ავტორი:

პნევმონია მხოლოდ ხანდაზმულების დაავადება არ არის - მთავარი სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

პნევმონია მხოლოდ ხანდაზმულების დაავადება არ არის - მთავარი სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

„იურული პარკის“ ვარსკვლავის, სემ ნილის, გარდაცვალების მიზეზად პნევმონია დასახელდა. მსახიობის აგენტის ინფორმაციით, 78 წლის ნილი გარდაცვალების დროს სისხლის კიბოსგან რემისიაში იყო და ონკოლოგიური დაავადება აღარ ჰქონდა, თუმცა მისი სიცოცხლე ფილტვების ინფექციამ იმსხვერპლა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ პნევმონია მხოლოდ ხანდაზმულთა დაავადება არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ ასაკოვანი ადამიანები, ჩვილები და დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირები არიან, დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს და მძიმე გართულებები გამოიწვიოს.

პნევმონია ფილტვების ინფექციაა, რომელიც ხელს უშლის ჟანგბადის ნორმალურ მიწოდებას ორგანიზმისთვის. ექიმები გამოყოფენ მის ორ ძირითად ფორმას – ვირუსულსა და ბაქტერიულს. ვირუსული პნევმონია, როგორც წესი, გრიპის, RSV-ის ან COVID-19-ის შემდეგ ვითარდება და უმეტეს შემთხვევაში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. ბაქტერიული პნევმონია კი უფრო მძიმეა და ხშირად ანტიბიოტიკებით მკურნალობას საჭიროებს.

  • ექსპერტების თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ხანგრძლივი ხველა, ქოშინი, მაღალი ტემპერატურა, გულმკერდის ტკივილი, სისუსტე, მადის დაკარგვა და ხიხინი. თუ ხველა ან გაციების სიმპტომები სამ კვირაზე მეტხანს გრძელდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ექიმები ხაზს უსვამენ, რომ პნევმონიის პრევენციის საუკეთესო საშუალებებია ვაქცინაცია – პნევმოკოკური, გრიპის, COVID-19-ისა და სხვა რესპირატორული ინფექციების საწინააღმდეგო აცრები, ასევე მოწევისთვის თავის დანებება, რაც დაავადების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

სპეციალისტების თქმით, დროული დიაგნოზი და მკურნალობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი პნევმონია უმეტეს შემთხვევაში წარმატებით იკურნება, ხოლო დაგვიანებულმა მკურნალობამ შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვიოს.

წყარო