ვერაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებული ნიკა კაპანაძის დედის, დოდო ოდიშარიას განცხადებით, რამდენიმე წლის წინ შვილმა აგრესია მის მიმართაც გამოავლინა, მაშინ მან პოლიციას სთხოვა, იარაღები წაერთმიათ, რადგან მისი შვილი ფსიქიკურად კარგად არ იყო.
კაპანაძის დედის თქმით, შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ამის გამო ფსიქიატრიულ კლინიკაშიც მკურნალობდა.
“იარაღი გაფორმებული ჰქონდა. სანამ ფსიქიატრიული პრობლემები ექნებოდა, მანამდე ჰქონდა გაფორმებული. ეს მე პოლიციასაც ვუთხარი, იყო ისეთი შემთხვევა ჩემს მიმართაც დაიწყო ... ერთთვიანი შემაკავებელი დაუწერეს. კი არ შემხებია, სკამებს ამტვრევდა. მაშინ ვუთხარი პოლიციას, ეს ვერ არის კარგად და წაიღეთ ეს იარაღები-თქო. წაიღეს და უკან დააბრუნეს. ზუსტად ვერ გეტყვით 4-5 წლის წინ მოხდა. ისე სამი იარაღი აქვს, რომელიც გაფორმებული აქვს ძველი, ხმარებაში ახლა ერთი ჰქონდა.
იწვა კლინიკაში თემქაზე. ისე გავაჩერე აბა? წამალი გერმანიიდან ჩამოჰქონდათ, აქაური წამალი მაგისთვის არ მიმიცია. 800 ევროს ვიხდიდი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის კაცს მოკლავდა", - აცხადებს დოდო ოდიშარია “ტვ პირველთან“.
ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი - 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ამასთან, მას დედის, დოდო ოდიშარიას მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ამასთან, დედა კაპანაძის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს. რაც შეეხება მომხდარს, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა. "ალფა რომეოს" მარკის ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.
იხილეთ ასევე: