ნეპალში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობისა და მეწყერის ფონზე, რომელმაც 750-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ნამდვილი გმირობის ამბავი გასკდა. სკოლის დირექტორმა, რეჯენდრა დადაბიმ, სწრაფი რეაგირებისა და სიმამაცის წყალობით, 1 600-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე სიკვდილს წამებში გამოჰგლიჯა ხელიდან, სანამ მისი სკოლა ნიაღვარმა მთლიანად არ წალეკა.

ყველაფერი დილის 09:20 საათზე დაიწყო. სკოლის დირექტორმა, რეჯენდრა დადაბიმ მეგობრისგან, რომელიც მდინარის ზემო წელში, 5 მილის მოშორებით ცხოვრობდა, პანიკური სატელეფონო ზარი მიიღო.
“მითხრა, რომ სოფელი აღარ არსებობდა და ის მდინარემ მთლიანად წაიღო“, - იხსენებს დადაბი.
იმ დროს სკოლაში უკვე 900 ბავშვი იმყოფებოდა, ხოლო კიდევ 700 მოსწავლე შენობისკენ ფეხითა და ავტობუსებით მოემართებოდა. სიტუაცია წამებში დაიძაბა, როდესაც ერთ-ერთი მშობელი სკოლაში შემოიჭრა და დაადასტურა, რომ წყლის დონე კატასტროფული სისწრაფით იმატებდა. დირექტორმა დაუყოვნებლივ დარეკა ზარი და მასწავლებლებს კლასების სასწრაფო ევაკუაცია უბრძანა.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მდინარის დონიდან თითქმის 200 ფუტის (დაახლოებით 60 მეტრის) სიმაღლეზე მდებარეობდა, ეს სტიქიისგან თავის დასაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა.
დირექტორი სასწრაფოდ დაუკავშირდა სკოლის ყველა ავტობუსის მძღოლს, რათა ისინი უკან მიებრუნებინა. მან ყველასთან დაკავშირება მოახერხა, გარდა ერთისა. როდესაც დაინახა, რომ ეს უკანასკნელი ავტობუსი სკოლისკენ მიმავალ ხიდზე გადადიოდა, წყალი უკვე ეზოში იჭრებოდა.

მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მთისკენ, უსაფრთხო ადგილისკენ დაიწყეს სირბილი. ერთ-ერთ გოგონას პანიკური შეტევა დაემართა, რის გამოც ის მოტოციკლის უკანა სავარძელზე დასვეს და ასე აიყვანეს მაღლობზე, დანარჩენები კი ფეხით გაიქცნენ.
“ბავშვები შეშინებულები იყვნენ, მაგრამ შიშმა მათ მთაზე ასარბენად წარმოუდგენელი ენერგია მისცა“, - ამბობს დადაბი. სკოლის შენობა კი ნიაღვარმა მთლიანად წაიღო.
სამწუხაროდ, სრულყოფილი ევაკუაციის მიუხედავად, სკოლის ორი თანამშრომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ეს საშინელი წყალდიდობა ათასობით ოჯახისთვის პირად ტრაგედიად იქცა. დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, 34 წლის პრამოდ პოდელი, რომელიც წარმოშობით ნეპალიდანაა და კვების ობიექტს ფლობს, ამჟამად თავის დედას, ძმასა და ბიძას ეძებს, რომელთა სოფელიც სრულად განადგურდა.
ამასთან, მისი ახლადდაქორწინებული 25 წლის მეუღლე, სუმიტრა, დაკარგულად ითვლება. პოდელმა მასთან ბოლო სატელეფონო საუბარი ოთხშაბათს დილით გამართა.
“ბოლოს როცა ველაპარაკე, მკითხა როგორ ვიყავი და მითხრა, რომ ძალიან ვუყვარვარ. მას შემდეგ კავშირი გაწყდა. ეს საშინელებაა, სიტყვებით ვერ აღვწერ რას ვგრძნობ. ისინი ჩემი მთელი სამყარო არიან“, - ამბობს პოდელი, რომელიც ჯერ კიდევ არ კარგავს იმედს და ღმერთს ევედრება.
იხილეთ ასევე: