ავტორი:

კასპიის ზღვა: სამი ქვეყნის დაპირისპირების ახალი ადგილი - რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამ ადგილს

კასპიის ზღვა: სამი ქვეყნის დაპირისპირების ახალი ადგილი - რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამ ადგილს

კასპიის ზღვა, რომელიც წლების განმავლობაში რეგიონული ვაჭრობისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი იყო, ახლა ირანს, რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირების ახალ ფრონტად ყალიბდება. უკრაინის მიერ კასპიის ზღვაში განხორციელებულმა დრონების შეტევამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ამ სტრატეგიული მარშრუტის მნიშვნელობა როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა დრონებმა კასპიის ზღვაში ორი რუსული გემი დააზიანეს, რომლებიც, მისი თქმით, ირანიდან სამხედრო ტვირთის გადაზიდვაში მონაწილეობდნენ.

თავის მხრივ, ირანმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა მისი ერთ-ერთი კომერციული გემი - ინციდენტს ერთი მეზღვაური ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაეიმ განაცხადა, რომ „უკრაინის სახიფათო ქმედება უპასუხოდ არ დარჩება“. პარალელურად, თეირანში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

რატომ არის კასპიის ზღვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი?

კასპიის ზღვა ბოლო წლებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით დასავლეთის სანქციებისა და ირანის სამხრეთ საზღვაო მარშრუტებზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე.

ვენაში დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანია Eurasian Nexus Partners-ის მმართველი პარტნიორის, ბიჯან ხაჯეპურის შეფასებით, კასპიის ზღვა ირანს საშუალებას აძლევს, რუსეთთან, კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთთან ვაჭრობა უფრო აქტიურად განავითაროს.

ექსპერტის თქმით, ეს მარშრუტი ირანისთვის სამხრეთის საზღვაო გზების შემცვლელი არ არის, თუმცა ქვეყნის სავაჭრო შესაძლებლობების დივერსიფიკაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

კასპიის ზღვა ასევე ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ დერეფნად იქცა.

სწორედ ამ მარშრუტით მიიღო რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ირანული Shahed-ის ტიპის თავდასხმის დრონების პირველი პარტიები. მოგვიანებით მათი მოდიფიცირებული ვერსიების წარმოება უკვე რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყო.

გარდა ამისა, დასავლეთის სადაზვერვო მონაცემებით, კასპიის ზღვის გავლით რუსეთში ირანული ბალისტიკური რაკეტების კომპონენტებიც გადაიზიდა. აშშ-ის ხელისუფლება აცხადებდა, რომ მოსკოვმა ირანიდან Fatah-360 ტიპის ახლო მოქმედების ბალისტიკური რაკეტებიც მიიღო, რომლებიც, მათი შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ უნდა გამოეყენებინათ.

ბოლო მოვლენები აჩვენებს, რომ კასპიის ზღვა, რომელიც წლების განმავლობაში ძირითადად სავაჭრო და ენერგეტიკულ მარშრუტად მიიჩნეოდა, დღეს უკვე რუსეთის, ირანისა და უკრაინის დაპირისპირების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სივრცედ ყალიბდება.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: