ავტორი:

განაჩენი 15 წლის შემდეგ - იაპონიაში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელმაც სათამაშო დარბაზში ხანძარი განგებ გააჩინა და 5 ადამიანი ცოცხლად დაწვა

განაჩენი 15 წლის შემდეგ - იაპონიაში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელმაც სათამაშო დარბაზში ხანძარი განგებ გააჩინა და 5 ადამიანი ცოცხლად დაწვა

იაპონიაში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელმაც 2009 წელს სათამაშო დარბაზში ხანძარი განგებ გააჩინა და 5 ადამიანი ცოცხლად დაწვა. ეს ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სიკვდილით დასჯის განაჩენის აღსრულების პირველი შემთხვევაა.

  • სიკვდილით დასჯილი 58 წლის სუნაო ტაკამია. გამოძიების თანახმად, მან ოსაკაში, საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე სათამაშო დარბაზ “პაჩინკოს“ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ტრაგედიის შედეგად ოთხი მომხმარებელი და ერთი თანამშრომელი დაიღუპა.

2011 წელს ექვსი წევრისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ და სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ტაკამი დანაშაულის ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული იყო, და მას ჩამოხრჩობით სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

“ჩვენ განაჩენის აღსრულების ბრძანება ფრთხილი და საფუძვლიანი განხილვის შემდეგ გავეცით“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ჰიროში ჰირაგუჩიმ. ეს არის პირველი სიკვდილით დასჯა, რომელიც ქვეყანაში ახალი, ტაკაიჩის ადმინისტრაციის დროს განხორციელდა.

  • სიკვდილით დასჯის პრაქტიკა იაპონიაში და საერთაშორისო კრიტიკა

იაპონია და ამერიკის შეერთებული შტატები G7-ის (დიდი შვიდეულის) ერთადერთი ქვეყნებია, სადაც სიკვდილით დასჯა კვლავ გამოიყენება. ამასთან, იაპონიაში სიკვდილმისჯილ პატიმრებს განაჩენის აღსრულების შესახებ, როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე ატყობინებენ.

მიუხედავად იმისა, რომ სოციოლოგიური გამოკითხვები იაპონიაში სიკვდილით დასჯის მიმართ საზოგადოების მხრიდან ძლიერ მხარდაჭერაზე მიუთითებს, უფლებადამცველი ჯგუფები ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ. ისინი მიუთითებენ სიკვდილმისჯილების ხანგრძლივი დროით სამარტოო საკნებში ყოლის პრაქტიკაზე და გამჭვირვალობის ნაკლებობაზე იმასთან დაკავშირებით, თუ როდის სრულდება განაჩენები.

  • “Twitter-ის მკვლელი“ - წინა ხმაურიანი შემთხვევა

გასული წლის ივნისში იაპონიაში სიკვდილით დასაჯეს ტაკაჰირო შირაიში, რომელიც საზოგადოებისთვის “Twitter-ის მკვლელის“ სახელით იყო ცნობილი.

მან 2017 წელს ცხრა ადამიანი მოკლა და დაანაწევრა. შირაიშის საშინელი მკვლელობები 2017 წლის ოქტომბერში გამოაშკარავდა, როდესაც პოლიციამ, ერთ-ერთი მსხვერპლის ძებნისას, ტოკიოს მახლობლად, ქალაქ ზამაში ცხედრის ნაწილები აღმოაჩინა.

წყარო

იხილეთ ასევე: