ესპანეთის ჩრდილოაფრიკულ ანკლავ სეუტაში განვითარებულმა მოვლენებმა ევროპა პოლიტიკური კრიზისის წინაშე დააყენა. მასშტაბურმა მიგრაციულმა ტალღამ, რომლის დროსაც ტერიტორიაზე ათიათასობით ადამიანი შევიდა, არა მხოლოდ ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, არამედ წამყვან ევროპულ სახელმწიფოებს შორის სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ მიგრანტთა უმრავლესობა უკვე დაბრუნდა მაროკოში, სტიქიამ შემზარავი კვალი დატოვა. ზღვიდან, სადაც მიტოვებული გასაბერი რგოლები და ფარფლები ტივტივებდა, მაშველებმა 67 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო დღეების განმავლობაში სეუტაში მაროკოდან სულ მცირე 60 000 მიგრანტი შევიდა.

კრიზისმა მყისიერად გადაინაცვლა პოლიტიკურ სიბრტყეში. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, მომხდარი “უსაფრთხოების საფრთხედ“ შეაფასა და ესპანეთთან შენგენის შეთანხმება შეაჩერა, რაც ხალხის თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს.
მადრიდი “ცეცხლისა და ნავთის“ პირისპირ აღმოჩნდა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი განრისხებულია და ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას, განსაკუთრებით კი იტალიას, კრიზისის დროს მხარდაჭერის ნაცვლად “პოლიტიკური თამაშებით“ შეტევაში ადანაშაულებს. მადრიდში მიიჩნევენ, რომ იტალიის ქმედებები მხოლოდ მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნების წინ ამომრჩეველთა ხმების მოზიდვას ემსახურება.

გამოძიება ცდილობს დაადგინოს, რა გახდა ასეთი მოულოდნელი და მასშტაბური მოზღვავების მიზეზი. ირკვევა, რომ მთავარი როლი სოციალურმა ქსელებმა ითამაშა. მიგრანტებმა ჟურნალისტებს აჩვენეს პოსტები, სადაც ადამიანები ყვიროდნენ, რომ “ესპანეთი ღიაა“ და ყველას მოუწოდებდნენ ზღვაში გადამხტარიყვნენ.
სანჩესი ამტკიცებს, რომ კონტრაბანდისტებმა ბოროტად გამოიყენეს ესპანეთის უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ზღვით შემოსული ადამიანების დაუყოვნებლივ გაძევება დაუშვებელია. ეს მესიჯი სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და ათასობით ახალგაზრდას ცრუ იმედი გაუჩინა.

მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელმაც სეუტაში განვითარებულ მოვლენებს “კატასტროფა“ და “ინვაზია“ უწოდა. ექსპერტების თქმით, ევროპაში შექმნილი ქაოსითა და განხეთქილებით კმაყოფილია რუსეთიც, რადგან ეს უკრაინის მოკავშირეებს ასუსტებს.
ამჟამად ესპანეთი სეუტას საზღვრის გამაგრებით არის დაკავებული: ზღვაში დამატებითი ღობეები და ნარინჯისფერი ტივტივები მონტაჟდება, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედია თავიდან აიცილონ.
იხილეთ ასევე: