ევროპაში სტიქია უკონტროლო ხდება. საფრანგეთსა და ესპანეთში მასშტაბური ტყის ხანძრების გამო საცხოვრებელი სახლების დატოვება უკვე 300 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, რომელიც ჟირონდას რეგიონში ჩავიდა, მომხდარს “მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმე და უპრეცედენტო ხანძარი“ უწოდა.

ვითარება განსაკუთრებით საგანგაშოა საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში. ცეცხლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერა ქალაქ ბორდოდან სულ რაღაც 15 კილომეტრშია. ქალაქის მერმა, თომას კაზენავმა განაცხადა, რომ ისინი “ყველანაირი სცენარისთვის“ ემზადებიან და მზად არიან მიიღონ დიდი რაოდენობით ხალხი, თუკი ახალი ევაკუაციის ბრძანება გაიცემა.
სამხრეთით მდებარე ქალაქ სესტასის მერი, ჟერომ სტეფე კი მომხდარს “საუკუნის ხანძარს“ უწოდებს. მისი თქმით, მხოლოდ ერთ ღამეში მისი ქალაქიდან 17 000 ადამიანის გაყვანა გახდა საჭირო. რეგიონში უკვე დაიწვა 42 000 ჰექტარი მიწა და განადგურდა 240 სახლი.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ხანძარს “საკუთარი სიცოცხლე აქვს“ და მისი მართვა უკიდურესად რთულია. ოფიციალური მონაცემებით, ხანძრების 90% ადამიანის მიერაა გამოწვეული, რაც ხშირად სიგარეტის ნამწვის ან გაუფრთხილებელი ბარბექიუს შედეგია.

მეზობელ ესპანეთში მეხუთე დღეა საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მადრიდის დასავლეთით ხანძარი უკონტროლოდ ვრცელდება და 27 000-ზე მეტი ჰექტარი უკვე მოიცვა. სატელიტურმა ფოტოებმა აჩვენა, თუ როგორ გაერთიანდა რამდენიმე მცირე კერა ერთ დიდ, დამანგრეველ ძალად. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ეს არის “ყველაზე საშინელი ხანძარი რეგიონის ისტორიაში“.
მეცნიერები მომხდარს კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ და აღნიშნავენ, რომ ევროპა ყველაზე სწრაფად გათბობადი კონტინენტია, რაც ზაფხულის პერიოდში ასეთი კატასტროფების რისკს ერთიორად ზრდის.
იხილეთ ასევე: