ავტორი:

"ეს შენთვის მხოლოდ მედია ბრძოლა არ იქნება, აუცილებლად შევხდებით! რომანოვის ღალატი დაუსჯელი არ დარჩება" - მამუკა მამულაშვილის პასუხი ფარცხალაძეს

"ეს შენთვის მხოლოდ მედია ბრძოლა არ იქნება, აუცილებლად შევხდებით! რომანოვის ღალატი დაუსჯელი არ დარჩება" - მამუკა მამულაშვილის პასუხი ფარცხალაძეს

"ჩვენ გიყურებთ, გიმახსოვრებთ და აუცილებლად მოგთხოვთ პასუხს საქართველოს ღალატისთვის", - ამგვარი პასუხი გასცა უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს, რომელმაც ჯერ რუსეთის მხარდამჭერი ქართველი მოხალისეების დანაყოფის "გეორგიევსკის“ შექმნა დააანონსა, შემდეგ კი "ქართული ლეგიონის“ მებრძოლები სამხედრო დამნაშავეებად მოიხსენია. როგორც მამულაშვილი ამბობს, ფარცხალაძე-რომანოვი ერთადერთი არ არის, სამშობლოს ღალატში ასევე შემჩნეულია მამუკა ფიფია და პაატა აბულაძე. მისივე თქმით, პაატა აბულაძემ მოსკოვში პირადად ჩაიტანა "ქართული ლეგიონის“ სიები და რუსულ სპეცსამსახურებს გადასცა.

მამუკა მამულაშვილი:

- სამხედრო დამნაშავე არის როგორც აგრესორი ქვეყანა, ისე ის, ვინც აგრესორის მხარეს იბრძვის. ფარცხალაძე-რომანოვი უკვე სამხედრო დამნაშავეა, რადგან თავადვე დაადასტურა, რომ სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. რაც შეეხება "ქართულ ლეგიონს", რუსეთმა 2022 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, შესაბამისად, ლეგიონის ყველა წევრი ტერორისტად გამოგვაცხადა. ამიტომ ამაში ახალი არაფერია. ჩვენ პრიმიტიულ დონეზე მუქარებს არ დავიწყებთ, როგორც ნამდვილი სამხედროები, სხვაგვარად ვმოქმედებთ. რაც შეეხება ფარცხალაძე-რომანოვს, გპირდებათ, რომ მისი ღალატი დაუსჯელი არ დარჩება.

- იმედი გაქვთ, რომ მას ფრონტის ხაზზე შეხვდებით?

- ფრონტის ხაზზე ვერ შევხვდებით. ის, რომ მწვანე ფორმით დაჯდა და მუქარის შემცველი განცხადებების გაკეთება დაიწყო, იმას არ ნიშნავს, რომ ფრონტის ხაზზე იმყოფება. მას, უბრალოდ, დავალებული აქვს, შექმნას განწყობები, რომ თითქოს ქართველები მხოლოდ უკრაინის გვერდით არ დგანან ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომ ქართველები სულაც არ არიან თავისუფლებისმოყვარე, მებრძოლი ერი. გარუსებული კაცის ბოლო ინტერვიუმ დაადასტურა, რომ სწორედ "ქართული ლეგიონის“ საპირწონედ იქმნება მედია-დანაყოფი - "გიოერგიევსკი“. ამას, სერიოზულ სამხედრო ძალას ვერ დავარქმევთ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. მაგრამ მინდა, იცოდეს, მე მას მივმართავ - "ეს შენთვის მხოლოდ მედია ბრძოლა არ იქნება, აუცილებლად შევხდებით!

- თუ გაქვთ ინფორმაცია, მამუკა ფიფიას გარდა, კიდევ არიან თუ არა ქართველები, რომლებიც მასთან ერთად რუსული საოკუპაციო რეჟიმის სასარგებლოდ მოქმედებენ?

- მამუკა ფიფია არც ქართველია და არც კაცი, ეგ ადამიანი ნახევრად კაცია. რუსეთში ნამდვილად არიან ე.წ. ქართველების მცირერიცხოვანი ჯგუფები, რომლებიც კრემლის დავალებით მოქმედებენ, თუმცა მათი მოქმედება ჯერჯერობით საინფორმაციო ველს არ გასცილებია. მე ვიცი, რომ პაატა აბულაძემ, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის სიძეა, რუსულ მხარეს "ქართული ლეგიონის" მებრძოლთა სია გადასცა. ეს საქმე საქართველოს მოქალაქის მხრიდან მტრულად განწყობილი ქვეყნისთვის ქართველი სამხედროების შესახებ ინფორმაციის გადაცემას ეხება, რაც წესით სამართლებრივი შეფასების საგანი უნდა გახდეს. თუ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებს ან კრემლის ზეწოლის ქვეშ არ იმყოფება, ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს და კალაძის სიძის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. მე მათ შევახსენებ, რომ საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს რუსეთთან, რუსეთი საქართველოს მიერ ოკუპანტ სახელმწიფოდ არის აღიარებული და კანონით აკრძალულია მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა.

თუ საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები კანონის შესაბამისად არ მოიქცევიან, ჩვენ დავიმახსოვრებთ მოღალატეების გვარ-სახელებს და საჭირო დროს საჭირო პასუხს გავცემთ. არ იფიქროთ, რომ რომანოვ-ფარცხალაძის მუქარის გამო ვარ გაღიზიანებული, ამ გარუსებული გაცის შეფასება არაფერია იმასთან შედარებით, რა გამოწვევებიც ყოველდღიურად გვაქვს.

ომში ყველაფერი უფრო ადვილია, პირდაპირ ხედავ მტერს და შეგიძლია მისი განადგურება. ჩვენ კი გვიწევს გავუმკლავდეთ რუსების მიერ დაგებულა სხვადასხვა სახის ხაფანგებს, იქნება ეს "ქართულ ლეგიონზე“ დეზინფორმაციის გავრცელება, მკვლელების მოგზავნა, ჩვენი წევრების მოსყიდვის მცდელობა, ჩასაფრება… რომანოვ-ფარცხალაძე საკმაოდ დიდი ხანი იყო საქართველოს გენერალური პროკურორი, უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რამდენი ზიანი ექნება ჩვენი ქვეყნისთვის მიყენებული. მას მოუწევს პასუხისგება საეჭვო ვითარებაში დაღუპული თითოეული ქართველი სამხედროსთვის. სამწუხაროდ, რომანოვი გამონაკლისი არ არის. რუსეთის აგენტი დღესაც ბევრი გვყავს მთავრობის რიგებში, რომლებსაც ჯერ საჯაროდ ომი არ გამოუცხადებიათ ჩვენთვის, თუმცა ფარულად საკმაოდ აქტიურად მუშაობენ. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი ჩვენში საფრთხეს ხედავენ.

- მათ შიშებსა თუ ეჭვებს რამდენად აქვს საფუძველი?

- ჩემი ერთადერთი მიზანი ჩემი ქვეყნის ოკუპაციური რეჟიმის მარწუხებისგან გათავისუფლებაა. ჩემი ამოცანა მტერი ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაა, უკრაინაში იქნება ეს თუ სხვაგან. ახლა თავად განსაჯონ, ვარ თუ არა მე მათთვის საფრთხე.

- რაც შეეხება ფრონტი ხაზს, რა ხდება ახლა იქ და რამდენად შეცვალა ბრძოლის ბრძოლის სტრატეგია თავდაცვის უწყებაში ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა და რამდენად შეიცვალა ამ მოცემულობაში "ქართული ლეგიონის“ როლი?

- ცვლილებები ასე სწრაფად, რა თქმა უნდა, ვერ განხორციელდებოდა, თუმცა ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. თავდაცვის ახალი მინისტრი ევგენი ხმარა ჩემი მეგობარია, ჩვენ ერთად ვიბრძოდით 2014-2015 წლებში და მას შემდეგაც ახლო ურთიერთობა გვაქვს. მან სამხედრო კარიერის ყველა ეტაპი გაიარა და დამსახურებულად გახდა გენერალი. ამას გარდა ძალიან ღირსეული და კარგი ადამიანია. რაც შეეხება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ-მაიორ მიხაილო დმიტრო დრაპატს, ის მაშინ გავიცანი, როდესაც მასთან ერთად ერთ ცერემონიაზე სახალხო გმირის წოდებით დამაჯილდოვეს. ამ ადამიანების პროფესიონალიზმის წყალობით უკვე გვაქვს პოზიტიური ცვლილებები.

რაც შეეხება "ქართულ ლეგიონს“, ახალ ეტაპზეა გადავედით. ფაქტობრივად, დანაყოფის თითქმის მთელი შემადგენლობა გადამზადებულია, როგორც საჰაერო უპილოტო საფრენი აპარატების, ისე სახმელეთო უპილოტო სისტემების მიმართულებით და საკმაოდ დიდი წარმატებაც გვაქვს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მტრის განადგურების ყოველდღიური მაჩვენებლით "ქართული ლეგიონი“ ერთ-ერთ საუკეთესო დანაყოფად მიიჩნევა.

- ამ დრომდე უკრაინა ძირითადად სამხედრო და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ანადგურებდა. ახლა რამდენად მოსალოდნელია ამ დარტყმების მასშტაბის გაფართოება ან სტრატეგიის ცვლილება და კიდევ რა "სიურპრიზებს“ უნდა ელოდოს რუსეთი, რომელსაც, სპეციალისტების თქმით ისედაც საკმაოდ მძიმე ზამთარი ელის?

- უკრაინის ტექნოლოგიური პროგრესი აშკარაა. განსხვავება ისაა, რომ თუ რუსეთი ომს მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებით აწარმოებს, უკრაინის პრიორიტეტი წმინდა სამხედრო, ლოჯისტიკური და ენერგეტიკული, მათ შორის, ნავთობგადამამუშავებელი) ობიექტებია. ზამთრის დადგომამდე კიევი მოსკოვს კიდევ არაერთ სერიოზულ გამოწვევას შეუქმნის.

- კიდევ ერთი ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერსპექტივაში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები განახლდება და ასევე გაახმოვანა მუქარა, რომ რუსეთი თუ სასურველ შედეგს მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ მიაღწევს, მიზნებს ფრონტის ხაზზე მიაღწევს. როგორ აფასებთ რუსეთის დღევანდელ რესურსებს და რამდენად განსხვავდება მისი შესაძლებლობები ომის საწყისი ეტაპისგან?

- ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა შეძლო საკუთარ ტერიტორიაზე გარკვეული სამხედრო წარმოების გაფართოება და ადაპტაცია. სამწუხაროდ, უკრაინას ჯერ არ აქვს მსგავსი მასშტაბის რესურსი, თუმცა ნელ-ნელა უკვე ახორციელებს ეფექტიან დარტყმებს ღრმად, რუსეთის ტერიტორიაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინამაც შეძლო ტექნოლოგიური გარღვევა და შექმნა საშუალებები, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს რუსულ სამხედრო მანქანას და ხელს უშლის მის წინსვლას.

- ხედავთ თუ არა საერთოდ ამ ომის დასრულების კონტურებს და როგორ წარმოგიდგენიათ მისი საბოლოო შედეგი?

- ომის დასრულების ერთადერთი რეალური სცენარი უკრაინის სრული დეოკუპაციაა. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში მივიღებთ იმავე სცენარს, რაც საქართველოში მოხდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რასაც მოჰყვება შემდგომი ოკუპაცია. უკრაინაში ძალიან კარგად ესმით, რა სდევს თან რუსეთთან დროებით ზავს, ეს არის მტრის გადაიარაღება და ახალი ომი, ზუსტად ისე, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მოხდა 90-იანების შემდეგ, 2004, 2008 და მომდევნო წლებში. უკრაინა საქართველოს გამოცდილებაზე ძალიან კარგად ხედავს ამ საფრთხეს.

"ქართული ლეგიონის“ მთავარი და საბოლოო მიზანი სწორედ საქართველოს რუსეთისგან დეოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებაა. დღეს "ქართულ ლეგიონს“ ჰყავს ძალიან დიდი, კარგად მომზადებული და შეიარაღებული კონტინგენტი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან თანამედროვე ომისთვის. შესაბამისად, ჩვენ გვყავს ძალა, ვისაც ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება შეუძლია. თუმცა ყველაფერი ქართულმა საზოგადოების გადასწყვეტია. თუ ეს იქნება სამხედრო გზა, ჩვენ აუცილებლად ჩავერთვებით და ვიქნებით ამ ბრძოლის წინა ხაზზე. თუ ეს პოლიტიკურად მოხდა, ამას რა სჯობს, თუმცა ისტორიულად რუსეთთან ტერიტორიების პოლიტიკური გზით დაბრუნება არასდროს მომხდარა და მე ეჭვი მეპარება, რომ ეს საკითხი დიპლომატიით გადაწყდეს.

იხილეთ ასევე: