2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა - მათგან 17 862 აბიტურიენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა.
გამოცდების შედეგებით უკმაყოფილო არ არის 60 წლის სტუდენტიც, ბათუმის ქართულ-ევროპული სკოლის პედაგოგი ინგა ბაგრატიონი. მასთან აბიტურიენტის ამპლუაში ambebi.ge-მ ინტერვიუ ცოტა ხნის წინ ჩაწერა.
ახლა მას უკვე სტუდენტის რანგში ვთხოვეთ კომენტარი.
- გილოცავთ სტუდენტობას. კმაყოფილი ხართ შედეგით?
- კმაყოფილი ვარ ოთხივე სპეციალობაზე, რაც მეწერა, ყველგან ვირიცხებოდი, მათ შორის - ჯავახიშვილის უნივერსიტეტის თურქოლოგიაზეც. უბრალოდ, ჩემი არჩევანი თავიდანვე ბათუმში თურქოლოგია იყო, რადგან მაინც "სახლში“ ვარ და ჩემთვის ასე უფრო მოსახერხებელი გახლდათ... მოკლედ, პირველ არჩევნად მეწერა ბათუმის თურქოლოგია, მეორე იყო ბათუმის ბიზნესის ადმინისტრირება, მესამე - ბათუმის ევროპისმცოდნეობა, ხოლო მეოთხე - თბილისის, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი.
ამ უკანსკნელში თურქოლოგიაზეც და ყველგან საკმაოდ დიდი განსხვავება მაქვს ზღვარსა და ჩემს ქულას შორის - სადღაც 400-500 ქულაა... ასე რომ, ძალიან კმაყოფილი ვარ.
- გადავხედე თქვენს ქულებს და მართლაც ასეა... სულ კი დააგროვეთ 2008 ქულა, რაც არ არის ცუდი... ელოდით ამ შედეგს?
- სხვათა შორის, ერთადერთი, რაშიც ასეთ შედეგს არ ველოდი, მხატვრული ლიტერატურა იყო - 70-დან 60 ქულა ცოტა არ არის. რატომღაც ნაკლებს ველოდი, რადგან ლიტერატურასთან დიდი ხანია შეხება არ მქონია და ვიფიქრე, შეიძლება რაღაცებზე არასწორად გავეცი პასუხი-მეთქი.
რუსულში, რა თქმა უნდა, ველოდი, თუმცა მეგონა, შეიძლება 1-2 შეცდომა ყოფილიყო და თემაში ქულები დამაკლდებოდა. ისე, დავალებებში შეცდომა არ მქონია; ესეში ვფიქრობდი, ვაითუ, რამე გამეპარა-მეთქი, მაგრამ არა - იქ 70 ქულა იყო. ისტორიაში 35 ქულა ჩემთვის ძალიან კარგია, როცა 40 წელზე მეტია ამ საგანთან შეხება არ გქონია. ქართულშიც 52 ქულა არ არის ცოტა, ასე ვფიქრობ.
მინდა ყველას მივულოცო, ვინც დღეს სტუდენტი გახდა. ხოლო მათ, ვინც დღეს ვერ გახდა სტუდენტი, ვეტყვი, რომ ერთი წუთითაც არ მიეცნენ დეპრესიას და ხელები არ ჩამოუშვან, რადგან წინ მთელი ერთი წელი აქვთ. განსაკუთრებით იმ ბავშვებს, ვინც წელს დაამთავეს სკოლა და ძალიან ფორსმაჟორში ემზადებოდნენ გამოცდებისთვის. ახლა შეუძლიათ მშვიდად, წყნარად და უფრო დაგეგმილად მოეკიდონ საქმეს, ჩააბარონ, გახდნენ სტუდენტები და ჩაირიცხონ იმ სპეციალობაზე, სადაც სურთ.
- მოკლედ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგიის სპეციალობაზე ისწავლით... იმედია, თქვენი ცხოვრების ახალი რეჟიმი სკოლას, თქვენს მოსწავლეებს, საგაკვეთილო პროცესს, და არც თქვენს სტუდენტობას არაფერს დააკლებს.
- დიდი იმედი მაქვს ჩემი კოლექტივისა და ადმინისტრაციის მხარდაჭერის. ძალიან მიგულშემატკივრობენ და ვფიქრობ, შევძლებთ გაკვეთილების ისე გადანაწილებას, რომ ორივეგან პროდუქტიული ვიყო.
ჯერჯერობით არ ვიცი, რა და როგორ იქნება უნივერსიტეტში, მაგრამ ვფიქრობ, ვიდრე სკოლა დაიწყება, რაღაცები გაირკვევა და სკოლაშიც ცხრილიც შესაბამისად დალაგდება. რომც დაგვჭირდეს, ვთქვათ, ერთ კლასზე უარის თქმა და 15 საათი (დღეში სამი გაკვეთილი) მქონდეს, გაცილებით უფრო მოსახერხებელი იქნება. ახლა ემზადები ახალი ეტაპისთვის.
- გგულშემატკივრობთ და წარმატებებს გისურვებთ. სამაგალითოა, როდესაც ადამიანი ასეთ ნაბიჯებს დგამს, თუნდაც 60 წლის ასაკშიც.
- დიდი მადლობა.
იხილეთ ასევე: