ნატა ვიბლიანის გახმაურებულ საქმეზე გაკეთებულმა საჯარო განცხადებებმა ბოლო პერიოდში საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა. საქმეში მოხსენიებულია რამდენიმე პირი, მათ შორის ჯიმშერ ვიბლიანი, რომლის ინტერესების დაცვაც ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა იკისრა. სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ აღმოჩნდა კუბლაშვილი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში და მის მიმართ სოციალურ ქსელებში კრიტიკამაც იმატა.
ჯიმშერ ვიბლიანის ადვოკატმა თავიდანვე განმარტა, რომ იგი საქმეში მოხსენიებული ყველა პირის წარმომადგენელი არ არის და მხოლოდ ერთი ადამიანის - ჯიმშერ ვიბლიანის - ინტერესებს იცავს. კუბლაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ საჯაროდ საუბარია ძალადობის ცალკეულ ეპიზოდზე და არა გაუპატიურების ბრალდებაზე.
სწორედ ამ ფონზე, მარიამ კუბლაშვილი ახლა სოციალურ ქსელში კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. ადვოკატი, რომელიც ამბობს, რომ შვებულებაში იმყოფება და "ენერგიას იკრებს მომავალი საქმეებისა და შედეგებისთვის“, აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ კვლავ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს და მისი სახელის გარშემო "ხელოვნური ნარატივების“ შექმნას ცდილობენ.
ადვოკატი კატეგორიულად უარყოფს, რომ სოციალურ ქსელებში მიმდინარე კამპანიებთან რაიმე კავშირი აქვს და ამბობს, რომ არავის აძლევს მითითებას, რა დაწერონ ან როგორ იმოქმედონ.
"შვებულებაში ვარ, ენერგიას ვიკრებ მომავალი საქმეებისა და შედეგებისთვის. და მაინც, ისევ და ისევ ვხედავ იმავე მახინჯ კამპანიებს, მდაბიო ჯგუფურ შეტევებს, რომლებსაც ერთი და იგივე ადამიანების ჯგუფი ახორციელებს. სახეზეა კვლავ მიზანმიმართული მცდელობა, რომ ჩემს სახელზე ხელოვნური ნარატივები შეიქმნას.
ჩემი დუმილი არ ნიშნავს იმას, რომ ვერ ვხედავ, ვერ ვამჩნევ, ვერ ვაფიქსირებ. გიცნობთ, ვდუმვარ და ვიღიმი თქვენს ქმედებებზე.
ერთხელ და მკაფიოდ: მე არ მაქვს არანაირი ჯგუფები, არ ვმართავ სოციალურ პლატფორმებზე არსებული სტატუსების/კომენტარების კამპანიებს, არავის ვაძლევ დავალებას, ვინ რა დაწეროს და საერთოდ არ მაქვს ამ სოციალური ომების გამოცდილება. არც მაინტერესებს. ჩემი დრო და ენერგია მიდის ჩემს ოჯახზე, კლიენტებზე, საქმეებზე, მტკიცებულებებზე, პროცესებსა და შედეგზე.

ადვოკატი უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და დაცული ნებისმიერი ზეწოლისგან - იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური, მედიური თუ ონლაინ ბულინგი.
ადვოკატობა უბრალოდ პროფესია არ არის. ეს არის დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობისა და სტრატეგიის განსაკუთრებული ფილოსოფია. გარედან არავინ იცის სრულად, თუ რატომ დგამს ადვოკატი კონკრეტულ ნაბიჯს, ან რატომ საუბრობს, რატომ დუმს, რას ასაჯაროებს და რას ტოვებს საქმის ფარგლებში.
ზოგჯერ დუმილია სტრატეგია. ზოგჯერ საჯარო განცხადებაა სტრატეგია. ზოგჯერ კონკრეტული ნაბიჯის მნიშვნელობა მხოლოდ საბოლოო შედეგის შემდეგ ხდება გასაგები.
კოლეგიალობა ჩემთვის არ ნიშნავს ბრმად ყველაფრის გამართლებას. ნიშნავს იმას, რომ არ შეუერთდე ბრბოს, არ მოაწყო სოციალური სასამართლო კოლეგისთვის და პატივი სცე მის პროფესიულ დამოუკიდებლობას.
ჩვენ სოციალურ პლატფორმებზე გამართული "პროცესებით“ არ ვიგებთ საქმეებს. ადვოკატისთვის პროფესიული პასუხი არის ცოდნა, შრომა, მტკიცებულება და საბოლოო შედეგი.
ვინ რამდენ კომენტარს დაწერს, რამდენჯერ შეეცდება ჩემს ან ჩემი კოლეგების ჩათრევას ონლაინ დაპირისპირებაში - ეს ჩვენს პროფესიულ გზას ვერ განსაზღვრავს და არც ერთი ან რამდენიმე კონკრეტული საქმე მთავარ ღირებულებას ვერ დაგვავიწყებს!
ადვოკატის შეფასება არ უნდა ხდებოდეს ბრბოს ემოციით. საბოლოოდ, ყველაფერს უპასუხებს დრო, საქმე და შედეგი.
და ამიტომ კიდევ ერთხელ: ხელი შორს ადვოკატებისგან! მათი თავისუფლებისგან, დამოუკიდებლობისგან და პროფესიული გადაწყვეტილებებისგან!"
წაიკითხეთ ასევე: