ავტორი:

მეცნიერების სენსაციური აღმოჩენა - რატომ არის ტალახში ხელების გასვრა ჩვენი იმუნიტეტისთვის საუკეთესო წამალი და როგორ იცავს მიწა ორგანიზმს უმძიმესი სენისგან?

მეცნიერების სენსაციური აღმოჩენა - რატომ არის ტალახში ხელების გასვრა ჩვენი იმუნიტეტისთვის საუკეთესო წამალი და როგორ იცავს მიწა ორგანიზმს უმძიმესი სენისგან?

ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად სეირნობს პარკებში, ტკბება ყვავილების სურნელითა თუ ფრინველთა გალობით, თუმცა სახლში ყოველთვის იდეალურად სუფთა ხელებით ვბრუნდებით. როგორც ირკვევა, ეს დიდი შეცდომაა! უახლესი მეცნიერული კვლევები ადასტურებენ, რომ ხეების, ბუჩქებისა და ნიადაგის შეხება ჩვენს კანსა და იმუნურ სისტემას საოცარ სარგებელს მოუტანს.

ფინეთის გარემოს დაცვის ინსტიტუტის ეკოლოგმა და ბუნება-ჯანმრთელობის მკვლევარმა, მირა გრიონროოსმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა. მან ადამიანებს სთხოვა, 20 წამის განმავლობაში ხელები მიწით, ტორფითა და ხავსით დაეზილათ.

  • შედეგი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა: მიუხედავად იმისა, რომ წყლით ჩამობანის შემდეგ ხელები შეუიარაღებელი თვალისთვის აბსოლუტურად სუფთად გამოიყურებოდა, კანზე არსებული მიკრობების მრავალფეროვნება და რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა.

ბაქტერიების მატება საშიშად სულაც არ უნდა მივიჩნიოთ. როდესაც კანზე მიკრობების მდიდარი ნაზავი თანაარსებობს, ისინი ერთმანეთს აკონტროლებენ და გვიცავენ ბევრად უფრო მავნე, პათოგენური ბაქტერიებისგან. მცენარეებთან და ნიადაგთან კონტაქტი კანის მიკრობული მრავალფეროვნების გაზრდის ყველაზე მარტივი გზაა, რაც აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას.

მკვლევარი აღნიშნავს, რომ 20 წამი საკმარისი არ არის, რადგან კანის მიკრობიოტა სწრაფად უბრუნდება საწყის მდგომარეობას, ამიტომ ბუნებასთან ხშირი და ხანგრძლივი კონტაქტია საჭირო.

  • “დაავადება დიქტატორივითაა, ჯანსაღი კანი კი დემოკრატიას ჰგავს“ - უნიკალური ექსპერიმენტი ბავშვებზე

ფინეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე “აურინკოლინას“ საბავშვო ბაღში ბავშვებისთვის ტალახიანი ხელები ყოველდღიური ნორმაა. ისინი დღეში მინიმუმ ორ საათს ატარებენ ტყიან სათამაშო მოედანზე, სადაც ბუჩქებს შორის დარბიან, ხეებზე ძვრებიან და ხელებით ტალახსა და ხის ნატეხებს ეხებიან.

მეცნიერები ამჟამად სწავლობენ, თუ როგორ მოქმედებს ეს მათი ჯანმრთელობისთვის. ისინი მონაწილეობენ მასშტაბურ სამწლიან პროექტში “Vahvistu“, რომელიც ფინეთის 43 საბავშვო ბაღს აერთიანებს. კვლევა ეყრდნობა გარემოსდაცვითი მეცნიერის, მარია როსლუნდის მიერ ჩატარებულ ნაშრომს.

2016-2017 წლებში როსლუნდმა საბავშვო ბაღის ეზოში ტყის ნიადაგი, ტორფი და მცენარეების ყუთები შეიტანა. ბავშვებს, რომლებიც აქ რეგულარულად თამაშობდნენ 28 დღის განმავლობაში, ერთი წლის შემდეგ კანზე გაცილებით მაღალი მიკრობული მრავალფეროვნება აღმოაჩნდათ, ვიდრე მათ, ვინც მოკირწყლულ (მოასფალტებულ) ეზოში თამაშობდა.

“დაავადება დიქტატორივითაა, ჯანსაღი კანი კი დემოკრატიას ჰგავს“, - აცხადებს როსლუნდი. მისი თქმით, მიკრობების სიმდიდრე უბრალოდ არ უტოვებს ადგილს მავნე პათოგენებს, რადგან მათთვის სივრცე აღარ რჩება.

  • გავლენა გულსა და კოგნიტურ ფუნქციაზე

კანის ჯანმრთელობა ბევრად უფრო ღრმა პროცესებზე ახდენს გავლენას - ჰორმონალურ აქტივობაზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და კოგნიტურ ფუნქციაზეც კი. როსლუნდმა ჩაატარა კიდევ ერთი ექსპერიმენტი: ბავშვების ერთი ჯგუფი თამაშობდა მიკრობულად მდიდარი ნიადაგით სავსე ქვიშის ყუთში, მეორე კი ჩვეულებრივ ქვიშაში.

მდიდარ ქვიშაში მოთამაშე ბავშვებს არა მხოლოდ კანის მიკრობიოტა გაუუმჯობესდათ, არამედ სისხლში შეეცვალათ იმუნური მარკერების ციტოკინების რაოდენობა, რომლებიც ორგანიზმს ეხმარებიან საფრთხეებთან ბრძოლაში ისე, რომ იმუნური სისტემა ზედმეტად აქტიური არ გახდეს (იმუნორეგულაცია).

ამასვე ადასტურებს ბიომრავალფეროვნების ჰიპოთეზა, რომლის თანახმად, გარემოში ბიომრავალფეროვნების დაკარგვამ შესაძლოა გამოიწვიოს იმუნური სისტემის დარღვევების ზრდა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ბაქტერიების ერთ-ერთი ოჯახი, gammaproteobacteria, ხელს უწყობს ორგანიზმში რეგულატორული T-უჯრედების (თეთრი სისხლის უჯრედები, რომლებიც აბალანსებენ იმუნურ სისტემას და ხელს უშლიან აუტოიმუნურ დაავადებებს) გამომუშავებას.

თუმცა, მეცნიერები ჯერჯერობით დარწმუნებით ვერ ამბობენ, იცავს თუ არა ეს სრულად ეგზემის, ასთმისა თუ ალერგიისგან, მაგრამ ვარაუდობენ, რომ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ეს საოცარი ეფექტი მხოლოდ ბავშვებში არ ვლინდება. ერთ-ერთ კვლევაში ზრდასრულ ადამიანებს სთხოვეს, ზამთარში ოთახის პირობებში მოეყვანათ ბოსტნეული მდიდარი ნიადაგის გამოყენებით. მათ, ვინც ყოველდღე უვლიდა მცენარეებს ერთი თვის განმავლობაში და შემდგომ მიირთვა მოსავალი, კანზე მიკრობების მრავალფეროვნება და სისხლში ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების რაოდენობა საგრძნობლად გაეზარდათ, განსხვავებით იმ ჯგუფისგან, რომელიც ღარიბ ნიადაგს იყენებდა.

წყარო

იხილეთ ასევე: