ევროპულმა გუნდმა ლიონელ მესის არგენტინა დამატებით დროში, ფერან ტორესის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით, 1:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
მსაჯის საბოლოო საყვირის ხმის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი მოედანზე გავიდა, მას ტრიბუნებიდან ხმამაღალი სტვენით და უკმაყოფილებით შეხვდნენ. რა დროსაც მას ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო შეუერთდა.
ტრამპმა და ინფანტინომ მსაჯებსა და ფეხბურთელებს სხვადასხვა ჯილდოები გადასცეს, რის შემდეგაც სცენაზე ესპანეთის ნაკრების მოთამაშეებს უხმეს თასის მისაღებად. აშშ-ის პრეზიდენტმა პრესტიჟული ტიტული ესპანელთა კაპიტანს, როდრის გადასცა, რომელმაც ის დიდი ზეიმით აღმართა.

გასული ზაფხულის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მსგავსად, ტრამპი ამჯერადაც ესპანეთის ნაკრების გვერდით დარჩა ბოლომდე - ფიფას პრეზიდენტის არაერთი მოწოდების მიუხედავად, გამარჯვების საზეიმო ცერემონიისას, მარტო დაეტოვებინა გუნდი, მან მოედანი არ დატოვა და საკმაოდ უხერხული მომენტი შეიქმნა.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს ინფანტინო ტრამპი გვერდზე გაიყვანოს, თუმცა პრეზიდენტი ადგილზე ჯიუტად რჩებოდა ადგილზე. ის გუნდის გვერდით იდგა, ტაშს უკრავდა და იღიმოდა, ინფანტინოს კი უხერხული ღიმილი ჰქონდა სახეზე.


საზაფხულო ტურნირის ფინალს სავარაუდოდ, 1.5-დან 1.8 მილიარდამდე მაყურებელი ადევნებდა თვალს.
ოფიციალურ დაჯილდოებამდე ტრამპმა ვერცხლის მედლები გადასცა არგენტინის ნაკრების მოთამაშეებს, მათ შორის ლიონელ მესის.
გულშემატკივრებმა შეამჩნიეს, რომ არგენტინის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა - “ტოტენჰემის“ მცველმა კრისტიან რომერომ, პრეზიდენტს საერთოდ არ მიაქცია ყურადღება.
ამასთან, ტრამპმა ესპანელ ვარსკვლავებს სამი ინდივიდუალური ჯილდო გადასცა: ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე (პაუ კუბარსი), “ოქროს ხელთათმანი“ (უნაი სიმონი) და “ოქროს ბურთი“ (როდრი).
მატჩის დროს აშშ-ის პრეზიდენტი და მისი მეუღლე მელანია MetLife Stadium-ის VIP-ლოჟაში იმყოფებოდნენ ფიფას პრეზიდენტ ინფანტინოსთან, კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან და მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შინბაუმთან ერთად.
მატჩის ბედი 106-ე წუთზე ფერან ტორესის მიერ ახლო მანძილიდან გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. თუმცა საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანზე არეულობა დაიწყო - გაბრაზებულმა არგენტინელმა ფეხბურთელებმა აგრესია ესპანელებზე გადაიტანეს.
მსაჯის სასტვენის შემდეგ არგენტინელი ნახევარმცველი ლეანდრო პარედესი ერიკ გარსიასთვის დარტყმისა და გავის მიწაზე დაცემის გამო გააძევეს. ნაუელ მოლინამ სირბილისას როდრის მუცელში ჩაარტყა, ინციდენტში ტიაგო ალმადაც მონაწილეობდა.
არგენტინას მთელ მატჩში მხოლოდ 2 დარტყმა ჰქონდა (პირველი 117-ე წუთზე), თუმცა 24-ჯერ დაჯარიმდა. უხეშობით არც ესპანელები ჩამოუვარდებოდნენ (21 ჯარიმა).
საფეხბურთო დრამის პარალელურად, გულშემატკივრები აქტიურად განიხილავენ ფიფას ისტორიაში პირველ შუალედურ Halftime შოუს, რომელშიც მადონა და ჯასტინ ბიბერი მონაწილეობდნენ.
ფუტურისტული სეგმენტი 67 წლის მადონამ დაიწყო, რომელმაც 2000 წლის ჰიტი Music ბრაზილიელ ლეგენდებთან - რონალდოსთან და რონალდინიოსთან ერთად შეასრულა. Saint Laurent-ის სამოსში გამოწყობილმა პოპ-დივამ ლეგენდებთან ერთად ფოტოები გადაიღო.
ამის შემდეგ მოედანზე 32 წლის ჯასტინ ბიბერი გამოვიდა გიტარით და შეასრულა სიმღერის Everything Hallelujah-ის სპეცვერსია. მომღერალი მოედანზე იუმორისტულად “შეცვალა“ მსახიობმა ჯეისონ სუდეიკისმა (ტედ ლასოს როლში).
შოუში ასევე მონაწილეობდნენ შაკირა და K-pop ჯგუფი BTS.
გარდა ამისა, დახურვის ცერემონიაზე მაყურებლის წინაშე წარდგნენ პოსტ მალონი, ტომ კრუზი, ნიკოლ შერზინგერი, IShowSpeed, ჯენიფერ ჰადსონი, რობი უილიამსი და ლაურა პაუზინი.
იხილეთ ასევე: