ავტორი:

2 წელი უმძიმესი ავარიიდან, რომლის შედეგადაც ექსკურსიიდან მომავალი მოზარდი დების სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა: რას წერს დღეს მათი დედა? - "კიდევ ვიტყვი, გავიმარჯვე"

2 წელი უმძიმესი ავარიიდან, რომლის შედეგადაც ექსკურსიიდან მომავალი მოზარდი დების სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა: რას წერს დღეს მათი დედა? - "კიდევ ვიტყვი, გავიმარჯვე"

თითქმის ორი წელი შესრულდა იმ უმძიმესი ტრაგედიიდან, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა. ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად, ორი მოზარდი დის - ნიაკოსა და თათულის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. დღეს კი, ხანგრძლივი და უმძიმესი რეაბილიტაციის შემდეგ, გოგონების დედა, სოფიო ხარშილაძე, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას დიდი გამარჯვების შესახებ უყვება

"თითქმის ორი წელი სრულდება, რაც ავარია მოხდა. რა ვიცი შეიძლება დედის ინსტინქტია, დედა გრძნობს, მაგრამ არასდროს მქონია იმის განცდა რომელიმეს დავკარგავდი. რეანიმაციიდან ყველა ზარს შიშით ვუპასუხებდი, ხან ვთიშავდი, რომ არ გამეგონა სიტყვები, რომ რომელიღაც დაიღუპა და ამის გასაგებად მირეკავდნენ.

ხან ისტერიულად ვიძახდი კარგად არიან, კარგად იქნებიან-მეთქი. ექიმები, ექთნები, ხალხი, ნათესავები, გულში ცრემლებად იღვრებოდნენ...

ორი შვილი რეანიმაციაში თავახდილები მეწვნენ. არავის ვაძლევდი უფლებას ჩემ შვილებზე თუნდაც ეტირათ ან ეთქვათ საწყლები. ჩემი პირობა, ჩემი მოლოდინები გაამართლეს და სადაც ყველაზე მეტად უხაროდათ ყოფნა დიდ ბებო-პაპასთან თავის ფეხით ჩამოვიყვანე და კიდევ ვიტყვი - გავიმარჯვე.

ის დროც მოვა მალე თავის ხელით გააღებენ კარს და დაუძახებენ, - ბებო, პაპა, მოვედით.

დები, დედასთან ერთად, საბედისწერო ავარიამდე
  • როგორ დაიწყო უმძიმესი ბრძოლა გადარჩენისთვის, 2024 წლის ოქტომბერი - ტრაგედია ექსკურსიიდან დაბრუნებისას

უმძიმესი ავტოავარია 2024 წლის 12 ოქტომბერს, ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკო და 8 წლის თათული ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ. სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსულ მოზარდებს, იმ დროს, როცა გზაზე გადადიოდნენ, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებული დები კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, უგონოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. მათ თავის ქალისა და სხეულის მძიმე დაზიანებები ჰქონდათ მიღებული. გოგონებმა რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე, სამ თვეზე მეტი გაატარეს და რამდენიმე რთული ოპერაცია გადაიტანეს.

მათ გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა - ოჯახის, ახლობლებისა და საზოგადოების მხარდაჭერით შეგროვებული სახსრებით გოგონებს მკურნალობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდათ.

  • 2025 წელი - ბრძოლა რეაბილიტაციისა და სამართლიანობისთვის

გოგონების მდგომარეობა ექიმების დაუღალავი შრომისა და საოცარი ნებისყოფის წყალობით ნელ-ნელა გაუმჯობესდა. მიუხედავად იმისა, რომ ნიაკოს 17 წლის იუბილეს შეხვედრა ეტლში მოუწია, დედის ზრუნვამ და გოგონების მებრძოლმა სულმა შედეგი გამოიღო.

ამავდროულად, ოჯახი სამართლებრივ ბრძოლასაც აგრძელებდა. ავარიაში მონაწილე მძღოლი, რომელიც ბრალს არ აღიარებდა და მომხდარში მოზარდებს ადანაშაულებდა, დიდხანს გარეთ დადიოდა.

  • 2026 წლის აგვისტო - გამამტყუნებელი განაჩენი

2026 წლის აგვისტოში გორის რაიონულმა სასამართლომ, მოსამართლე ლევან დარბაიძემ ბრალდებულ მძღოლს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

"ჩემი გოგოების სამართალმა პური ჭამა... ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში, მაგრამ ყველა ბრძოლას სამართლიანად მოვიგებ. ჩემი სიმართლე, ჩემი დედობა და ქალობა ჩემი ყველაზე დიდი სიმამაცე და სიძლიერეა,“ - აცხადებდა მაშინ სოფიო ხარშილაძე.

წაიკითხეთ ასევე: