ავტორი:

მეგან მარკლი შესაძლოა სამსახიობო კარიერას დაუბრუნდეს? - რა დგას “ამერიკული ოცნების“ დასასრულისა და ბრიტანეთში მოულოდნელი დაბრუნების მიღმა

მეგან მარკლი შესაძლოა სამსახიობო კარიერას დაუბრუნდეს? - რა დგას “ამერიკული ოცნების“ დასასრულისა და ბრიტანეთში მოულოდნელი დაბრუნების მიღმა

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი, შესაძლოა, დიდ ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ სამსახიობო კარიერას დაუბრუნდეს. წყაროები, რომლებიც სამეფო წყვილის ახლობლები არიან, არ უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მეგანმა ახალი როლზე შეთავაზება უკვე მიიღო.

ავსტრალიური გამოცემა news.com.au პირველი იყო, რომელმაც გაავრცელა ცნობა, რომ ჰარისა და მეგანის ბრიტანეთში დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ჰერცოგინიასთვის შეთავაზებული ახალი კინოპროექტია.

ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, კონკრეტულად რა როლზე ან პროექტზეა საუბარი. თუმცა ცნობილია, რომ სასექსები ბრიტანეთში აგვისტოს ბოლომდე დაბრუნდებიან, რადგან მათმა შვილებმა: 7 წლის პრინცმა არჩიმ და 5 წლის პრინცესა ლილიბეტმა, სექტემბრიდან სწავლა ადგილობრივ სკოლაში უნდა დაიწყონ.

როგორც ცნობილია, მეგანი ყველაზე მეტად პოპულარული ამერიკული იურიდიული დრამით, “Suits“ არის ცნობილი, სადაც ის 7 სეზონის განმავლობაში იურისტ რეიჩელ ზეინის როლს თამაშობდა. მისი მონაწილეობით ბოლო ეპიზოდი ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა. პრინც ჰარიზე ქორწინების შემდეგ მეგანმა სამსახიობო კარიერა შეაჩერა და მაშინ BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კარიერის დატოვებას არა დანაკარგად, არამედ “ახალ ფურცლად“ მიიჩნევდა.

ცოტა ხნის წინ მეგანი თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდა ეკრანზე - მან საკუთარი თავი ითამაშა მომავალ კომედიაში “Close Personal Friends“, სადაც მთავარ როლებს ლილი კოლინზი და ბრი ლარსონი ასრულებენ.

კარიერაში დაბრუნება ჰერცოგინიასთვის საკმაოდ სარფიანი შეიძლება აღმოჩნდეს. გარდა ამისა, ის იმედოვნებს, რომ ბრიტანეთში ყოფნისას თავისი კულინარიული და ცხოვრების სტილის ბრენდის, “As Ever“-ის გლობალურ პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს.

  • რატომ ბრუნდებიან ჰარი და მეგანი და რას ამბობს მეფე ჩარლზი?

ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ წყვილი ლონდონის გარეუბანში, კერძო რეზიდენციაში იცხოვრებს, რომელსაც სამეფო ოჯახთან კავშირი არ აქვს.

ეს გადაწყვეტილება მათ ივლისში გლოსტერშირში, მეფე ჩარლზ III-ის რეზიდენცია Highgrove-ში სტუმრობის შემდეგ მიიღეს. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 4 წლის განმავლობაში, როდესაც მეფემ თავისი შვილიშვილები პირადად ნახა, ხოლო თავად წყვილისთვის ეს პირველი ერთობლივი ვიზიტი იყო ბრიტანეთში 2022 წლის შემდეგ.

ინფორმაციის თანახმად, მეფემ წყვილის გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ გასულ უქმეებზე შეიტყო. მიუხედავად ამისა, მონარქი მიესალმება შესაძლებლობას, უფრო ხშირად ნახოს სასექსების ოჯახი პირად გარემოში. ამ დროისთვის არ არსებობს გეგმა, რომ ჰარიმ ან მეგანმა სამეფო მოვალეობების შესრულება განაახლონ.

წყვილის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ, ბრიტანეთში უსაფრთხოების საკითხი კვლავ დღის წესრიგში დააყენა. ახლა ხელახლა უნდა გადაწყდეს, ექნებათ თუ არა მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული დაცვის უფლება.

პარალელურად, პრინც ჰარის ფინანსური პრობლემებიც ელის. უახლოეს დღეებში გაირკვევა, რა თანხის გადახდა მოუწევს მას და სხვა ცნობილ პირებს (მათ შორის სერ ელტონ ჯონს, ელიზაბეთ ჰერლისა და ბარონესა დორენ ლოურენსს) “Daily Mail“-ის გამომცემლისთვის სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად. მათ სასამართლოში უჩივლეს კომპანიას პირადი ინფორმაციის უკანონო მოპოვების ბრალდებით, თუმცა გასულ თვეში სასამართლომ მათი სარჩელი სრულად უარყო.

წყარო

იხილეთ ასევე: