ავტორი:

მოსიარულე გვამის სინდრომი, ფეთქებადი თავის სინდრომი - იშვიათი დაავადებები, რომლებიც მოგონილს ჰგავს, თუმცა რეალურად არსებობს

მოსიარულე გვამის სინდრომი, ფეთქებადი თავის სინდრომი - იშვიათი დაავადებები, რომლებიც მოგონილს ჰგავს, თუმცა რეალურად არსებობს

მედიცინა საიდუმლოებებით არის სავსე. ზოგიერთი დაავადება იმდენად იშვიათია ან ისეთი უცნაური სახელი ჰქვია, რომ ქალაქურ ლეგენდას უფრო წააგავს. როგორია მაგალითად, როდესაც წყალზე ალერგია გაქვს, ან ხედავ, როგორ გემსგავსება კანი ხის ქერქს? ზოგიერთი ადამიანისთვის ეს ყოველდღიურობაა. მიუხედავად იმისა, რომ მათი სახელწოდებები ხშირად მითს ან ხუმრობას ჰგავს, ამ იშვიათი მდგომარეობების უკან რეალური მეცნიერება და საკმაოდ მძიმე შედეგები დგას.

ერთად გადავავლოთ თვალი იმ იშვიათი სამედიცინო შემთხვევებს, რომლებიც გვიჩვენებს, თუ რამდენად გასაოცარი და ხანდახან შემაძრწუნებელიც შეიძლება იყოს მედიცინის სამყარო.

  • ფეთქებადი თავის სინდრომი (EHS)

მიუხედავად ასეთი საგანგაშო სახელისა, ფეთქებადი თავის სინდრომი (Exploding head syndrome) სინამდვილეში საშიში არ არის. ჩაძინების ან გაღვიძების დროს ადამიანს უეცრად ძლიერი გრუხუნის, აფეთქების ან ტკაცუნის ხმა ესმის, მიუხედავად იმისა რომ ეს შეიძლება საშიში და დამაბნეველი იყოს, ექიმების თქმით, მდგომარეობა ორგანიზმს ფიზიკურ ზიანს არ აყენებს.

ექსპერტების აზრით, სინდრომი ტვინში მიმდინარე მცირე შეფერხებებით არის გამოწვეული, როდესაც ის ძილის რეჟიმიდან სიფხიზლეზე (ან პირიქით) გადადის.

ძილის საერთაშორისო ფონდი (The Sleep Foundation) აღნიშნავს, რომ ამ შემაშინებელი, მაგრამ უწყინარი ეპიზოდების პროვოცირებაში შესაძლოა სტრესი და გადაღლილობაც თამაშობდეს როლს.

  • ალისას სინდრომი საოცრებათა ქვეყნიდან

საკულტო ზღაპრის მიხედვით სახელწოდებულ დაავადების სინდრომს სამყაროს აღქმის დამახინჯებამდე მივყავართ, ადამიანები არასწორად აღიქვამენ გარემოს ან საკუთარ სხეულსაც კი. საგნები მათ შეიძლება ძალიან პატარა ან გიგანტური ეჩვენოთ, ხოლო საკუთარი კიდურები არაპროპორციული ზომისა და ფორმის.

სინდრომი ყველაზე ხშირად ბავშვებში გვხვდება და მას ძირითადად შაკიკს ან ვირუსულ ინფექციებს უკავშირებენ. ასეთი ეპიზოდები უცნაური და სიზმრისებურია, თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ ისინი, როგორც წესი, მალე გადის და ხანგრძლივ ზიანს არ ტოვებს.

  • უცხოური აქცენტის სინდრომი (FAS)

უცხოური აქცენტის სინდრომი (Foreign accent syndrome) ზუსტად ისეთივე უცნაურია, როგორც ჟღერს: ადამიანები მოულოდნელად იმ აქცენტით იწყებენ საუბარს, რომელიც არასდროს უსწავლიათ. როგორც წესი, ინსულტის ან ტვინის ტრავმის შედეგად გამოწვეული ეს იშვიათი მდგომარეობა იმდენად მკვეთრად ცვლის მეტყველების მანერას, რომ ადამიანს თითქოს ახალი იდენტობა უყალიბდება.

2010 წელს, რობინ ჯენკს ვანდერლიპი ერთ-ერთ კონფერენციაზე წაიქცა, თავი დაარტყა და მოულოდნელად ინგლისურად შვედური აქცენტით ამეტყველდა. მსგავსი შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით ბევრგან არის დაფიქსირებული. მკვლევრები, მათ შორის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი (NIH), დღემდე სწავლობენ ამ გამოცანებით მოცული სინდრომის მიზეზებს.

  • მოსიარულე გვამის სინდრომი (კოტარის სინდრომი)

მოსიარულე გვამის სინდრომი (Walking corpse syndrome), რომელსაც კოტიარდის ან კოტარის ბოდვასაც უწოდებენ, ადამიანს აჯერებს, რომ მას არ აქვს შინაგანი ორგანოები, საერთოდ არ არსებობს ან მკვდარია. ეს იშვიათი და უკიდურესი ფსიქიკური აშლილობა ხშირად ვლინდება მძიმე დეპრესიის დროს ან ნევროლოგიური დაავადებების შემდეგ.

კოტარის ბოდვის მქონე ადამიანებმა შესაძლოა შეწყვიტონ ჭამა ან საკუთარ თავზე ზრუნვა, რადგან ღრმად სწამთ, რომ ცოცხლები აღარ არიან. დოკუმენტირებული შემთხვევები აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერად შეუძლია ტვინს რეალობის აღქმის დამახინჯება.

  • გაქვავებული ადამიანის სინდრომი (FOP)

გაქვავებული ადამიანის სინდრომი, ანუ პროგრესირებადი ფიბროდისპლაზია ოციფიკაციით (FOP), უკიდურესად იშვიათი გენეტიკური დარღვევას წარმოადგენს. ამ დროს კუნთები, მყესები და იოგები თანდათანობით ძვლად იქცევა, რაც დროთა განმავლობაში სხეულს, პირდაპირი მნიშვნელობით, ერთ პოზაში ბლოკავს.

FOP თანდათან აუქმებს სახსრების მოძრაობას, რაც ხშირად მძიმე ინვალიდობის მიზეზი ხდება. დაავადება ამჟამად განუკურნებელია, თუმცა მკვლევრები აქტიურად მუშაობენ ისეთ მედიკამენტებზე, რომლებიც შეანელებს ან შეაჩერებს რბილი ქსოვილების ძვლოვან მასად გადაქცევის პროცესს.

  • მოცინარი სიკვდილი (კურუ)

დაავადება “კურუ“, რომელსაც მეტსახელად “მოცინარ სიკვდილსაც“ (Laughing death) უწოდებენ, ფატალური ტვინის აშლილობაა, რომელიც პაპუა-ახალი გვინეის ტომებში მძვინვარებდა. მისი სიმპტომებია უკონტროლო სიცილი, კანკალი და კოორდინაციის დაკარგვა, ვინაიდან დაავადება სწრაფად და შეუქცევადად აზიანებს ნერვულ სისტემას.

“კურუ“ რიტუალური კანიბალიზმით, კერძოდ, გარდაცვლილთა ტვინის ქსოვილის ჭამით ვრცელდებოდა და ის პრიონულ დაავადებებთან (როგორიცაა, მაგალითად, “საქონლის ცოფით დაავადება“) არის დაკავშირებული. საბედნიეროდ, მას შემდეგ, რაც ამ რიტუალების პრაქტიკა აღმოიფხვრა, დაავადება თითქმის გაქრა, რაც ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია კულტურულ ჩვევებს დაავადების გავრცელების განსაზღვრა.

  • უცხო ხელის სინდრომი (AHS)

უცხო ხელის სინდრომი იშვიათი ნევროლოგიური დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანი გრძნობს, რომ მისი ერთ-ერთი ხელი მისგან დამოუკიდებლად, ნებისყოფისა და კონტროლის გარეშე მოძრაობს. ეს მდგომარეობა ხშირად თავის ტვინზე ჩატარებული ოპერაციის, ინსულტის ან ტრავმის შემდეგ ვლინდება, როდესაც ტვინის კონკრეტული უბნები ზიანდება.

სინდრომის დროს დაზიანებული ხელი "საკუთარი ინიციატივით" მოქმედებს: იღებს ნივთებს, აფუჭებს უკვე გაკეთებულ საქმეს ან პაციენტის სურვილის საწინააღმდეგოდ მოძრაობს. კონკრეტული სამედიცინო შემთხვევების ანალიზი აჩვენებს, თუ რამდენად დამთრგუნველი და დამღლელია ამ იშვიათ დარღვევასთან გამკლავება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

წყარო

იხილეთ ასევე: