24 ივლისის ღამეს, დაახლოებით 00:10 საათზე, საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა, რამაც დანარჩენ ქვეყანასთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიც სრულ სიბნელეში დატოვა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შუქი ერთდროულად გაითიშა სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთასა და ტყვარჩელში, ოკუპირებულ რეგიონში ენერგომომარაგების სრულად აღდგენა კი მხოლოდ ღამის 04:00 საათისთვის გახდა შესაძლებელი.
უწყებამ მედიასაშუალებებს მოუწოდა, თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ცნობებისა თუ დეზინფორმაციის გავრცელებისგან და დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს. მათი განცხადებით, დაზუსტებული მიზეზების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების მთავარი წყაროები ენგურჰესი, ვარდნილჰესების კასკადი და რუსეთიდან განხორციელებული იმპორტია. ჯერ კიდევ 1997 წელს მიღწეული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე - რომელზეც ოფიციალურად ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს - ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 60% რჩება დანარჩენ საქართველოს, ხოლო 40% მიდის აფხაზეთში.
თუმცა, ოკუპირებულ რეგიონში არსებული ენერგოკრიზისისა და ჭარბი მოხმარების გამო, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, აფხაზეთის მიერ მოხმარებული წილი ამ 40%-იან კვოტას ხშირად საგრძნობლად აჭარბებს, რისი მიწოდებაც მათთვის მუდმივად უფასოდ ხორციელდება.
წაიკითხეთ ასევე: