თელავში, სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მეგობარი ლუკა ლაშხი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
როგორც ლუკა ლაშხი წერს, მომხდარი ფაქტი სამწუხაროა, მაგრამ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს.
"გამარჯობა, გთხოვთ, გაავრცელოთ.
ნახავდით ვიდეოს. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს.
მათი შოვინისტური ბრალდება, თითქოს, ჩვენ მათ დავესხით რუსულად საუბრის გამო, არის დიდი სიცრუე. შოვინიზმს და რაშიზმს ადგილი არ ჰქონია, რადგან მათ გარდა, სხვა რუსულენოვანი სტუმრებიც იყვნენ ლოკაციაზე.
მაქსიმალურად მოვითმინეთ მათი საქციელი. ღვინოს და რაღაც სითხეებს გვასხავდნენ და გვეძახდნენ, პაპუასების ქვეყანა ხართო და თან იღებდნენ. მომღერალს აფურთხებდნენ.
იყვნენ არაადეკვატურად მთვრალები და პროვოკაციულები. მაქსიმალური მოწოდებების და სასტუმროს ადმინისტრაციის გაფრთხილების მიუხედავად, არ შეწყვიტეს ჩვენი ხალხის და ქვეყნის შეურაცხყოფა.
სიტუაცია მწვავდებოდა და ადმინისტრაცია ამბობდა, რომ დეესკალაციას მოახდენდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, სიტუაცია უფრო გამწვავდა. სამწუხაროდ, ამ დროს ჩვენი მეგობარი ავიდა მოსალაპარაკებლად და იმის სათქმელად, რომ ქორწილს გვიშლიდნენ და მათი საქციელი იყო შეუსაბამო. ამ გოგონამ მოსთხოვა, რომ ესაუბრა რუსულად და ჩემი მეგობრის პასუხი იყო, რომ საქართველოშია და ან ქართულად ან ინგლისურად დალაპარაკებოდნენ. ამ გოგომ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თავს დაესხა. ჩემმა მეგობარმა მრავალჯერ მოიგერია და სამწუხაროდ, აფექტის მდგომარეობაში მოხდა ის, რაც მოხდა.
ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, მაგრამ პროვოკაცია მოწყობილი იყო მათ მიერ. იმდენად მთვრალები იყვნენ, რომ განყოფილებაში იგინებოდნენ, ყვიროდნენ, დერეფანში წვებოდნენ და სიტუაციის ანალიზი ჰქონდათ 0.
ეს არ არის გამართლება. ეს არის სრული ისტორია" - წერს ლუკა ლაშხი.
გამოძიება მოწმეთა ჩვენებების მიხედვით აღნიშნავს, რომ თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე იხილეთ: