სეუტას საემიგრაციო კრიზისის ფონზე, ესპანეთში, ქვეყნის მასშტაბით ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. პროტესტის მიზეზი მთავრობის უმოქმედობა და ქალაქში შექმნილი მძიმე ვითარებაა, სადაც ყოველდღიურად სექსუალური ძალადობის ფაქტები ფიქსირდება.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს ესპანელები სეუტას მაცხოვრებლების “მიტოვებაში“ ადანაშაულებენ. მას შემდეგ, რაც ესპანურ ანკლავში 72 000-მდე მიგრანტი შეიჭრა, ესპანური ექსკლავი ფაქტიურად ქაოსში ჩაიძირა. საზოგადოებრივი მღელვარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საზღვრის დარღვევის დღიდან სეუტაში ყოველდღიურად, საშუალოდ, მინიმუმ სექსუალური ძალადობის თითო შემთხვევა ფიქსირდება.



მასშტაბური აქციები ქვეყნის 200-ზე მეტ ქალაქში გაიმართა. ყველაზე მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები მადრიდსა და ბარსელონაში ჩატარდა, სადაც ათასობით მოქალაქე ეროვნული დროშებითა და ანტისამთავრობო ლოზუნგებით გამოვიდა.
აქციების ორგანიზება თავდაპირველად უპარტიო “ესპანეთის მუნიციპალიტეტებისა და პროვინციების ფედერაციამ“ დაიწყო, თუმცა მადრიდის უმსხვილეს მსვლელობას სათავეში მალევე კონსერვატიული “სახალხო პარტია“ (PP) და მემარჯვენე-პოპულისტური პარტია Vox ჩაუდგნენ.



თავის მხრივ ქვეყნის მთავრობა რეაგირების დაგვიანებასთან დაკავშირებით ბრალდებებს უარყოფს. 30 ივლისს დაწყებული კრიზისის შემდეგ, ანკლავში შესული მიგრანტების დიდმა ნაწილმა სეუტა ნებაყოფლობით დატოვა და მაროკოში დაბრუნდა, ხოლო დარჩენილი არალეგალები სამხედრო ძალებმა დროებით ბანაკებში განათავსეს. ამჟამად ქალაქში დაახლოებით 5 000 მიგრანტი რჩება.

დაძაბულობა პიკს აღწევს უშუალოდ სეუტაშიც, სადაც ადგილობრივებმა მიგრანტების დროებით ბანაკებს ცეცხლი წაუკიდეს. უკმაყოფილება გამოიწვია სანჩესის გადაწყვეტილებამაც, რომლის მიხედვითაც სეუტას სოციალური სერვისებისა და მიგრანტთა თავშესაფრების დასაფინანსებლად ასეულობით მილიონი ევრო გამოეყო.
იხილეთ ასევე: