხასიათი და კოდი გაკპოს პირადი დრამა

მონტერეიში, Estadio BBVA-ზე, ნიდერლანდებისა და მაროკოს მატჩი თითქმის 3 საათს გაგრძელდა და ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მოვლენად იქცა. რონალდ კუმანმა სცადა ნიდერლანდები უფრო "მტაცებელ და კომპაქტურ“ გუნდად ექცია, უარი თქვა ტრადიციულ 4-3-3 ტაქტიკაზე და აქცენტი დაცვაზე გააკეთა, რის გამოც მაროკო მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა (ბურთის ფლობა 68%).

მატჩის 72-ე წუთზე ნიდერლანდები დაწინაურდა. კოდი გაკპომ, რომელიც მოედანზე უდიდესი პირადი ტრაგედიის ფონზე გავიდა (მატჩის წინ გამოცხადდა, რომ მან და მისმა პარტნიორმა არდაბადებული შვილი დაკარგეს), გოლის გატანის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა, ატირდა და ცისკენ აიშვირა ხელები.

თუმცა, ფეხბურთი სასტიკია - 87-ე წუთზე მაროკოელთა მცველმა ისა დიოპმა თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

"შეიძლება მაროკო აპირებს ყველაფერი თავიდან გაიმეოროს, როგორც კატარში. მათ მოიგეს გიჟური, შეცდომებით სავსე პენალტების სერია. იასინ ბუნუმ კვლავ აჩვენა ძველი დიდება, როცა კრისენსიო სამერვილის დარტყმული მოიგერია, ისმაელ საიბარიმ კი, რომელსაც ბავშვობაში სიარულის პრობლემები ჰქონდა და სპეციალურ ორთოპედიულ აპარატს ატარებდა, გამარჯვების წერტილი დასვა.", - წერს "გარდიანი".

ორივე გუნდმა პენალტების სერიაში ორ-ორჯერ ააცილა, მაგრამ ბუნუს მოგერიებამ და საიბარის ზუსტმა დარტყმამ მაროკო 1/8 ფინალში გაიყვანა, სადაც ისინი კანადას შეხვდებიან.

  • ეს სამი მატჩი ნათელი დასტურია იმისა, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ავტორიტეტები აღარ არსებობენ. პლეი-ოფის საწყისი რაუნდიდანვე გრანდებს გადარჩენისთვის "სისხლისღვრა" უწევთ.

იხილეთ ასევე: