უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად დიპლომატიური ძალისხმევა უპრეცედენტო ტემპით იკრებს ძალას. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარი მომლაპარაკებლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ. კრემლის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ხვდება პუტინი ამერიკელ წარგზავნილებს და აღნიშნავს, რომ არსებული ვითარება “არც ისე მარტივია“.

შეხვედრისას სტივ უიტკოფმა პუტინს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ დათანხმდა სამი დღით შეეწყვიტა ორმხრივი დარტყმები უკრაინის დედაქალაქებზე. ტრამპის დესპანები დღესვე კიევში მიემგზავრებიან, რაც მათი პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება უკრაინის დედაქალაქში. პარასკევს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უიტკოფს და კუშნერს თან მიაქვთ კონკრეტული წინადადება ომის დასასრულებლად.
კრემლში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა მადლობა გადაუხადა ტრამპს სამშვიდობო ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ “რაც არ უნდა მოხდეს, ასეთი კონტაქტები ყოველთვის სასარგებლოა“. მან ამერიკელ მომლაპარაკებლებს უთხრა, რომ მათთან მუშაობა “კომფორტულია“ და დაამატა: “რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამ მუშაობისას ნდობის საკმაოდ მაღალი დონე არსებობს“.
რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, შეხვედრა პუტინის ოფიციალურ რეზიდენციაში დახურულ კარს მიღმა ჩატარდა და ზუსტად 3 საათს გაგრძელდა. პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა მოლაპარაკებებს “კონსტრუქციული და უაღრესად გულახდილი“ უწოდა. მისი თქმით, მხარეებმა არა მხოლოდ უკრაინის კრიზისი, არამედ ეკონომიკური საკითხები და პოტენციური მსხვილი, ორმხრივად მომგებიანი რუსულ-ამერიკული პროექტებიც დეტალურად განიხილეს. გარდა ამისა, უშაკოვმა აღნიშნა, რომ საუბრისას ყურადღება გამახვილდა საბრძოლო ზონაში რუსული არმიის ხელშესახებ წინსვლაზე და იმაზე, რომ მოლაპარაკებებმა კონფლიქტის “პირველმიზეზები“ უნდა გადაჭრას.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნემა არსებითი მოლაპარაკებები გამართეს. მათვე თქმით, შემდგომი ნაბიჯები მომდევნო კვირებში გამოცხადდება.

მოსკოვიდან ამერიკელი დესპანები პირდაპირ კიევში მიემგზავრებიან. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მან უკვე ისაუბრა მათთან და დაამტკიცა კიევში ამერიკულ გუნდთან დაგეგმილი შეხვედრების გეგმა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა ორშაბათის ჩათვლით თავი შეიკავოს მოსკოვზე დარტყმებისგან და იგივეს ელოდება რუსეთისგან.
თუმცა, პუტინმა სატელევიზიო გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარტყმების შეჩერება მხოლოდ კიევს ეხება და ის არ ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტას უკრაინის სხვა ტერიტორიებზე.
საგულისხმოა, რომ კუშნერისა და უიტკოფის კიევში ჩასვლის წინ, რუსეთმა ღამით “დემონსტრაციული“ დარტყმები განახორციელა კიევისა და ბორისპოლის აეროპორტებზე. ზელენსკის თქმით, ეს თავდასხმები იყო რუსეთის პირდაპირი რეაქცია იმაზე, რომ ამერიკულ მხარეს შეხვედრისთვის შესაძლოა თვითმფრინავი გამოეყენებინა და კიევის ან ბორისპოლის აეროპორტში დაშვებულიყო. მანამდე პრეზიდენტმა გარანტია მისცა ამერიკელებს, რომ ვიზიტისას რუსული თვითმფრინავისთვის უკრაინის საჰაერო სივრცე უსაფრთხო იქნებოდა, რაც რუსეთისგანაც მოითხოვა.
უკრაინის საჰაერო სივრცე სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, 2022 წლის თებერვლიდან ჩაკეტილია.
ამ დაძაბულობის ფონზე, რუსულმა ძალებმა დნიპროს რეგიონში საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს იერიში, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 5 დაშავდა.
კუშნერისა და უიტკოფის მოსკოვში ვიზიტამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე, რუსეთის დედაქალაქს იშვიათი ვიზიტით აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ხელმძღვანელი, ჯონ რედკლიფი ეწვია. ვაშინგტონსა და კრემლს ამ შეხვედრის დეტალებზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, ხოლო ტრამპმა მას “ნახევრად რუტინული“ უწოდა.
გასულ წელს აშშ-მა, უკრაინამ და რუსეთმა ცალ-ცალკე განაცხადეს, რომ ამერიკის მედიატორობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმება ახლოვდებოდა, თუმცა პარიზში გამართული შეხვედრები გარღვევის გარეშე დასრულდა. მხარეებს შორის კვლავ რჩება ფუნდამენტური უთანხმოება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტერიტორიები და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.
ბოლო თვეებში ორივე მხარემ საჰაერო იერიშები გააძლიერა, უკრაინა კი კვლავ განიცდის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ნაკლებობას ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად.
იხილეთ ასევე: