გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ოჯახის ახლობელი, ლუკას ნავროზაშვილი სოციალურ ქსელში ეკა კუპატაძესთან მიმოწერას ასაჯაროებს და წერს:
"არასდროს მიფიქრია პირადი მიმოწერის გასაჯაროება. მაგრამ როდესაც ჩემი პირადი წერილები თავად ქალბატონმა ეკამ გაასაჯაროვა — ოღონდ არა სრული სახით, არამედ ჩვენი ოჯახის „მანიპულაციის“ მტკიცებულებად — დუმილი არ შეიძლება. როდესაც გულიდან წამოსული, სრულიად გულწრფელი ემოციაც კი, რომელიც არაფერზე ყოფილა გათვლილი, გარდა მისდამი ადამიანური თანაგრძნობისა, რომელიც არ დამიწერია იმისთვის, რომ ოდესმე ვინმეს საჯაროდ ენახა — დღეს ნიასა და ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ გამოიყენება; და ამავდროულად საჯაროდ გვესმის, თითქოს ერთი „ვწუხვარ“-ც კი არავის გვითქვამს, მაშინ ადამიანებმა თავად ნახონ, რეალურად რა მივწერე ქალბატონ ეკას ჯერ კიდევ იანვარში.
მე საქართველოში ბავშვობიდან აღარ ვცხოვრობ და იმ მომენტში წარმოდგენაც კი არ მქონდა, რა მოქმედებები მიმდინარეობდა ნიას სახლში. ჩემი სიტყვები იყო ერთი ადამიანის გულწრფელი თანაგრძნობა მეორე ადამიანის წარმოუდგენელი ტკივილის მიმართ — და მეტი არაფერი. მე მივწერე: „ძალიან მეცოდებით , გული მეგლიჯება, რა გავაკეთო, რა შემიძლია, ნეტავ შემეძლოს რამე.“ და მის ქვეშ: „გამლანძღეთ თუ გინდათ, ყველაფერი დამიძახეთ, ყველაფერს გაპატიებთ, უბრალოდ ნუ მაიძულებთ, რომ ნია მკვლელად აღვიქვა. არავინ გებრძვით თქვენ.“ მაგრამ რატომღაც, როდესაც ჩემი პირადი მიმოწერა საზოგადოებას წარუდგინეს, სწორედ ეს მეორე შეტყობინება იქნა ამოჭრილი.სწორედ ის სიტყვები გაქრა, რომლებიც ჯერ კიდევ იანვარში დავწერე: „არავინ გებრძვით თქვენ.“
ორივე სქრინშოთს ვდებ და ადამიანებმა თავად შეადარონ სრული მიმოწერა საჯაროდ გავრცელებულ ვერსიას — და დასკვნებიც თავად გამოიტანონ. ნია თვეების განმავლობაში საზოგადოებას წარუდგინეს როგორც "მკვლელი“, „დამკვეთი“, „ორგანიზატორი“. ფეხქვეშ გაითელა 16 წლის ბავშვის აბსოლუტურად ყველა უფლება და უმძიმესი, ათთვიანი საზოგადოებრივი კამპანიის შედეგად მის მიმართ წარმოუდგენელი სიძულვილი შეიქმნა.
ამ ყველაფრის შემდეგ კი ახლა თითქოს მთელი ოჯახი „მანიპულატორები“ ვართ. როდესაც ჩემი სრულიად გულწრფელი ემოციაც კი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენება, ამოჭრილი ვერსით. გიგას სიცოცხლე ფასდაუდებელი იყო. მისი სიკვდილი უდიდესი ტრაგედიაა და მისი ოჯახის ტკივილს ვერაფერი გააქრობს. არ ყოფილა დღე, გიგაზე არ მეფიქროს. როგორც პირველივე დღიდან გულწრფელად ვუთანაგრძნობდი ქალბატონ ეკას, ასევე თანავუგრძნობ დღესაც.
მაგრამ ნია იმნაძის სიცოცხლეც ფასდაუდებელია — ისევე, როგორც ყველა ადამიანის. ჩვენ არაფერს ვითხოვთ სიმართლის გარდა. არც იმას ვითხოვთ, რომ ვინმემ ბრმად დაიჯეროს რაიმე. სწორედ პირიქით: ნუ დაუჯერებთ ბრმად ნურავის. ნახეთ ყველაფერი საკუთარი თვალით და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანეთ დასკვნები.საზოგადოებას არ ეკუთვნის არც ჩვენი სასურველი სიმართლე და არც სხვისი სასურველი სიმართლე. რადგან სიმართლე არც ერთი ოჯახის საკუთრება არ არის. საზოგადოებას ეკუთვნის მხოლოდ მიუკერძოებელი და ჭეშმარიტი სიმართლე" - წერს ნავროზაშვილი.
ცნობისთვის, გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს, ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების თანახმად, ნია იმნაძემ მის მეგობრებს - ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც 23 დღის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 7 პირი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულები არიან.
წაიკითხეთ ასევე: