ავტორი:

ღამის კოშმარი ფრანგულ რივიერაზე - სპეცტანსაცმელში გამოწყობილმა ქურდებმა რენუარის ნახატები მოიპარეს, თუმცა ორი მათგანი გაქცევისას ბაღში დაყარეს: უცნაური ძარცვის დეტალები

ღამის კოშმარი ფრანგულ რივიერაზე - სპეცტანსაცმელში გამოწყობილმა ქურდებმა რენუარის ნახატები მოიპარეს, თუმცა ორი მათგანი გაქცევისას ბაღში დაყარეს: უცნაური ძარცვის დეტალები

საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ცნობილი იმპრესიონისტის, პიერ-ოგიუსტ რენუარის მუზეუმში უაღრესად ორგანიზებული და შეიარაღებული ძარცვა განხორციელდა. თუმცა, კრიმინალების გეგმა ჩაიფუშა: პოლიციის სირენების ხმით შეშინებულმა ქურდებმა გაქცევისას 9 მილიონ ევროდ შეფასებული ოთხი შედევრიდან ორი მუზეუმის ბაღში დაყარეს.

ინციდენტი საფრანგეთის რივიერაზე, ქალაქ კანი-სიურ-მერში მდებარე რენუარის მუზეუმში მოხდა, რომელიც სწორედ იმ მამულშია მოწყობილი, სადაც მხატვარმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. სამშაბათს, ადგილობრივი დროით ზუსტად 05:48 საათზე, მუზეუმში განგაშის სიგნალი ჩაირთო. პოლიცია შემთხვევის ადგილზე სულ რაღაც 5 წუთში, 05:53 საათზე გამოჩნდა, თუმცა მძარცველებმა მიმალვა მოასწრეს.

ადგილობრივი მერის, ბრიან მასონის განცხადებით, დამნაშავეები კარგად იყვნენ მომზადებულები და ინფორმირებულები. მათ ძარცვის დრო საგანგებოდ შეარჩიეს, რათა დაცვის პერსონალის ცვლის გადაბარების მომენტით ესარგებლათ. მუზეუმის ტერიტორიაზე შესასვლელად მათ მავთულხლართების ღობე ელექტრო დანითა და ხერხით გაჭრეს.

სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ თავდამსხმელებს მუზარადები, ხელთათმანები და საბრძოლო ეკიპირება ეცვათ. მათ სწრაფად გადაჭრეს კონსტრუქციები, რომლებზეც ნახატების ჩარჩოები იყო დამაგრებული და ოთხი ტილო გაიტაცეს. თუმცა, განგაშის ხმამ და პოლიციის სირენებმა ისინი აიძულა გაქცეულიყვნენ, რის გამოც მუზეუმის ბაღში ორი ნახატი დაუვარდათ. სამართალდამცველებმა ბაღში ასევე იპოვეს ორი ელვა-შესაკრავიანი ჩანთა, რომელიც, სავარაუდოდ, დამნაშავეებს ეკუთვნოდათ.

  • რომელი ნახატებია დაკარგული?

საწყის ეტაპზე ხელისუფლებას მიაჩნდა, რომ ქურდებმა მხოლოდ ერთი ნახატი დატოვეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ორი ტილო მართლაც მუზეუმის ბაღში იყო მიტოვებული.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მოპარული ოთხივე ნახატი რენუარის შემოქმედებას ეკუთვნის:

  • “მადამ პიშონის პორტრეტი“ (Portrait of Madame Pichon, 1895)
  • “კოკო კითხულობს“ (Coco Lisant, 1905)
  • “მადამ კოლონა რომანოს პორტრეტი“ (Portrait of Madame Colonna Romano, 1910)
  • “ახალგაზრდა ქალი ჭასთან“ (Jeune femme au puits, 1886)

ამჟამად პოლიცია კვლავ ეძებს ორ გატაცებულ ნახატს - ესენია: “მადამ კოლონა რომანოს პორტრეტი“ (1910) და “ახალგაზრდა ქალი ჭასთან“ (1886). ჯერჯერობით უცნობია, მიადგა თუ არა რაიმე დაზიანება ბაღში ნაპოვნ ორ ნახატს. მერიის განცხადებით, მუზეუმის კოლექცია სულ 12 ნახატისგან შედგებოდა.

ცნობილი არტ-დეტექტივი ართურ ბრენდი აცხადებს, რომ მძარცველებს ნახატების გაყიდვა გაუჭირდებათ.

“მათ ვერავინ იყიდის, რადგან ისინი უკვე შეტანილია ყველა მონაცემთა ბაზასა და გაზეთში. საბოლოო ჯამში, ნახატებს ალბათ მაინც იპოვიან“, - აღნიშნავს დეტექტივი.

მისი თქმით, იშვიათ შემთხვევებში, კრიმინალური სამყაროს ლიდერები მოპარულ ხელოვნების ნიმუშებს გირაოდ იყენებენ, რათა სასჯელი შეიმსუბუქონ, როგორც ეს 2016 წელს მაფიის ერთ-ერთმა ბოსმა ვან გოგის მოპარულ ნახატებთან დაკავშირებით გააკეთა. თუმცა, ნახატების გაყიდვა დღეს ძალიან რთულია, რის გამოც ბოლო 10 წელია ქურდებმა ყურადღება გადაიტანეს ძვირფას ლითონებზე, ქვებსა და ისტორიულ არტეფაქტებზე (მაგალითად, ჩინურ ფაიფურზე), რომელთა გადადნობა ან დაშლა მარტივია და კვალს არ ტოვებს.

  • ეს თავდასხმა არ არის ერთადერთი შემთხვევა. გასულ წელს პარიზში, ლუვრის მუზეუმიდან 88 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.

ლუვრის ძარცვის შემდეგ ევროპაში მუზეუმებზე თავდასხმების ტალღამ იფეთქა - მოიპარეს მონეტები საფრანგეთში, ბრინჯაოს ხანის არტეფაქტები ესპანეთში და ბრილიანტის ყელსაბამი ვენაში.

ანალოგიური შემთხვევა მოხდა მიმდინარე წლის მარტში იტალიაშიც, სადაც მუზეუმიდან რენუარის “თევზები“, სეზანისა და მატისის ნახატები გაიტაცეს, თუმცა პოლიციამ მათი პოვნა და დაბრუნება გასულ თვეში შეძლო.

წყარო

იხილეთ ასევე: