ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში საზღვრის განმეორებითი დარღვევის შემდეგ ვითარება უკიდურესად დაძაბა. ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებსა და მიგრანტთა ბანაკისთვის ცეცხლის წაკიდებაში გადაიზარდა.


კადრებში ცეცხლსა და კვამლში გახვეული კარვები ჩანს. ბანაკში ათასობით მიგრანტი იმყოფებოდა, რომლებმაც საზღვარი გასულ თვეში, მასობრივი ტალღის დროს გადაკვეთეს.
ესპანეთის დროშებით გამოსულმა ადგილობრივებმა ბანაკებს ალყა შემოარტყეს, სანაპიროზე განთავსებული დროებითი თავშესაფრები დაარბიეს და პოლიციას დაუპირისპირდნენ. მოწმეთა თქმით, მიგრანტების ნაწილმა მომიტინგეებს ქვები დაუშინა.

ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც დაახლოებით 70 მიგრანტისგან შემდგარი ჯგუფი სამხედრო მანქანას დაესხა თავს. სროლის შედეგად სატვირთოში მყოფი ჯარისკაცი დაშავდა. პოლიციამ თავდასხმის ეჭვით 12 მაროკოელი დააკავა, ყოველივე ამას ადგილობრივების მხრიდან საპასუხო აგრესია მოჰყვა.

მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს, ბოლო დღეებში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები გახშირდა. გასულ ხუთშაბათს მომიტინგეებმა მჯდომარე აქცია გამართეს, რათა "წითელი ჯვრის" მიერ მიგრანტებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების მიწოდება დაებლოკათ. პოლიციამ მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა, წინა დღეს კი სამართალდამცველები იძულებულნი გახდნენ მიგრანტთა ბანაკებთან ცრემლსადენი გაზიც გამოეყენებინათ.

სამოქალაქო გვარდიამ დამცავი ბარიერები გააძლიერა, თუმცა მიგრანტთა ახალი ნაკადი მაინც აღწევს ტერიტორიაზე. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ გადმოდიან ისინი ნავიდან მურსიასთან ახლოს, კალბლანკეს პარკის სანაპიროზე.

გასულ თვეში, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო, სეუტაში მასობრივი არალეგალური მიგრაციის პროცესი დაიწყო. არალეგალები, ძირითადად კაცები მაროკო- ესპანეთის ანკლავის 8-მილიან საზღვაო მონაკვეთს ცურვით ლახავდნენ.
ოფიციალური მონაცემებით, ამ მცდელობას 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ ათობით ათასი მიგრანტი უკან გააბრუნეს, დარჩენილთა ქმედებებმა ადგილობრივების რისხვა გამოიწვია, რაც მასობრივ არეულობებსა და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
იხილეთ ასევე: