TSQ Investment Group-ის საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს.
ცნობისთვის, საქართველოს ათასობით მოქალაქე, სავარაუდოდ, მორიგი მასშტაბური თაღლითობის მსხვერპლი გახდა. საუბარია ე.წ. საინვესტიციო პლატფორმაზე - TSQ Investment Group, რომელიც მომხმარებლებს კრიპტოვალუტით "ვაჭრობასა" და სწრაფ შემოსავლებს ჰპირდებოდა. ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ ეს კლასიკური თაღლითური პირამიდაა, სადაც რეალური კრიპტოოპერაციები არ ხორციელდება, ხოლო "მოგება" მხოლოდ ახალი წევრების მიერ შეტანილი თანხებიდან ფინანსდება.

"პროფესორი ჰენრი ჯონსი" TSQ Investment Group-ის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ის მომხმარებლებისთვის კრიპტოვალუტით ვაჭრობის ექსპერტად არის წარმოდგენილი და სწორედ მისგან იღებდნენ ადამიანები ე.წ. სავაჭრო სიგნალებს - მითითებებს, როდის და როგორ განეხორციელებინათ კონკრეტული ტრანზაქცია.