ფლორიდის შტატში, ქალაქ პლანტეიშენში, შემზარავი ტრაგედია მოხდა. 18 თვის ბიჭი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მამას მისი საბავშვო ბაღში დატოვება დაავიწყდა და პატარა რამდენიმე საათის განმავლობაში გადახურებულ ავტომობილში დატოვა.
გამოძიების ინფორმაციით, ბავშვის მამას შვილი ორშაბათ დილით ადრეული განათლების ცენტრში, “A World of Discovery Academy“-ში უნდა დაეტოვებინა. თუმცა, მას დაავიწყდა, რომ ბავშვი ავტომობილში იმყოფებოდა და პირდაპირ სამსახურში წავიდა.
საშინელი რეალობა მხოლოდ დღის ბოლოს, დაახლოებით 17:30 საათზე გახდა ცნობილი, როდესაც მამა შვილის წამოსაყვანად ბაღში მივიდა და გააცნობიერა, რომ პატარა იქ საერთოდ არ მიუყვანია.
აკადემიის დირექტორმა, ლესლი ნოვოამ, ავტომობილის უკანა კარი გააღო და სავარძელში გარდაცვლილი ბავშვი იპოვა, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ 911-ში დარეკა.
“ეს ტრაგედიაა მათთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ისინი საუკეთესო ოჯახი არიან“, - განაცხადა აკადემიის დირექტორმა.

იმ დღეს ფლორიდაში რეკორდული სიცხე ფიქსირდებოდა. ჰაერის ტემპერატურა 34 გრადუსს (94 ფარენჰეიტი) აღწევდა, თუმცა ტენიანობის გამო 39 გრადუსი (102 ფარენჰეიტი) იგრძნობოდა.
ეს მიმდინარე 2026 წელს აშშ-ში გადახურებულ ავტომობილში ბავშვის დაღუპვის უკვე მესამე შემთხვევაა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 1990 წლიდან დღემდე ამერიკაში მსგავსი მიზეზით 1 100-ზე მეტი ბავშვი გარდაიცვალა, მათგან 88% სწორედ 3 წლამდე ასაკისაა.
ყოველწლიურად აშშ-ში ავტომობილში სითბური დაკვრისგან საშუალოდ 40 ბავშვი იღუპება.
აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც ორი კვირის წინ, ფლორიდაშივე კიდევ ერთი მამა დააკავეს, რომელმაც 18 თვის შვილი მანქანაში 3 საათით ჩაკეტა, სანამ თავად ბარში იმყოფებოდა
იხილეთ ასევე: