ავტორი:

მილიონერების “გზატკეცილი ჯოჯოხეთისკენ“ - ასობით ვილა ნამწვავებად იქცა: ფოტოები საფრანგეთის “ჰემპტონიდან“, სადაც ძველებური დიდებისგან არაფერი დარჩა

მილიონერების “გზატკეცილი ჯოჯოხეთისკენ“ - ასობით ვილა ნამწვავებად იქცა: ფოტოები საფრანგეთის “ჰემპტონიდან“, სადაც ძველებური დიდებისგან არაფერი დარჩა

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ბორდოსთან ახლოს, მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს. სტიქიამ ათასობით ჰექტარი ტყე გაანადგურა, ასობით ადამიანი აიძულა სახლების დატოვება და საცხოვრებელი ტერიტორიები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

ხანძრის ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ ზონად კაპ ფერეს ნახევარკუნძულისა და ბორდოს დამაკავშირებელი D106 გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორია იქცა. გზის გასწვრივ დამწვარი მანქანები, განადგურებული სახლები და გაშავებული ტყის ნარჩენები ჩანს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლმა უკვე დაახლოებით 40 ათასი ჰექტარი მიწა გადაწვა, ხოლო 260 ათასზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.

სტიქიის შედეგად მთლიანად განადგურდა 240-ზე მეტი შენობა. მათ შორის არის საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ძირითადად დასასვენებელ ვილებად გამოიყენებოდა. დაზარალებულ რეგიონს ხშირად ადარებენ საფრანგეთის „ჰემპტონს“ - მდიდრულ საკურორტო ზონას, სადაც ბევრი შეძლებული ფრანგი ცხოვრობს.

ხანძარი 12 ივლისს კაპ ფერეს ტყეებში დაიწყო და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა ბორდოს მიმართულებით. საფრანგეთის ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურა ცეცხლის კონტროლს კიდევ უფრო გაართულებს.

ადგილზე მეხანძრეების ათასობით თანამშრომელი მუშაობს. ცეცხლის ჩაქრობაში ჩართულია სპეციალური ავიაცია, მათ შორის სამხედრო თვითმფრინავებიც, რომლებიც ხანძრის კერებზე წყალსა და ცეცხლგამძლე ნივთიერებებს ასხამენ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნესმა განაცხადა, რომ მეხანძრეები “უპრეცედენტო“ სიტუაციას ებრძვიან, რადგან ხანძარი არასტაბილურად ვრცელდება და მისი კონტროლი რთულია.

საფრანგეთის გარდა, ძლიერი ტყის ხანძრები ესპანეთსა და პორტუგალიაშიც ფიქსირდება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხანგრძლივი სიცხე, სიმშრალე და ძლიერი ქარი რეგიონში ხანძრების გავრცელების მთავარ მიზეზებად რჩება.

წყარო

იხილეთ ასევე: