12 წლის წინ, ლომისობის დღესასწაულზე გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის საქმეზე საზოგადოების ინტერესი დიდია. "TV პირველთან" ინტერვიუში ერთ-ერთმა მოწმემ, ანი გელაშვილმა იმ დღის დეტალები გაიხსენა, რასაც დაკარგულის დედა, სოფო ბიბილაშვილი გამოეხმაურა.
"უბრალოდ ახლა რას მირევენ გზა-კვალს და რა უნდათ ჩემგან, არ ვიცი. არ უნდათ, რომ ბოლომდე მივიდეს ეს საქმე და არ უნდათ, რომ გამოაშკარავდეს, რა მოხდა.
კაი, ცოცხალია, ვიპოვეთ და ბავშვმა სიმართლე აღიარა... თუნდაც გონებაზე არ არის - ათასი რამე არსებობს და მოვა გონებაზე, წამალია თუ რამე და მოვა გონებაზე და იტყვის, რა მოუვიდა. მერე? მერე სად უნდა წავიდნენ?!“, - ამბობს სოფო ბიბილაშვილი.
ანი გელაშვილი, რომელიც კახა გელაშვილის შვილი და გური დადიანიძის მეგობარია, აცხადებს, რომ მისი გონება ვერასდროს დაუშვებს გურამის გარდაცვალებას და სჯერა, რომ ის ცოცხალია. მისი თქმით, ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, სადაც ისმის ხმა "კახა, არ მიმატოვო“, გურიკას არ ეკუთვნის:
"დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის გურიკას ხმა. დედა არის ძალიან ტრავმირებული და ეძებს შვილს ყველა ადამიანში, ყველა ხმა შეიძლება მიამსგავსოს. ჩემთვის ვიდეოს ავთენტურობაზე მეტად მნიშვნელოვანია ხმის ავთენტურობა. ვიდეო შეიძლება იყოს რეალური და დაუმონტაჟებელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასში გურიკას ხმა ისმის. ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს", - ამბობს ანი გელაშვილი.
მან გურამ დადიანიძის გაუჩინარების ბოლო წუთებიც გაიხსენა.
მისი თქმით, დადიანიძე ბოლოს მათმა მეგობარმა თინიმ ნახა. ბიჭმა მას სთხოვა, წინ წასულიყო და მალე დაეწეოდა. როდესაც გური 5 წუთში არ გამოჩნდა, მის საძებნელად ანა გელაშვილის მამა, კახა გელაშვილი დაბრუნდა, თუმცა ის მარტო ჩამოვიდა. მისი განმარტებით, ქვემო მლეთაში სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები იქვე, 3-4 მეტრში იყვნენ მობილიზებულნი და მათ პირადად, გურამ დადიანიძის გაუჩინარებიდან 10 წუთში შეატყობინეს და სწორედ ამიტომ არ დარეკეს 112-ში. ის ასევე გამორიცხავს იმ ადგილას მეწყრის ჩამოწოლას. ასევე მცდარს უწოდებს ცნობას, თითქოს იმ ღამეს თბილისში წამოვიდნენ, ტანსაცმელი გამოიცვალეს და უკან დაბრუნდნენ. მისი თქმით, ადგილობრივებთან, პოლიციასთან და მაშველებთან ერთად მთელი ღამე ადგილზე რჩებოდნენ.