კახეთში მდებარე სასტუმრო კომპლექს „Agarani Estate“-ში მომხდარმა ინციდენტმა სოციალურ ქსელებსა და მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფ ტურისტებსა და ქორწილის სტუმრებს შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ერთი ქალი დაშავდა.
პოლიციამ თავდამსხმელი უკვე დააკავა, თუმცა მომხდარის მიზეზებზე მხარეები განსხვავებულ ვერსიებს ავრცელებენ. თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა „რუსული საუბრის“ გამო მოხდა, თუმცა მოგვიანებით საქმეში ახალი დეტალები და მოწმეთა ჩვენებები გაჩნდა. ვიდეოში ასახული მამაკაცის ძმა ამბობს, რომ ქალებმა ქორწილის სტუმრებს, მათ სუფრას და აპარატურას ორჯერ, განგებ გადაასხეს წყალი - ხმაურობენო...
შსს-სა და სასტუმროს ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიცია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავში მდებარე სასტუმროში ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილის სტუმრებს და აპარატურას წყალი გადაასხეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
სასტუმრო „Agarani Estate“-ის ადმინისტრაციამ ოფიციალურ განცხადებაში დაგმო ყოველგვარი ძალადობა, თუმცა აღნიშნა, რომ მომხდარი ცალკეული სტუმრების ქმედების შედეგია და არ ასახავს სასტუმროსა თუ მისი გუნდის ღირებულებებს.
დაზარალებული ალიონა ნესტერიუკის ვრცელი კომენტარი
მოგვიანებით, რუსეთში მცხოვრებმა მამუკა ფიფიამ გამოაქვეყნა გიორგი ჯაბიშვილისა და ზაზა დავითაიას ექსკლუზიური ვიდეოჩანაწერი, სადაც დაზარალებული ალიონა ნესტერიუკი დეტალურად ჰყვება თავის ვერსიას. გთავაზობთ მის კომენტარს სრულად და უცვლელად:
ალიონა ნესტერიუკი: „საქართველოში უკვე დაახლოებით მერვედ ვარ. ეს შორს არის პირველი შემთხვევისგან. აქამდეც ვიყავი, 5 წლის წინაც. მსგავსი პრობლემები არასდროს ყოფილა. ანუ, ჩემს მიმართ... პრინციპში, თავადაც არ ვარ პრობლემური ადამიანი. მაგრამ სიტუაცია, რომელიც მოხდა... სიმართლე გითხრათ, ეს ჩემს ცხოვრებაში საერთოდ პირველადაა. ვგულისხმობ ასეთ დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ, პირველ რიგში კი ჩემს მიმართაც.
მე არ მიმაჩნია, რომ ჩვენ რაიმე ფორმით პროვოკაცია მოვახდინეთ, ჩვენ არ გაგვიკეთებია ის რაღაცები, რაზეც ინტერნეტში წერენ. ანუ, ჩვენ იქ არაფერი გადაგვისხამს, ვედროთი წყალი არ დაგვიღვრია და ა.შ. ჩვენ ჩამოვედით მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად. ვიყავით ხუთი გოგო. მხოლოდ გოგოები, მამაკაცები არ გვყავდა. ამავდროულად, სხვა ადამიანები დღესასწაულს აღნიშნავდნენ, ქორწილს იხდიდნენ. ჩვენც აღვნიშნავდით მეგობრის დაბადების დღეს და, შესაბამისად, ნომერში დაახლოებით 8:11 ან 8:15 საათზე შევედით, ალბათ. გვქონდა შამპანურის ბოთლი, გავხსენით, შესაბამისად, შესაძლოა წვეთები მოხვდა, როგორც ისინი ამბობენ. პრინციპში, იქ სახურავიც გვქონდა და ჩვენი ადგილია აივანი. ჩვენ არსად გავდიოდით. ანუ, ჩვენ მხოლოდ ფანჯრიდან ვიყურებოდით. და ამიტომ, შეიძლება ორ მხარეს შორის რაღაც გაუგებრობა მოხდა.
შეიძლება იყო რაღაც სიტყვიერი პოლემიკა, მაგრამ ცალსახად, 100%-ით ჩვენი მხარე, ჩვენი გოგოები ვულგარულად არ მოქცეულან. მათ არ შეუგინიათ, არ უჩხუბიათ. მეორე მხარემ დაიწყო გინება პირველად. ეს ყველგან ჩანს, მათ ვიდეოებშიც კი. ჩვენი გოგოები ცუდად არ მოქცეულან, მე საერთოდ ოთახში ვიყავი, როდესაც ეს ამბავი მოხდა. უბრალოდ გოგოების დასაცავად დავდექი კართან, რადგან ის ოთახში შემოიჭრა. გოგოებმა კარი გააღეს, იფიქრეს, რომ მენეჯერი იყო, რადგან მენეჯერი ჩვენთან მანამდე უკვე შემოვიდა და ჩვენ ვთხოვეთ კონფლიქტის დარეგულირება. სხვათა შორის, ისიც ჩვენთან ოთახში იყო დაცვის თანამშრომელთან ერთად.
ვთხოვეთ, რადგან ეს სიტუაციაც მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენც სტუმრები ვართ. ჩვენც ამ ქვეყანაში სრული პატივისცემით ჩამოვედით. არა პირველად. და ჩვენც ვიცით, როგორ მოვიქცეთ აქ. მაგრამ მეორე მხარე ნამდვილად ძალიან აგრესიული იყო. ვიდეო არსებობს, ჩვენც გვაქვს მთელი ვიდეომასალა თავიდან ბოლომდე. ის იყო არაადეკვატური, ეს ჩემი აზრია, არაადეკვატური თვალები ჰქონდა. ჩვენ ყველას შეგვეშინდა, მე კი გოგოების დასაცავად დავდექი".
ჟურნალისტი: "როგორ ფიქრობთ, სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურმა ხომ არ შეუწყო ხელი იმას, რომ ის ნომერში აღმოჩნდა?"

ალიონა ნესტერიუკი: "მე არ ვთვლი, რომ მათ ხელი შეუწყვეს. უფრო მეტიც, მათ ძალიან დიდი შეცდომები დაუშვეს. გვითხრეს, „ნუ იხედებით ფანჯრიდან, არ გამოხვიდეთ“. რაც არ არის სწორი ჩვენს მიმართაც, რადგან ჩვენც სტუმრები ვართ. ჩვენც თანაბარ პირობებში მყოფი სტუმრები ვართ, ზუსტად ისევე, როგორც ის ადამიანები, რომლებიც ქორწილს აღნიშნავდნენ. ჩვენც აღვნიშნავდით დაბადების დღეს. შემდეგ კი... სასტუმრომ საერთოდ ვერ დაგვიცვა თავდასხმისგან. სასტუმროს საერთოდ არანაირი ბოდიში არ მოუხდია, არ უზრუნველყო ყველაფერი აუცილებელი კონფლიქტის მოსაგვარებლად. ეს ჩემი აზრია.
ჩემი პირველი გამოკითხვა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ჩემს ადვოკატს ველოდებოდი და პოლიციამ მხოლოდ ერთი დღე-ღამის შემდეგ დამკითხა, მომდევნო დღეს. პოლიციაში ჩემს მიმართ ცუდი არაფერი მიგრძნია. უფრო მეტიც, შეეცადნენ ნორმალურად, მშვიდად აეხსნათ, რა იყო საჭირო გასაკეთებლად, რა იქნებოდა შემდეგ. და მთხოვეს ვყოფილიყავი აბსოლუტურად გულწრფელი".
დაპირისპირება სოციალურ ქსელში
პარალელურად, ინციდენტის მონაწილე მეორე გოგონა, პოლინა კურტა, სოციალურ ქსელში წერს, რომ გამოძიების დასრულებამდე ისინი დეტალური კომენტარებისგან თავს იკავებენ. ის კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მათ ქორწილის სტუმრებს წყალი გადაასხეს. კურტას თქმით, მათ ხელთ აქვთ ტელეფონით ჩაწერილი მუქარისა და გინების ამსახველი მასალები, რომლებსაც საზოგადოებას გამოძიების დასრულების შემდეგ წარუდგენენ. "არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ აქვს გამართლება“, - აღნიშნავს ის თავის პოსტში.
წაიკითხეთ ასევე: