ევროპაში სტიქია მძვინვარებს. საფრანგეთსა და ესპანეთში მასშტაბური ტყის ხანძრების გამო საცხოვრებელი სახლების დატოვება 300 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია. ძლიერი ქარი და რეკორდულად მაღალი ტემპერატურა მეხანძრეებს ცეცხლის ლოკალიზებაში ხელს უშლის, რის გამოც ვითარება კვლავ უმართავია.
ესპანეთში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხანძარს პირველი მსხვერპლი მოჰყვა. ვალენსიის რეგიონში, ქალაქ მანისესთან, მეხანძრეებმა ავტომობილში 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა აღიარა, რომ წინ “რთული დროებაა“.
წელს ესპანეთში უკვე 130 000 ჰექტარი მიწა დაიწვა, რაც ბოლო ათწლეულის საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. მადრიდის რეგიონის პრეზიდენტმა მომხდარს “რეგიონის ისტორიაში ყველაზე საშინელი ხანძარი“ უწოდა.

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, ჟირონდისა და ლანდის რეგიონებიდან 250 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ მან “საკუთარი ქარი და გრიგალები“ შექმნა, რაც მის ქრობას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.
ტურისტები, რომლებიც ბორდოს მახლობლად ისვენებდნენ, საზარელ კადრებს აღწერენ. ბრიტანელი მამაკაცი ყვება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის კერიდან 160 კილომეტრით დაშორდა, ხანძრის სუნი მაინც აღწევს. სხვა ტურისტების თქმით კი, ფერფლმა აუზები დაფარა და გარეთ გასვლისას ფეხები მაშინვე უშავდებათ.
“კვამლი ფილტვებს პირდაპირ ურტყამს“, - ამბობენ თვითმხილველები.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი დაიწყებს “აღდგენას“ და მთავრობა დაზარალებულების გვერდით მანამ იქნება, სანამ საჭირო გახდება. სტიქიის გამო ტურნე დე ფრანსის ფინალური ეტაპიც კი შემოკლდა, რათა უსაფრთხოების ძალები ხანძრის ზონებში გადასროლილიყვნენ.

ევროკავშირმა საფრანგეთისა და ესპანეთის დასახმარებლად სპეციალური ფლოტი აამოქმედა. ხორვატიამ, პორტუგალიამ, ჩეხეთმა და სლოვაკეთმა თვითმფრინავები და ვერტმფრენები გაგზავნეს, რუმინეთმა კი მეტყევე-მეხანძრეების ჯგუფი.
ევროკავშირის კრიზისების მართვის კომისარმა ჰადია ლაჰბიბმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ წელს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი “სევდიანი რეკორდი“ დამყარდება, რადგან ხანძრების სეზონი იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
იხილეთ ასევე: