საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და შოკისმომგვრელი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა. 43 წლის ემიგრანტმა ქალმა, ნატა ვიბლიანმა, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვების სერია გამოაქვეყნა, რომელშიც ბავშვობაში გადატანილ მრავალწლიან ჯოჯოხეთზე ღიად ისაუბრა.
სავარაუდო დანაშაულიდან თითქმის 35 წლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური გამოძიება დაიწყო. საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. კონფიდენციალური წყაროების ცნობით, სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს რამდენიმე პირი, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ ინფორმაციას აღნიშნული ტრაგედიის შესახებ.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარსგურიში ბოლო დღეებია, საგამოძიებო მოქმედებების ეპიცენტრია.
შსს ცდილობს დაადგინოს, ვინ არიან ის პირები, ვინც წლების განმავლობაში, სავარაუდოდ აუპატიურებდნენ ცხრა წლის გოგონას, რომელმაც უმძიმესს დანაშაულს ფარდა ემიგრაციიდან ახადა.
"ტვ პირველის" გადაცემა "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, უკვე გამოიკითხა 30 ადამიანი. გამომძიებლები შევიდნენ იმ სახლებიც კი, სადაც სავარაუდო დანაშაული ხდებოდა. გამოკითხული არის პედოფილიაში მხილებული კაცი, ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები.
ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი ახლა 59 წლისაა - თუ ნატა ვიბლიანს დავეყრდნობით, დანაშაული ჩხვიმიანმა 25 წლის ასაკში ჩაიდინა. ქალი "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ მას სამართალდამცავები უკვე დაუკავშირდნენ და კონკრეტულმა გამომძიებელმა უთხრა, რომ მის საქმეს ის წარუძღვებოდა.
წყარო "შაბათის ეთერს" მოუყვა, რომ პედოფილიაში მხილებული კაცი დანაშაულს არ აღიარებს.
ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ ჩხვიმიანი მას "იარაღს პირში" უდებდა და ცეცხლსასროლი იარაღს მის ძმას უმიზნებდა.
"ვერავისთან ვამბობდი, ბაჩუკი [ჩხვიმიანი] ჩემზე ძალადობდა - ხან პირში მქონდა იარაღი და ხან მას ჩემს ძმებს უმიზნებდა, რომ მე ხმა არ ამომეღო..." - ამბობს ის.
"9 წლიდან ბაჩუკი ჩხვიმიანის მხრიდან სისტემატური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. ბაჩუკი არ იყო უცხო ჩვენი სახლისთვის. როცა უნდოდა მოდიოდა და მიდიოდა. ბაჩუკის ძმა, ავთო ჩხვიმიანი ჩემი ნათლიაა, წინა მეზობლები ვიყავით.
პირველი ძალადობა მოხდა ბოსელში... ჩემს ჩემს სახლში აკეთებდა მაგას, ეს [სექსუალური ძალადობა] ხდებოდა მინდორში, თვითონ ბაჩუკის სახლში. მაგის ოთახი საწოლი პირდაპირ ჩვენს სახლს უყურებდა. სახლიდან რომ გამოვდიოდი, მყარაულობდა. თოფს ბავშვს უმიზნებდა - "მოდი, თორემ ნახე რას ვიზამ".
იმ სახლში ჩემი ნათლიის ცოლი ცხოვრობდა, მალხაზის ცოლი ცხოვრობდა. ნუთუ ვერავინ მიხვდა?! მე ახლა მივხვდები. გათხოვილი ქალები ვერ ხვდებოდნენ? - პატარა გოგოს რა უნდა მის ოთახში რატომ დადის?"- ჰყვება ნატა ვიბლიანი. ემიგრანტი ქალის თქმით, ის მინიმუმ 6 წელი ცხოვრობდა სექსუალური ძალადობის და მუქარის ქვეშ.
მისივე თქმით, კაცი მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუ მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა. ქალის მონაყოლის მიხედვით, ბაშიაჩუკ ჩხვიმიანმა ის ცხენზე გამოაბა და რამდენიმე მეტრი ათრია.
ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ სექსუალური ძალადობის შემდეგ, 14 წლის ასაკში დაორსულდა - საავადმყოფო, სადაც ბავშვმა იმშობიარა, ზუგდიდში აღარ არსებობს, ამიტომ ახლა რთულია არქივებში იმის დადგენა, რა ბედი ეწია ჩვილს: გააშვილეს თუ დაიღუპა.
"ბაჩუკიმ ჩემი ორსულობის პერიოდში სანახაობა მოაწყო. დაიწყო ზრუნვა იმაზე რომ ერთი საწყალი ბავშვი ბიჭი გამოიჭირეს მაგთი ნათესავი. იმ ბიჭს ააღებინეს თავზე, რომ ეს ბავშვი შენიაო. იარაღით დამემუქრა ბაჩუკი თუ ხმამაღლა იტყვი, დაგიხოცავ ყველასო. იმ ბიჭს არ ვიცი რა აიძულეს",- აცხადებს ნატა ვიბლიანი.
მშობიარობის შემდეგ ვიბლიანების ოჯახი, როგორც ნატა ჰყვება, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა. მათთან კონტაქტს ყველა ერიდებოდა. 2002 წელს ისინი სამუდამოდ გადასახლდნენ სვანეთიდან ზუგდიდში, თუმცა როგორც ნატას თქმით, სავარაუდო მოძალადისთვის, მანძილი დაბრკოლება არ ყოფილა. "შაბათის ეთერის" რესპოდენტის თქმით, მან ქალის დევნა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ზუგდიდში გადასვლის შემდეგაც გააგრძელა.
ნატა ვიბლიანმა შემზარავი ინტერვიუ "შაბათის ეთერს" ემიგრაციიდან მისცა. ის ახლა პოლონეთში ერთ-ერთ ოჯახში მზარეულად მუშაობს.
ამასთან, მსხვერპლი ამტკიცებს, რომ მასზე მხოლოდ ერთი სრულწლოვანი კაცი არ ძალადობდა. ქალი ასახელებს კიდევ სამი კაცს: მალხაზი ჩხვიმიანს, როდერი ჩხვიამიანს და ჯიმშერ ვიბლიანს.
ნატა ვიბლიანის მიერ დასახელებულ ყველა პირთან "შაბათის ეთერი" დაკავშირებას შეეცადა. არცერთი სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ერთადერთი ვინც კითხვებს უპასუხა ჯიმშერ ვიბლიანის შვილია. ის ადასტურებს, რომ მამა პოლიციამ უკვე დაკითხა, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს მამის კავშირს ძალადობასთან.
გავრცელებული ცნობით, ნატა ვიბლიანს ქართველი სამართალდამცავები სამშაბათს გამოკითხავენ.
მთავარი კითხვა, რომელიც ამ საქმის ირგვლივ ისმის, ხანდაზმულობის ვადას ეხება. აქვს თუ არა სამართლებრივი ბერკეტი სახელმწიფოს 3 ათწლეულის წინ ჩადენილი დანაშაულისთვის დასაჯოს ვინმე?
ორგანიზაცია "საფარის“ იურისტი, მარი ვარამაშვილი:
"2020 წლიდან შეიცვალა კანონი და არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა აღარ ეხებათ. თუკი 2020 წლისთვის არ იყო გასული კონკრეტული ხანდაზმულობის ვადა (თავდაპირველად 25 წელი და შემდგომ, 2018 წელს შეცვლილი კანონით -30 წელი), ეს ნიშნავს, რომ საქმე ძალაშია".
საქმეში უკვე ჩაერთო ადვოკატი მარიამ ბარსონიძე, რომელმაც შსს-ს ოფიციალურად მიმართა. მისი განცხადებით, პირველი რიგის ამოცანა ნატა ვიბლიანის დეტალური გამოკითხვა, მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაა.
ვიდეომიმართვებს ქართულ საზოგადოებაში ორგვარი რეაქცია მოჰყვა: მომხმარებელთა ნაწილი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქალს და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს, ნაწილი კი მას ყოფილი თანასოფლელების რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს და შეურაცხყოფას აყენებს.
"ქალთა მოძრაობამ“ სპეციალური განცხადებით მხარდაჭერა გამოუცხადა ნატა ვიბლიანს და აღნიშნა, რომ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ყველაზე დაფარული დანაშაულია, ხოლო "დუმილი არ ნიშნავს, რომ ძალადობა არ მომხდარა“. ორგანიზაცია მოუწოდებს სამართალდამცავებს, დაიცვან დაზარალებულის უსაფრთხოება და თავიდან აიცილონ მისი ხელახალი ტრავმირება.
უსაფრთხოების პრობლემა დღესაც მწვავედ დგას. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც სვანეთის ხუთი გვარი ამხილა, თავს საზღვარგარეთაც კი არ გრძნობს უსაფრთხოდ და შურისძიების შიშით სახლიდან გამოსვლასაც კი ერიდება.
ადვოკატ მარიამ ბარსონიძის თქმით, ეს საქმე სცილდება ერთი კონკრეტული შემთხვევის ფარგლებს: "ეს საქმე ბევრი იმ ქალის გზას გახსნის, რომლებიც წლებია დუმან. ჩვენი მიზანია, გამოიკვეთოს დამნაშავეთა წრე და თითოეული მათგანი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს“.
იხილეთ ასევე: