თბილისში აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარი იპოვეს. 32 წლის ბუავა პოლიციამ დიდ დიღომში, ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
ცხედარი გვიან ღამით აღმოაჩინეს. მანამდე კორპუსში გაუსაძლისი სუნი იგრძნობოდა, რის გამოც ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით, ბუავა მეზობლებს რამდენიმე დღის წინ ჰქონდათ ნანახი. ამ ეტაპზე მისი გარდაცვალების გარემოებები გამოძიების საგანია.
დაურ ბუავას სახელი ქართულმა საზოგადოებამ ჯერ კიდევ 2021 წელს გაიცნო. მაშინ 26 წლის აფხაზი ახალგაზრდა საქართველოში ჩამოვიდა და სოციალურ ქსელში დაიწყო ვიდეოების გავრცელება, რომლებშიც ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობაზე, ომის შემდეგ გაყოფილ საზოგადოებებზე და შერიგების შესაძლებლობაზე საუბრობდა.
მისი ისტორია თავიდანვე უჩვეულო იყო ახალგაზრდა აფხაზი, რომელიც ოკუპირებული რეგიონიდან ჩამოვიდა არა მხოლოდ სამოგზაუროდ, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი თვალით ენახა, როგორ ცხოვრობდნენ ქართველები და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ აფხაზების მიმართ.
როგორც თვითონ ამბობდა, "მეორე მხარის სიმართლე“ სწორედ აქ, ჩვენთან გაიგო...
დაურ ბუავა 1994 წელს, აფხაზეთის კონფლიქტის დასრულების შემდეგ დაიბადა. წარმოშობით ტყვარჩელიდან იყო, თუმცა ძირითადად რუსეთში იზრდებოდა და განათლებაც იქ მიიღო. აფხაზეთში კი ხშირად ბებიასთან ჩადიოდა.
2021 წელს, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, ამბობდა, რომ ომი საკუთარი თვალით არ ენახა, თუმცა ბავშვობიდან ესმოდა უფროსების მონათხრობი. სწორედ ამ გამოცდილებამ და ინტერნეტში ქართველებისა და აფხაზების დაპირისპირების ყურებამ უბიძგა, საკუთარი თვალით ენახა ის რეალობა, რომელსაც მანამდე მხოლოდ ერთი მხრიდან იცნობდა.

"მე აფხაზი ვარ, აფხაზეთში დავიბადე, მაგრამ ძირითადად რუსეთში ვიზრდებოდი. ომი არ მინახავს, თუმცა სხვების ნაამბობი მესმოდა. წლების განმავლობაში ვხედავდი, რა ხდებოდა ერთ მხარეს და მომინდა, თავად მენახა და მომესმინა მეორე მხარის სიმართლე“, - ამბობდა ის.
ბუავას თქმით, ქართველებს პირველად ინტერნეტით დაუკავშირდა და უთხრა, საქართველოში ჩამოსვლა უნდოდა, მეორე დღეს კი უკვე ზუგდიდში იყო.
თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ის ქართველ მეგობრებთან ცხოვრობდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობდა, ადამიანებს ხვდებოდა და ვიდეოებს იღებდა. "კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ქართველებზე ამბობდა:
"მოწესრიგებული, მშვიდი, განვითარებაზე ორიენტირებული ხალხია, რომელმაც ძალიან თბილად, მეგობრულად მიმიღო. სიხარულით ვამბობ, რომ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება დამხვდა - აქაურებს არ სურთ ომი, მეტიც, მტრულად სულაც არ არიან განწყობილი, არავისთან ბრძოლას არ აპირებენ, უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან. აფხაზეთში მათაც ვხვდებოდი, ვინც თავად გამოიარეს ომი და შიში ნახეს, მაგრამ ამბობენ, რომ ძმათამკვლელი ომი შეცდომა იყო.“, - ამბობდა ბუავა.
მისი ვიდეოები სწრაფად გავრცელდა და ახალგაზრდა აფხაზის მიმართ ინტერესი გაიზარდა.
ბუავა ამბობდა, რომ მისი მიზანი მხოლოდ საკუთარი აზრის გამოხატვა არ იყო. მას სურდა, საქართველოში მოგზაურობით და ადამიანებთან საუბრით ის, რასაც თავად ნახავდა, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაც ეჩვენებინა.
"ჯერჯერობით აქ ვრჩები, დავივლი სხვადასხვა ადგილს, შევხვდები ხალხს, ვიდეოებს გადავიღებ და მოვყვები ადამიანებზე, ვისაუბრებ განწყობებზე შიშისა და სირცხვილის გარეშე, იმიტომ, რომ მე სიმართლეს ვამბობ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. როდესაც მეკითხებიან, რა იქნება ხვალ, ეს ჩვენს საქმიანობაზე, სწორ, აწონ-დაწონილ ნაბიჯებსა და გონივრულ ქმედებებზეა დამოკიდებული“, - ამბობდა ის 2021 წელს.
მისი პოზიცია აფხაზეთში ყველასთვის მისაღები არ აღმოჩნდა.
2022 წელს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა ბუავას წინააღმდეგ "სახელმწიფოს ღალატის“ ბრალდებით საქმე აღძრა. მიზეზად მისი TikTok-ვიდეოები დასახელდა, რომლებშიც ბუავა ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობაზე, კონფლიქტის მოგვარებასა და აფხაზეთის საქართველოსთან ურთიერთობის შესაძლო მომავალზე საუბრობდა.
ბუავას მიმართ კრიტიკა და აგრესია მოჰყვა, თუმცა პარალელურად მას აფხაზეთიდან მხარდაჭერის წერილებიც მისდიოდა.
როგორც თავად ამბობდა, ზოგი მას "მოღალატეს“ უწოდებდა, ზოგი კი მის ნაბიჯში ახალგაზრდა აფხაზებისთვის ახალი გზის ჩვენების შესაძლებლობას ხედავდა.
2022 წლის დეკემბერში ბუავამ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.
ეს გადაწყვეტილებაც მისთვის მხოლოდ სამართლებრივი სტატუსის ცვლილება არ ყოფილა. ის ამბობდა, რომ საქართველოს სახელმწიფო აფხაზეთის მკვიდრებს საკუთარ მოქალაქეებად მიიჩნევს და რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონოდათ.
ამ დროისთვის ბუავა უკვე თბილისში ცხოვრობდა და ახალგაზრდული მოძრაობა "ამრას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. მისი საქმიანობა კი კვლავ შერიგების, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ადამიანებს შორის კავშირების აღდგენის იდეას უკავშირდებოდა.
2023 წელს ბუავა ევროპარლამენტში გამართულ პანელზეც გამოვიდა, რომლის თემაც სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობა იყო.

იქ მან აფხაზურად მიმართა მონაწილეებს და ისაუბრა იმაზე, რომ კონფლიქტმა აფხაზეთის მოსახლეობა და განსაკუთრებით ახალგაზრდობა ათწლეულების განმავლობაში იზოლაციაში დატოვა.
"ამ კონფლიქტმა აფხაზეთის მოსახლეობა, აფხაზი ახალგაზრდობა, 30 წელია სიბნელეში დატოვა, მწირი ინფორმაციაა. ბავშვობიდან მათ ეუბნებოდნენ, რომ ქართველი ხალხი აფხაზების მტერიაო. მე აფხაზი ვარ, აფხაზეთიდან, ორი წელია თბილისში ვცხოვრობ. ბევრი რამ ვნახე და ბევრი რამ გავიგე. მე მესმის, რომ დღეს ქართული მხარე მართლაც უწვდის დახმარების ხელს აფხაზ მოსახლეობას. აფხაზური ენაც კი საქართველოს კონსტიტუციაშია შეტანილი და გათანაბრებულია ქართულ ენასთან, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდები კარგად არ არიან ინფორმირებულები. და ამას აკეთებს მესამე მხარე, რომელმაც პრინციპში, 30 წლის წინ კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა - ეს იყო რუსეთი“, - ამბობდა ბუავა ევროპარლამენტში.

მისი თქმით, აფხაზ ახალგაზრდებს ბავშვობიდან ეუბნებოდნენ, რომ ქართველები მათი მტრები იყვნენ, თუმცა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მან სხვა რეალობა ნახა.
2024 წელს ცნობილი გახდა, რომ მან ოჯახი შექმნა.
მისი რჩეული ნინო ცხოვრებაძე იყო - ქალი, რომელიც რუსეთიდან საქართველოში რამდენიმე წლით ადრე დაბრუნდა და ქართულ უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვიტა.
როგორც ნინო მაშინ Ambebi.ge-ს უყვებოდა, ისინი თბილისში თითქმის ერთ პერიოდში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. პირველად ერთმანეთს იუსტიციის სახლთან შეხვდნენ, შემდეგ კი საერთო მეგობრებისა და სხვადასხვა პროექტის საშუალებით ურთიერთობა გააგრძელეს.
მათი დაახლოება, როგორც ნინო იხსენებდა, ნელ-ნელა მოხდა.
ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც ერთად მუშაობდნენ, იყო "აფხაზი ვარ, ჩამეხუტე“ - სოციალური კამპანია, რომელიც ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობასა და საზოგადოების დამოკიდებულებებს ეხებოდა.
"იმ დონეზე ვიყავით ჩართული საქმეში, რომ ვერც კი ვამჩნევდით, როგორ ვუახლოვდებოდით ერთმანეთს“, - ამბობდა ნინო.
"შარშან გადმოვიდნენ ამ ბინაში, მეუღლესთან ერთად იყო, მერე დაშორდნენ. ბოლოს შაბათს დაწერა სამეზობლო ჩათში, ჩიპი მოგვიგლიჯეს და ეს ვინ გააკეთაო, დაწერა", - განაცახდეს მეზობლებმა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ ცნობა გავრცელდა.

ბუავას ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი სწორედ ეს იყო - რომ ადამიანებს შორის არსებული მტრობა ხშირად იმ წარმოდგენებზეა აგებული, რომლებიც მათ ერთმანეთის შესახებ ბავშვობიდან მიაწოდეს.
"თუ აფხაზეთში ვიღაც ამბობს, რომ საქართველოში მტრები არიან და არაფერი გვესაქმება, მაშინ ვფიქრობ, ჩემი შემთხვევა მშვენიერი მაგალითია მტრის ტერიტორიაზე მეგობრების საპოვნელად. არ განვიკითხავ მათ, რადგან არ იციან სიმართლის მეორე მხარე, ის, რაც მე ჩემი თვალით ვნახე. აქ მტრად არავინ მიგვიჩნევს, როგორც აფხაზების უმრავლესობა გვარწმუნებდა. ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელი კი არა, აუცილებელია.“
მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაინახა, რომ ქართველებისა და აფხაზების ყოველდღიურ ცხოვრებას გაცილებით მეტი საერთო ჰქონდა, ვიდრე ეს მანამდე ეგონა.
2024 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობდა, რომ ქართველებსა და აფხაზებს ბევრი საერთო ტრადიცია, კულტურული და ყოფითი მსგავსება აქვთ და რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ადამიანური ურთიერთობები იყო.
2021 წელს, როდესაც ჯერ კიდევ ახალი ჩამოსული იყო, ამბობდა:
დაურ ბუავას ცხედარი თბილისში, ნაქირავებ ბინაში იპოვეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. გამოძიება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე მისი გარდაცვალების გარემოებებზე საბოლოო დასკვნის გაკეთება შეუძლებელია.
მისი ცხოვრების შესახებ კი რჩება რამდენიმე წლის წინ ნათქვამი სიტყვები - სიტყვები, რომლითაც ახალგაზრდა აფხაზი საკუთარ გამოცდილებას აღწერდა: საქართველოში ჩამოვიდა, რათა "მეორე მხარის სიმართლე“ საკუთარი თვალით ენახა და ის, რაც ნახა, სხვებისთვისაც მოეყოლა.
იხილეთ ასევე: