ავტორი:

მაშველებმა თემატურ პარკში ჩარჩენილი 30 ბელუგა ვეშაპი გადაარჩინეს - კანადის აკვაპარკი 2024 წელს დაიხურა, ისინი ამ დრომდე ზედამხედველობის გარეშე ცხოვრობდნენ

მაშველებმა თემატურ პარკში ჩარჩენილი 30 ბელუგა ვეშაპი გადაარჩინეს - კანადის აკვაპარკი 2024 წელს დაიხურა, ისინი ამ დრომდე ზედამხედველობის გარეშე ცხოვრობდნენ

კანადაში დახურულ თემატურ პარკ Marineland-ში ჩარჩენილი თითქმის 300 თეთრი ვეშაპი სპეციალური ოპერაციით აშშ-სა და ესპანეთის აკვარიუმებში გადაიყვანეს.

სამაშველო გეგმა მას შემდეგ ამოქმედდა, რაც გასულ კვირას აშშ-ის ეროვნული ოკეანისა და ატმოსფეროს ადმინისტრაციამ (NOAA) ვეშაპების გადაყვანაზე ნებართვა გასცა. ოპერაცია მიზნად ისახავს იმ ცხოველების გადარჩენას, რომლებიც 2024 წლიდან ონტარიოს პროვინციაში, ნიაგარას ჩანჩქერთან მდებარე დახურულ Marineland-ში იმყოფებოდნენ.

პარკმა საქმიანობა ორი წლის წინ, ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაწესებულებას ცხოველებისთვის სათანადო პირობებისა და მოვლის უზრუნველყოფა აღარ შეეძლო. კანადური მედიის ცნობით, ადმინისტრაცია გასულ წელს აცხადებდა, რომ თუ ვეშაპების სხვა დაწესებულებებში გადაყვანა ვერ მოხერხდებოდა, შესაძლოა მათი მოკვლა გამხდარიყო საჭირო.

  • კანადური პრესის ინფორმაციით, 2019 წლიდან Marineland-ში 20 ვეშაპი დაიღუპა.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული ამერიკული აკვარიუმების კონსორციუმის განცხადებით, ვეშაპების გადაყვანა რამდენიმე კვირას გასტანს და მთელი პროცესის განმავლობაში მათი უსაფრთხოება და კეთილდღეობა მთავარი პრიორიტეტი იქნება.

ამჟამინდელი გეგმის მიხედვით, 28 ვეშაპი აშშ-ის ოთხ აკრედიტებულ აკვარიუმში გადანაწილდება. მათ შორისაა ატლანტის Georgia Aquarium, ჩიკაგოს Shedd Aquarium და SeaWorld-ის პარკები სან-დიეგოსა და სან-ანტონიოში. კიდევ ორს კი ესპანეთში, ვალენსიის Oceanogràfic-ში გადაიყვანენ.

კანადის მეთევზეობისა და ოკეანეების მინისტრმა ჯოან ტომპსონმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება 2019 წელს მიღებულ კანონს, რომელიც ვეშაპებისა და დელფინების გასართობი შოუებისთვის ტყვეობაში ყოლასა და ამ მიზნით მათ გამოყენებას კრძალავს.

წყარო

იხილეთ ასევე: