სპეციალური პენიტენციური სამსახური მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტავს, რომ მას ინსულტი არ გადაუტანია.

უწყების ცნობით, პოლიტიკოსი კლინიკა "ვივამედში" დიაგნოზის დასმის მიზნით გადაიყვანეს და ჩატარებული კვლევების შედეგად, ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი გამოირიცხა.

  • პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და განმარტავს, რომ მსჯავრდებულს ინსულტი არ გადაუტანია.

მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას მიერ წარმოდგენილი ჩივილების შესაბამისად, იგი გადაყვანილ იქნა კლინიკა "ვივამედში" დიაგნოზის დასმის მიზნით, კლინიკაში ჩატარებული კვლევების შედეგად, ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი გამოირიცხა.

მიუხედავად მსჯავრდებულის მოთხოვნისა, რომ დაბრუნებულიყო პენიტენციურ დაწესებულებაში, იგი მოთავსებულ იქნა კლინიკაში შემდგომი დინამიკური დაკვირვების მიზნით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან" - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას კლინიკა "ვივამედში" გადაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ზოდელავამ "საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი", თუმცა კლინიკაში აცხადებენ, რომ "ინსულტზე საუბარი არ არის". "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სამედიცინო დაწესებულებაში თავბრუსხვევით სამი დღის წინ შეიყვანეს. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მას ჩატარებული აქვს ყველა საჭირო და აუცილებელი კვლევა.