ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარ კატასტროფულ წყალდიდობასა და მეწყერს ნეპალში 150-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ასეულობით ტურისტი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ბოლო მონაცემებით, ნეპალში მაშველებმა 157 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს, ხოლო ტიბეტის მხარეს ჩინური მედია 3 დაღუპულსა და 265 დაკარგულზე იუწყება.
ეს რეგიონი განსაკუთრებით პოპულარულია პილიგრიმებსა და ლაშქრობის მოყვარულებს შორის. ნეპალის ტურისტული სააგენტოსა და პოლიციის მონაცემებით, დაკარგულ ტურისტთა საერთო რაოდენობა 579-ს აღწევს. მათ შორის 466 უცხოელია 28 სხვადასხვა ქვეყნიდან, კერძოდ: 100-ზე მეტი ინდოეთიდან, 54 ამერიკის შეერთებული შტატებიდან და 33 დიდი ბრიტანეთიდან.
გარდა ამისა, დაკარგულთა შორის არის ნეპალის 113 მოქალაქე, აგრეთვე ათეულობით სამხედრო მოსამსახურე (44 ჯარისკაცი და 13 შეიარაღებული პოლიციელი), 28 პოლიციის ოფიცერი და ენერგეტიკულ პროექტებზე მომუშავე 60 თანამშრომელი.


თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კატასტროფა შესაძლოა მიწისძვრას გამოეწვია. თუმცა, აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა სეისმური ტალღების დეტალური ანალიზის შემდეგ განაცხადა, რომ რეგიონში დაფიქსირებული სეისმური ენერგია (რომელიც თავიდან 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრად შეფასდა) რეალურად თავად მეწყერმა წარმოქმნა.
ნეპალის მეტეოროლოგიისა და ჰიდროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების ვარაუდით, კატასტროფის მიზეზი ტიბეტის მხარეს მდებარე მთიდან ყინულის გიგანტური მასის (შესაძლოა მყინვარის ნაწილის) ჩამოშლა გახდა. ვარდნისას ქანებისა და ყინულის ხახუნმა დიდი რაოდენობით წყალი წარმოქმნა, ხოლო ნამსხვრევებმა მდინარე ლჰენდე ჩაკეტა და ბუნებრივი კაშხალი შექმნა, რომელიც მოგვიანებით ძლიერი წნეხის გამო გასკდა და ქვემოთ დამანგრეველი ნიაღვარი დაატეხა გარემოს.
კლიმატოლოგები აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილება ხელს უწყობს ჰინდუკუშ-ჰიმალაის რეგიონში მყინვარების სწრაფ დნობას, თუმცა კონკრეტულად ამ კატასტროფაში მისი როლის შეფასება ჯერჯერობით ნაადრევია.

სტიქიამ წამებში გაანადგურა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. ჩინური ტელევიზიის (CCTV) კადრებში ჩანს, როგორ ეჯახება წყლისა და ტალახის უზარმაზარი კედელი სასაზღვრო გამშვები პუნქტის შენობებს.

ნუვაკოტის ოლქის მცხოვრები კალპანა მალა ჰყვება, რომ სტიქიამ მისი ოჯახის წევრები - დედა, მამა, და და დისშვილები, მის თვალწინ გაიტაცა.
“მათ გაქცევის შანსი საერთოდ არ ჰქონიათ. ამ წყალდიდობამ ყველაფერი წაიღო. მე და ჩემმა შვილმა სახლის სახურავზე ასვლით ძლივს გადავირჩინეთ თავი“, - ამბობს ის. მისმა ვაჟმა, სუგამ მალამ დედა ხელით ამოათრია და ასე გადაარჩინა.
კიდევ ერთმა ადგილობრივმა, გომა პანდიტმა დაკარგა მთელი საქონელი, სახნავ-სათესი მიწები და მოსავალი.

ტურისტული გიდი სონამ დორჯი ყვება, რომ მისი სოფელი რასუვა სიაფრუ ბესი სტიქიამ დილის 09:00 საათზე გაანადგურა. თავად სონამი სტიქიას გადაურჩა, თუმცა მისი და, სიძე და ოჯახის სხვა წევრები დაკარგულები არიან, მათი საცხოვრებელი სახლი კი სრულად ჩამოინგრა.
პირველადი შეფასებით, განადგურებულია 19 ხიდი და 40 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო გზა, რამაც ქვეყანას 15 მილიარდ ნეპალის რუპიზე მეტი (დაახლოებით 72.18 მლნ ფუნტი სტერლინგი) ზარალი მიაყენა. საქველმოქმედო ორგანიზაციები შიშობენ, რომ სანიტარული სისტემის მოშლის გამო არსებობს წყლით გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხე.


ნეპალის პრემიერ-მინისტრის ბალენდრა შაჰის ოფისის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში ჩართულია არმიის 1 697 თანამშრომელი, ხოლო კიდევ 656 რეზერვშია. მაშველები ძებნის პროცესში იყენებენ დრონებსა და გაწვრთნილ ძაღლებს. სამხედრო და სამოქალაქო ვერტმფრენებით უკვე მოხერხდა 106 ადამიანის გადარჩენა, ხოლო სახმელეთო ჯგუფებმა 27 პირი გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას.
ტიმურეს ზემოთ ჩარჩენილი მოსახლეობის ევაკუაცია ხუთშაბათს დილით საჰაერო გზით იგეგმება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ნეპალისთვის კარვები და გადაუდებელი მედიკამენტები მობილიზა. ინდოეთმა კატასტროფის ზონაში უკვე გააგზავნა 10 ტონა ჰუმანიტარული დახმარება. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებთან და ხელისუფლებასთან დაკავშირებული მოქალაქეების დასახმარებლად. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა კი განაცხადა, რომ ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს სტიქიის ზონაში მყოფი თავისი მოქალაქეების მხარდასაჭერად.
იხილეთ ასევე: