ავტორი:

"მდინარაძის გადადგომა კობახიძის საბოლოოდ ჩარეცხვის პრელუდიაა" - როგორ აფასებენ მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ანალიტიკოსები?

"მდინარაძის გადადგომა კობახიძის საბოლოოდ ჩარეცხვის პრელუდიაა" - როგორ აფასებენ მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ანალიტიკოსები?

"ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.

მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძის თქმით, 10 წელი, რაც ის პოლიტიკაშია, შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი იყო. მისივე ინფორმაციით, პოლიტიკიდან წასვლაზე "ბოლო რამდენიმე კვირაა ფიქრობს". მდინარაძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ ძალებს სხვა სფეროში, მათ შორის ბიზნესში მოსინჯავს. პოლიტიკაში მის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმული კითხვაზე პასუხად კი აღნიშნა, რომ რომ ეს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. “ვფიქრობ, ცოტა დასვენებას და საკუთარ ოჯახზე ზრუნვას ვიმსახურებ. ჩემი შვილები, პრაქტიკულად, უჩემოდ გაიზარდნენ. თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მარტო ამ შემთხვევაში დავბრუნდები“, - განაცხადა მდინარაძემ.

"ჩემი გადადგომა ნამდვილად ჩემი ინიცირებული იყო“, - თქვა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი ინფორმაციით, გუშინ, 26 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, ხოლო დღეს, 27 აგვისტოს დილით - პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსა და კობახიძეს ერთად.

"ჩემი პოზიცია დღეს არ იყო ისეთი, რომ შემცვლელი ვერ გამოეძებნათ“, - თქვა მდინარაძემ მთავრობაში რეგიონული განვითარების მიმართულებაზე - "რომ მეფიქრა, გუნდში არავინაა, ვინც ჩემს გარდა რეგიონებს მიხედავს, ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას“.

პოლიტიკიდან წარული მდინარაძე უარყოფს, რომ მისი გადადგომა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება და კვლავ ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილისთვის წერილი არ გაუგზავნია:

"არავისთვის არასდროს გამიგზავნია წერილი. პირდაპირ გეუბნებით, მსგავსი საკითხებით მე არასდროს ვყოფილვარ დაკავებული“.

"შემიძლია გითხრათ, რომ 10 წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულებისა და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი“, - თქვა მდინარაძემ. "დავბრუნდები, თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება“, - დასძინა მან.

ელვისებურად დაწინაურებული მდინარაძის "შინ წასვლაზე“ მითქმა-მოთქმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა გენერალ-მაიორი სუს-იდან გაუშვეს და არარსებული სამსახურის უფროსობა შესთავაზეს. ზოგიერთი მის გაშვებას ღარიბაშვილისადმი გაგზავნილ წერილებს უკავშირებს, თითქოსდა, მდინარაძემ წერილები "ბოსთან“ შეუთანხმებლად შეუგზავნა ექსპრემიერს, რითაც პარტიას პრობლემები შეუქმნა და ამიტომ იძულებული გახდა და "გაიწია გვერდზე“. ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ამ შემოდგომით თანამდებობას ირაკლი კობახიძეც დაემშვიდობება.

შეგახსენებთ, რომ მამუკა მდინარაძე 2025 წლის 3 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მას პრემიერი სპეციალურ წოდებენს ანიჭებდა - 2026 წლის 20 აპრილისთვის მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი გახდა.

2026 წლის 21 აპრილს "ქართული ოცნების“ მთავრობაში განაცხადეს, რომ მდინარაძე ვიცე-პრემიერად და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრად ინიშნება.

29 ივლისს კობახიძემ განაცხადა, რომ მდინარაძე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა.

  • გია ხუხაშვილი: "მდინარაძის გადადგომა არის კობახიძის საბოლოოდ ჩარეცხვის პრელუდია"

"მდინარაძის გადადგომა არის კობახიძის საბოლოოდ ჩარეცხვის პრელუდია, ერთგვარი ანონსი და მეტი არაფერი, პრინციპში მისი გადადგომის სამიზნე არის კობახიძე - ის არის ერთგვარად სახლში მარტოდ დარჩენილი ბავშვი, რომელსაც შეუძლია მარტო გააფუჭოს, გაკეთების საშუალებას იქ არავინ არაფრისას არ მისცემს - ბიძინა დიდხანს მარტოს სახლში მას არ დატოვებს", - ასე შეაფასა "ინტერპრესნიუსთან" პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილება, დატოვოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა და პოლიტიკიდან წავიდეს.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მდინარაძის გადადგომა პროცესების ლოგიკური გაგრძელება და სხვადასხვა თანამდებობაზე მისი ოდისეა რეალურად უკავშირდებოდა კობახიძეს და კობახიძის სტერილიზაციისა და იზოლაციის პროცესს.

"ეს ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესების, რაც მიმდინარეობს. პრინციპში, მდინარაძე ნაკლებად საინტერესოა იმიტომ, რომ მისი ეს ბოლო ეპიზოდები კომიკურ ხასიათს ატარებდა და გასაგები იყო, რითაც დაასრულებდა. მაგრამ აქ მთავარი კითხვა კობახიძის მიმართ ისმის. ვისი პრემიერ-მინისტრია კობახიძე?! ერთადერთი დაქვემდებარებული, ვინც ჰყავდა, იყო მდინარაძე, მეტი მთავრობაში მის დაქვემდებარებაში აღარავინ აღარ არის. ის არის ერთგვარად მარტო სახლში დარჩენილი ბავშვი, რომელსაც შეუძლია მარტო გააფუჭოს, გაკეთების საშუალებას იქ არავინ არაფრისას არ მისცემს. შესაბამისად, მდინარაძის გადადგომა არის კობახიძის საბოლოოდ დაცურების პრელუდია, ერთგვარი ანონსი და მეტი არაფერი. თავად მდინარაძე არაფერს არ წარმოადგენდა და პრინციპში, მისი გადადგომის სამიზნე არის კობახიძე. ბიძინა დიდხანს მარტოს სახლში მას არ დატოვებს.

კობახიძე ისედაც დიდი ხანია გამზადებულია ჩასარეცხად. "ჩარეცხვას“ ტერმინს იმიტომ ვხმარობ, რომ ბიძინასთვის ასეა დამახასიათებელი. მარტოა სახლში დარჩენილი იმიტომ, რომ მთავრობა ტექნიკურია, მას მთავრობაში არავინ ექვემდებარება, არავინ ემორჩილება დიდი ხანია უკვე. ტექნიკური მთავრობაა, პოლიტიკური კომპონენტი აღარ არის დარჩენილი. მე არ ვაკეთებ იმის პროგნოზს, რომ ხვალ ან ზეგ მოხდება ეს, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ბუნებრივია, უნდა აჰკიდოს ის ცოდვები, რაც ბოლო პერიოდში დაგროვდა და ამ ცოდვებთან ერთად უნდა გაისტუმროს, რაღაც ბონუსი ხომ უნდა მიიღოს მისი წასვლიდან და როდის მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ცალკე თემაა, მაგრამ ის, რომ კობახიძე მარტოა სახლში დარჩენილი, აქ ორი აზრი არ არის, რომ გადახედოთ მთავრობის შემდგენლობას, ამის გააზრება ძნელი არ არის.

ეჭვი მეპარება, რომ მდინარაძეს სუს-ში რაიმე გავლენა ჰქონდა, რომ რეალურად ის აკონტროლებდა სუს-ს, ეს ასე არ იყო. ის ისე წამოვიდა სუს-იდან, რომ მე მგონი დღემდე არ იცის ეს რა ორგანიზაციაა. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ იქ იმ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებდა, რომ ძალიან დაძაბა სისტემაში სავარაუდოდ სიტუაცია, გამომდინარე იქიდან, რომ კარიერული სუს-ის თანამშრომლები, რომლებიც მორიგი ვარსკვლავისთვის წლები მუშაობენ და ეს ორ კვირაში გენერალ-მაიორი გახდა, გასაგებია, იქ რა ხდებოდა. სუს-იდან წამოსვლის შემდეგ, ის ფაქტობრივად ნომინალურ თანამდებობებზე იყო, ჰაერში იყო და დიდი ხანი ჰაერში აბურთავებდნენ. რეალურად მდინარაძის მთელი ეს ისტორია, ოდისეა უკავშირდებოდა კობახიძეს და კობახიძის სტერილიზაციის პროცესი მიმდინარეობდა, კობახიძის იზოლირების და დღეს ფაქტობრივად არის სიტუაცია, როდესაც კობახიძე რეალურად არაფერს აკონტროლებს, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეეძლო დალაპარაკებოდა მთავრობაში, იყო მდინარაძე დარჩენილი. შესაბამისად, ის ახლა არის ბავშვი, მარტო სახლში დარჩენილი, რომელსაც ასანთი ჯერ კიდევ უჭირავს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ვინმემ ახლა მაინც და მაინც კოცონის დანთების საშუალება მისცეს. მდინარაძის გადადგომა არაფერს არ ნიშნავს, ეს არის პრელუდია კობახიძის ჩარეცხვის“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

  • "მამუკა მდინარაძეს პოლიტიკაში ყოფნის განმავლობაში ბევრი რამის გაძლება მოუწია..."

ნიკოლოზ მეტრეველი, ანალიტიკოსი:

"მამუკა მდინარაძეს პოლიტიკაში ყოფნის განმავლობაში ბევრი რამის გაძლება მოუწია. იყო პერიოდები, როდესაც მის გადაწყვეტილებებსა და პოზიციებს ბევრი ადამიანი იზიარებდა და იყო საკითხებიც, რომლებზეც განსხვავებული დამოკიდებულება არსებობდა. ეს პოლიტიკის ნაწილია და ვფიქრობ, სწორედ განსხვავებული შეფასებებია პოლიტიკური პროცესის ბუნებრივი თანმდევი. თუმცა ერთი რამ ნამდვილად უნდა აღინიშნოს, მან ქართულ პოლიტიკაში თავისი კვალი და საკუთარი ხელწერა დატოვა. წლების განმავლობაში იგი არა ერთ მნიშვნელოვან და რთულ პროცესში იყო ჩართული და თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში საკუთარი როლი შეასრულა.

რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, პირველ რიგში პატივი უნდა ვცეთ მის არჩევანს. ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისი ცხოვრების ამ ეტაპზე მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც თავად სწორად მიიჩნევს. მინდა, მადლობა ვუთხრა მამუკა მდინარაძეს. პოლიტიკა დროებითია, ადამიანური ურთიერთობები კი უფრო მნიშვნელოვანი. ვუსურვებ მას წარმატებას და სიმშვიდეს. დანარჩენს კი, როგორც ყოველთვის, დრო შეაფასებს“.

იხილეთ ასევე: