ჯორჯ და ამალ კლუნებმა საფრანგეთში მდებარე სახლი ტყის ხანძრის გამო დატოვეს: „არ ვიცით, გადარჩება თუ არა ჩვენი ულამაზესი სახლი“
ჰოლივუდის მსახიობს, ჯორჯ კლუნისა და მის მეუღლეს, ამალ კლუნის, სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში მდებარე საცხოვრებლის დატოვება ტყის ხანძრის გამო მოუწიათ. ინფორმაცია მსახიობის აგენტმა Associated Press-ს ხუთშაბათს დაუდასტურა.

ბრინიოლის მერის, დიდიე ბრემონისადმი მიწერილ წერილში ჯორჯ კლუნი წერს:
"ამ ეტაპზე წარმოდგენაც არ გვაქვს, გადაურჩება თუ არა ჩვენი ულამაზესი სახლი ამ საშინელებას, მაშინ როცა ბრინიოლის დატოვება გვიწევს. თუმცა ორი რამის თქმა მინდა.პირველ რიგში, იმედი გვაქვს, რომ თქვენ და ჩვენი ქალაქის მოსახლეობა უსაფრთხოდ ხართ. მეორე კი ისაა, რომ მე და ამალს მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რაც უნდა მოხდეს, ჩვენს სოფელში, ამ საზოგადოების ნაწილად დავრჩეთ და მის აღდგენაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.
ჩვენ გვიყვარს ბრინიოლი და იქ მცხოვრები ჩვენი მეგობრები.“
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბრინიოლის მახლობლად ხანძარი ოთხშაბათს დღის მეორე ნახევარში გაჩნდა და დაახლოებით 130 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. ევაკუაცია 600-მდე მოსახლეს შეეხო.