რუსეთის ალთაის მხარეში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 29 წლის ნოვოსიბირსკელი სნეჟანა კოროლიოვა, რომელიც საგანგებო სიტუაციების სამსახურში მუშაობდა, დასასვენებლად ალთაიზე იმყოფებოდა, სადაც მას დათვი დაესხა თავს. ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სულ რამდენიმე საათით ადრე საქმრომ ხელი სთხოვა, ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა.
ტრაგედია სოფელ არტიბაშთან ახლოს მდებარე ტურისტულ ბაზაზე მოხდა. თავდასხმის დროს სნეჟანას საქმრო ადგილზე იმყოფებოდა.
რუსულ მედიასთან საუბრისას გარდაცვლილის დედამ განაცხადა, რომ ქალიშვილის საქმრო დათვთან შეხვედრისას შეშინდა და გაიქცა.
"მას ერთი ნაკაწრიც კი არ აქვს. არ ვიცი... როგორც ამბობს, გაიქცა და ამით თითქოს მტაცებლის ყურადღების გადატანა სცადა, შემდეგ კი დახმარებას ითხოვდა. სნეჟანა ყვიროდა, ის კი დახმარებას ეძახდა, მაგრამ ვერავინ გაიგონა“, - განაცხადა ქალის დედამ.
მისი თქმით, ადგილზე მოგვიანებით მონადირეებიც მივიდნენ, თუმცა სნეჟანას გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო.
გარდაცვლილის ოჯახი ასევე კითხულობს, რატომ არ იყო ტურისტულ ბაზაზე სათანადო დაცვა, მაშინ როცა, მათი თქმით, რეგიონში დათვების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არსებობდა.
"თუ ასეთი საშიში სიტუაცია იყო, რატომ არ იყვნენ იქ მცველები? იარაღით მაინც შეძლებდნენ ცხოველის დაფრთხობას“, - ამბობს სნეჟანას დედა.
სნეჟანას მამა კიდევ უფრო მძიმე ბრალდებას უყენებს ქალიშვილის საქმროს. მისი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცმა ღამის გასათევად უსაფრთხო სახლი არ იქირავა და თავდასხმის დროს ქალიშვილის დასახმარებლად არაფერი გააკეთა.
"საქმროს შეეშინდა და გაიქცა. ჩემი ქალიშვილის დახმარება არ სცადა. თვითონ კი ერთი ნაკაწრიც არ აქვს. საავადმყოფოშიც არ მოხვედრილა. ახლა ისევ ალთაიზეა - ჩვენი მანქანა და სნეჟანას ნივთები მასთანაა“, - ამბობს გარდაცვლილის მამა.

ოჯახის განცხადებები საქმროს ქცევასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს, თუმცა მომხდარის სრული სურათი მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
ტრაგედიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დეტალი ის არის, რომ სნეჟანას საქმრომ ხელი სწორედ იმ დღეს სთხოვა.
29 წლის ქალი, რომელიც ნოვოსიბირსკში საგანგებო სიტუაციების სამსახურში მუშაობდა, ალთაიზე დასასვენებლად იყო ჩასული. წყვილი მომავალზე გეგმებს აწყობდა, თუმცა რამდენიმე საათში მათი მოგზაურობა ტრაგედიით დასრულდა.
სნეჟანას 21 აგვისტოს ნოვოსიბირსკში დაკრძალავენ.
ტრაგედიის შემდეგ რეგიონში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ბოლო დღეებში დათვები დასახლებულ პუნქტებთან განსაკუთრებით ხშირად ჩნდებიან.
ტუროჩაკის რაიონში, ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მონადირეებმა ხუთი დათვი მოკლეს. ასევე გაიცა დამატებითი ლიცენზიები მტაცებლების რაოდენობის რეგულირებისთვის.
ზოგიერთ დასახლებაში ღამის საათებში გადაადგილებაც შეიზღუდა. მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი - 20:00-დან 10:00 საათამდე მოსახლეობასა და ტურისტებს საცხოვრებლების დატოვება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ.
ტერიტორიაზე ღამით პოლიციისა და მონადირეებისგან შემდგარი მობილური ჯგუფები პატრულირებენ.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობასა და ტურისტებს აფრთხილებს, რომ ტყესთან და დასახლებების მიმდებარე ტერიტორიებთან განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
წაიკითხეთ ასევე: