რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. გორში, "ზებრა" გადასასვლელზე გადასვლისას, დედა-შვილს სწრაფად მოძრავი მანქანა დაეჯახა, ორივე დაიღუპა.
ირკვევა, რომ რევაზ ელიზბარაშვილი საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც ის კანონდარღვევით გადაადგილდებოდა. "ქართლის ამბების" ინფორმაციით, ბრალდებულს 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე. რევაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დაღუპული დედა-შვილის ახლობლების ინფორმაციით, "მანქანაში იყო მძღოლზე უგონოდ მთვრალი მისი ორი დეიდაშვილი" და ისინი მათ დაკავებასაც ითხოვენ. არსებული ინფორმაციით, ამ დროს ავტომობილში იყვნენ არასრულწლოვნებიც.
"მძღოლი, რომელმაც გორში დედა-შვილს სიცოცხლე მოუსპო, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში მარტო არ იმყოფებოდა - მასთან ერთად, წინასწარი ინფორმაციით, სულ მცირე ორი არასრულწლოვანიც იმყოფებოდა.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვაქვეყნებთ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ განვითარებული მოვლენების ამსახველ ვიდეოჩანაწერს. კადრებში ჩანს, რომ შეჯახების შემდეგ, ავარიის გამომწვევი ავტომობილის მარჯვენა მხრიდან არასრულწლოვანი გადმოდის და ავტომობილის მარცხენა მხარისკენ მიემართება.
თითქმის იმავე დროს კადრში ჩნდება შოკურ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, ხოლო რამდენიმე წამში ავტომობილის მარცხენა მხრიდან მეორე არასრულწლოვანიც გადმოდის. ორივე არასრულწლოვანი აღნიშნულ მამაკაცს მიჰყვება.მოგვიანებით, კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან სხვა პირებს, სავარაუდოდ სამართალდამცველებს, გაჰყავთ.
ვიდეოჩანაწერი არ ასახავს თავად შეჯახების მომენტს და მისი გამოქვეყნების მიზანი მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე გარემოებების ჩვენებაა. ვიდეოში გარკვეული მონაკვეთები განზრახ არის დაბლარული" - წერია "თრიალეთის" განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 13 ივლისს მოხდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მის 3 წლის გოგონას დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედაც და შვილი კლინიკაში გარდაიცვალნენ. დაკავებულ რევაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წაიკითხეთ ასევე: