როდესაც ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, ვადიმ ერმოლაევს გონება გაეთიშა. პირველ წამს იფიქრა, რომ ხელში ელექტრონული გასაღები აუფეთქდა, თუმცა თვალი გაახილა თუ არა, საშინელი კოშმარი დახვდა: მისი პარტნიორი ქალი კიბეზე უგონოდ ეგდო, ხოლო 13 წლის ვაჟი სისხლიანი ხელებით შველას ითხოვდა. ქალაქში, სადაც სიმშვიდე და სიმდიდრე მეფობს, პანიკამ დაისადგურა.
29 ივნისს, მონაკოში, ერმოლაევის ფუფუნებით სავსე აპარტამენტის კართან ბომბი ამოქმედდა. თავდასხმისას მძიმედ დაშავდა უკრაინელი მილიონერი და მისი ოჯახი. AMBEBI.GE-მ ამ თემაზე არაერთი სტატია მოვამზადეთ.
გამოძიების დასაწყისში პოლიცია ეძებდა "მამაკაცს შავი ქუდით“, რომელიც შემთხვევის ადგილიდან უკვალოდ გაქრა. თუმცა, სამი დღის შემდეგ, საერთაშორისო სამართალდამცავებმა შოკისმომგვრელი დეტალი იხილეს: თავდამსხმელი სინამდვილეში 39 წლის უკრაინელი ქალი, ანასტასია ბერეზოვსკა აღმოჩნდა, რომელსაც მკლავზე უზარმაზარი გველის ტატუ ჰქონდა. მას არ ჰქონდა ნასამართლობა, არანაირი კავშირი ერმოლაევთან და არც აშკარა მოტივი. აფეთქებიდან ზუსტად ერთ კვირაში, მარტოხელა დედის ცხედარი კიევის მახლობლად, ტყეში, მიწაში იპოვეს.

CNN ბერეზოვსკას ნაკვალევს მიჰყვა, ესაუბრა მოწმეებსა და ერთ-ერთ ბრალდებულს, რათა აეხსნა ეს სისხლიანი და საიდუმლოებით მოცული ისტორია.
"მტრები არასდროს მყოლია. კონფლიქტური ადამიანი არ ვარ, ყოველთვის ვერიდებოდი დაპირისპირებას. უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ მოხდა ეს“, - ერმოლაევი.
უკრაინულ გამოძიებასთან დაახლოებული წყაროები ვარაუდობენ, რომ ბერეზოვსკა უბრალოდ შემსრულებელი იყო, რომელმაც ეს საქმე ფულის გამო გააკეთა. თუმცა, ვინ იდგა ამ შეკვეთის უკან, ჯერჯერობით უცნობია.
მიუხედავად ამისა, მან თავდასხმა ზედმიწევნით დაგეგმა. გერმანიაში მცხოვრებმა ლტოლვილმა, რომელიც ორჯერ იყო განქორწინებული და 7 წლის ვაჟს ზრდიდა, მონაკოში გამგზავრებამდე შვილი უკრაინაში, დედასთან გაგზავნა. თავად კი მონაკოში ჩავიდა და ერმოლაევს ფარულად უთვალთვალებდა.
სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, რომ იგი 26 ივნისიდან - თავისი 39-ე დაბადების დღიდან სამი დღის განმავლობაში ერმოლაევის სახლთან დადიოდა. შენიღბვისთვის მას ფართო ქუდი ეფარა და ჰუდი ეცვა, თუმცა სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ერთ-ერთ მონაკვეთში სახე და მკლავზე არსებული გველის ტატუ გამოუჩნდა - სწორედ ამ დეტალით მოახერხა მონაკოს პოლიციამ მისი იდენტიფიცირება.

მისი უფროსი ვაჟი, არტურ ერმოლაევი, უკრაინულ კრიმინალურ სამყაროში ცნობილი ფიგურაა - იგი კვიპროსში დააკავეს და ესტონეთს გადასცეს, სადაც აღიარა 100 მილიონი ევროს ოდენობის სატელეფონო თაღლითური სქემის მართვა.
თავად ვადიმ ერმოლაევი აცხადებს, რომ ამ თაღლითობასთან კავშირი არ აქვს ("კომპიუტერის მოხმარებაც კი არ ვიცი, მხოლოდ ტელეფონით ვსარგებლობ“) და გამორიცხავს ვერსიას, რომ თავდასხმა ოჯახის წევრებს უკავშირდებოდეს.
ვიდეოში ჩანს, როგორ მიდის შავქუდიანი ფიგურა ერმოლაევის სახლის კართან, ტოვებს შავ ზურგჩანთას და ტელეფონით ხელში იხევს უკან. სულ რაღაც 20 წამში, მას შემდეგ, რაც ბერეზოვსკამ უკან მოიხედა, ქუჩაში მძლავრი აფეთქება მოხდა. ერმოლაევი და მისი ოჯახი კარს ზუსტად იმ დროს უახლოვდებოდნენ.

თავდამსხმელმა დამალული კამერა აიღო და გაიქცა. მან საფრანგეთის საზღვარი ფეხით გადაკვეთა, ნაქირავები მანქანით იტალიის გავლით გერმანიაში ჩავიდა, იქვე დატოვა ავტომობილი და ავტობუსით, პოლონეთის გავლით, უკრაინაში დაბრუნდა. როდესაც მონაკოს პოლიციამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, იგი უკვე მშობლიურ სოფელ ჰოროდიშჩეში, დედის სახლში იმყოფებოდა.
3 ივლისის დილას, როდესაც მისი ფოტოები მედიაში გავრცელდა, ბერეზოვსკამ დედას სთხოვა, ავტოგასამართ სადგურამდე მიეყვანა. იქიდან ტაქსი გამოიძახა და GPS-ით მითითებულ ადგილზე მივიდა, სადაც მას შავი BMW ელოდებოდა. მანქანაში ორი მამაკაცი იმყოფებოდა: ვლადისლავ რეუტი და ვიტალი ჟიკოვიჩი. პროკურატურის ცნობით, ეს პირები ბერეზოვსკას თვეების განმავლობაში ეკონტაქტებოდნენ და კრიპტოვალუტით დაახლოებით 6 000-დან 7 000 ევრომდე გადაურიცხეს.
ამ ისტორიაში ყველაზე უცნაური დეტალი ის არის, რომ რეუტი თავდასხმის მომენტში უკრაინის სამხედრო დაზვერვის (GUR) მოქმედი ოფიცერი იყო, ხოლო ჟიკოვიჩი - სამართალდამცავი ორგანოს ყოფილი თანამშრომელი.
იმავე დღეს, 3 ივლისს, ბერეზოვსკა მოკლეს. რეუტის ჩვენებით, ჟიკოვიჩმა მას სთხოვა, ქალი ტყეში მიეყვანათ, რათა "სხვებისგან დაემალათ“. ტყეში ჩასვლისას, ბერეზოვსკას თავის არეში რამდენჯერმე ესროლეს. რეუტმა და ჟიკოვიჩმა ორმო ნიჩბით ამოთხარეს, ცხედარი ჩაფლეს, ხოლო მისი ნივთები, საათი და ტელეფონები ტბაში გადაყარეს.
სამართალდამცავებმა ბერეზოვსკას ცხედარი სამი დღის შემდეგ იპოვეს, მას შემდეგ რაც რეუტი დააკავეს და მან სამართალდამცავებს სამარხი აჩვენა.

"ქალიშვილო, რა ჩაიდინე?"
დღეს ჰოროდიშჩეს სასაფლაოზე ახლად ამოთხრილი საფლავია. ჯვარზე ახალგაზრდა, გაღიმებული, ცისფერთვალება ქალის ფოტოა მიმაგრებული - ის საერთოდ არ ჰგავს ინტერპოლის მიერ გავრცელებულ ფოტოს.
დაკრძალვაზე სასახლე დახურული იყო. მეზობლები იხსენებენ, რომ დედამისი განუწყვეტლივ ტიროდა და საფლავს ეხუტებოდა: "შვილო, რა ჩაიდინე? რა ჩაიდინე?“

თავად ვადიმ ერმოლაევი ამბობს, რომ იმ ქალის მიმართ, რომელმაც თითქმის მოკლა იგი და მის პარტნიორს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა, მხოლოდ სიცარიელეს გრძნობს:
"ის ამ ისტორიაში მთავარი მოთამაშე არ ყოფილა. ვფიქრობ, უბრალოდ სულელი შემსრულებელი იყო, რომელსაც დააჯერეს, რომ რაღაც დიდებულ საქმეს აკეთებდა. ის მოკლეს იმისთვის, რომ სხვების წინააღმდეგ ჩვენება არ მიეცა. შეუძლებელია, ასეთი მასშტაბის ოპერაცია და ოთხთვიანი თვალთვალი მას მარტოს დაეგეგმა...“
წაიკითხეთ ასევე: