ავტორი:

“მეორედ დამარტყა მეხმა და კიდევ ცოცხალი ვარ... სამყარო რაღაცას მიმზადებს“ - რას ჰყვება ქართველი მოგზაური იდუმალებით მოცულ შემთხვევაზე, რომელიც ბრაზილიაში შეემთხვა

“მეორედ დამარტყა მეხმა და კიდევ ცოცხალი ვარ... სამყარო რაღაცას მიმზადებს“ - რას ჰყვება ქართველი მოგზაური იდუმალებით მოცულ შემთხვევაზე, რომელიც ბრაზილიაში შეემთხვა

“მეორედ დამარტყა მეხმა და კიდევ ცოცხალი ვარ. რა ვიცი, ალბათ ბედია, გამოცდაა... სამყარო რაღაცას მიმზადებს, ან უბრალოდ უნდა მივეჩვიო მეხის დაცემას. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ რამდენიმე კაპილარი მაქვს გახეთქილი. წოლითი რეჟიმი გამომიწერეს, თუმცა ერთ ადგილას ვერ ვისვენებ და... ცოტას მოვფერიანდები და უფრო მეტს მოგიყვებით.

პირველმა მეხმა ფაქტობრივად გამთიშა - არაფერი მახსოვს. ახლა კი, წამის მეათასედში, რამდენი რამ მოხდა... უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რომ ცივილიზაციაში ვარ და სანერვიულო არაფერია. ჩანჩქერზე ვიყავი და მარტო არ გახლდით, საავადმყოფოში მალევე მიმიყვანეს. ყველანაირი კვლევა და შემოწმება გავიარე, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც გამოცანაა და ჯერ პასუხი არ მაქვს“, - ეს გახლავთ ქართველი მოგზაურის ნიკოლოზ ბარტყულაშვილის ვიდეომიმართვა თავის ფეისბუქმეგობრების მიმართ, რომელიც რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. ნიკოლოზთან ინტერვიუ Ambebi.ge - ზე 1-ელ სექტემბერს გამოქვეყნდა, მას მერე, რაც მას მეხი პირველად დაეცა. ინტერვიუში ნიკოლოზი ჰყვებოდა ფაქტობრივად თავისი გადარჩენის ამბავს.

ნიკოლოზ ბარტყულაშვილს, რომელსაც 196 ქვეყანა აქვს მოვლილი და ზოგან მეორედ და მესამედ არის ნამყოფი, ალბათ ადვილი წარმოსადგენია, რამდენი გამოწვევა და პრობლემა აქვს გადალახული. ახლა კი ამბობს, რომ მეორედ მეხის დაცემის შემდეგ ფაქტობრივად გაოგნებული, გაოცებული, შოკირებულია. მას პასუხი არ აქვს კითხვაზე, ერთი თვის მანძილზე რანაირად შეიძლება ადამიანს მეხი ორჯერ დაეცეს...

ნიკოლოზ ბარტყულაშვილი:

- ვიმყოფები ბიკა დუ იპუში (ბრაზილია) ჩანჩქერი, ფაქტობრივად, ამ პატარა ქალაქიდან დაახლოებით სამი კილომეტრის სავალზეა. სანახავად წინა დღესაც ვიყავით, უკვე საღამო იყო და ბინდდებოდა. მერე, დილით ადრე გავაღვიძე ყველა, რომ ჩემთან ერთად შეხვედროდნენ მზის ამოსვლას - მზის ამოსვლას ვეგებები ხოლმე - ასეთი ჰობი მაქვს...

ჩვეულებრივად, ჩანჩქერის ზემოდან, ცოტა მაღალზე გავაგრძელეთ გზა, შევხვდით მზის ამოსვლას და უკან წამოსვლისას ცოტა წამოწინწკლა, მერე წვიმაც წამოვიდა.

დაბლა ჩამოვედით და ჩანჩქერს ჩამოვუარეთ. ჯგუფში 5 გოგონა და 3 ბიჭი ვიყავით. ბიჭებმა გზა ცოტა ზევით, სხვა კლდისკენ გააგრძელეს, მე კი გოგოებთან შემოვრჩი. ვინც მიცნობს, იცის, რომ ეზოთერულ და ასტრო-ეზოტერულ თემებზე საუბარი მიყვარს. ასე საუბარ-საუბარში ჩამოვყევით გზას.

წვიმის გამო დავსველდით. პირველი მეხის დაცემის შემდეგ ყურის მგრძნობელობა მომატებული მაქვს და თითქოს ჭექა-ქუხილის ხმა მომესმა. გოგოებსაც ვუთხარი, თუმცა ვიფიქრე, რომ ეს უბრალოდ ჩემი მომატებული სენსიტიურობის ბრალი იყო.

ვინც ჩემი სიარულის მანერას იცნობს, იცის, რომ ცოტა ხტუნვა-ხტუნვით სიარული მიყვარს - კიბეებზეც მინიმუმ 2-3 საფეხურის გამოტოვებით ავრბივარ და ჩამოვრბივარ... იმ დღეს სველ გზაზეც დიდ-დიდ ნახტომებს ვაკეთებდი. ზუსტად მინდა აღვწერო ეს მომენტი: ადრე თამაში “მარიო“ რომ იყო ხტუნაობით რომ მიდიოდა და შემდეგ ეტაპზე გადადიოდა? ზუსტად ასე ვხტებოდი. უცებ რაღაც დიდზე ავხტი და შეგრძნება მქონდა, რომ გოლიათი ვიყავი და ძალიან შორს დავხტი. გოგოებმაც დამინახეს, როგორ გადავხტი დიდ მანძილზე...

- ე.ი. დაგეცათ და ასე აგახტუნათ?

- ჩემთან ერთად სამი ფრანგი, ერთი ბელგიელი და ერთი შვეიცარიელი გოგო იყო (მათთან მერე ამ თემაზე ინტერვიუებსაც ჩავწერ). რომ დავხტი, რამდენიმე წამი შოკში მყოფი ვიდექი და მერე დავეცი. კუნთები საერთოდ არ მემორჩილებოდა, თითქოს გამიშეშდა. გოგოები დასახმარებლად მოცვივდნენ. მართალია, მძიმე ვარ, მაგრამ როგორც შეძლეს, წამომწიეს. რამდენიმე ხის ტოტისგან საკაცესავით გააკეთეს და ოთხმა ადამიანმა ამწია. ერთ-ერთი მძიმე ზურგჩანთით მოდიოდა. ასე ჩამომიყვანეს გზამდე დაახლოებით 500-600 მეტრი იარეს, მერე პირველივე შემხვედრი პიკაპივით მანქანა გააჩერეს და საავადმყოფოში გადამიყვანეს.

- გონება არ დაგიკარგავთ?

- არა, ჩვეულებრივად ვაზროვნებდი, უბრალოდ, უხერხული მომენტი იყო, რომ გოგოებს მოვყავდი. ხელებს ცოტათი ვამოძრავებდი, მაგრამ ფეხებს საერთოდ ვერა. შოკირებული და შეშინებული ვიყავი.

მეხის დაცემა და ჩემი გადახტომა ერთმანეთს დაემთხვა. იმ რამდენიმე წამში ძალიან განსხვავებული შეგრძნებები მქონდა - როგორც ვთქვი, თითქოს ძალიან დიდი, გოლიათი ვიყავი და ამ ყველაფერს ზემოდან ვუყურებდი. წამში მეხსიერებიდან იმდენმა რამემ გამიელვა, უკვე ორი დღეა ვფიქრობ, ეს ეპიზოდები როგორ და რატომ წამოტივტივდა. მაგალითად:

  • ფლორიდაში მეგობრებს მშენებლობაზე რომ გავყევი და 1-2 დღე რაღაცების დანგრევაში რომ ვეხმარებოდი;
  • 2008 წელს, ომამდე ორი თვით ადრე, ისრაელში ქართველ სასულიერო პირებთან ერთად ექსკურსიაზე რომ ყოფნა და მათთან დიალოგები;
  • მონტანაში გაყინულ ტბაზე მანქანით გადასვლა და შიში, რომ ყინული არ ჩატეხილიყო...

ასეთი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი სადღაც 100-მდე ეპიზოდი მაინც ტივტივებდა. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, საიდან ან რატომ წამოვიდა ეს ყველაფერი. არადა, ეს რეალურად სულ წამებში ხდებოდა ეს, დიდხანს არ გაგრძელებულა.

- ახლა როგორ ხართ?

- მთლიანობაში კარგად ვარ. რამდენიმე კაპილარი გაწყდა და ნაკაწრებივით მაქვს. ექიმებმა დიდი ნახვევი დამადეს, ეს 2 დღეში მორჩება. მთავარია, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემა კარგად მუშაობს. საავადმყოფოში მიყვანისას ფეხების ამოძრავება უკვე შევძელი, თუმცა დასუსტებული ვიყავი.

არ ვიცი, გსმენიათ თუ არა ციფრებთან 3, 6, 9 - დაკავშირებით რაიმე, მაგრამ პითაგორადან დაწყებული, ამ კომბინაციაზე ბევრი ამახვილებდა ყურადღებას. ბოლო დროს ნიკოლა ტესლაზეც ხშირად ამბობდნენ, თუ რას აკეთებდა ამ რიცხვების მიხედვით - “თუ იცი ამ რიცხვების მაგნიტიზმი, ე.ი. სამყაროს გასაღები გაქვსო“. ახლა, შეიძლება ეს საერთოდ არ არის ჩემს მეხის დაცემასთან კავშირში, მისტიკაა ან უბრალო დამთხვევაა, მაგრამ ასეთ რამეს გეტყვით: მე დავიბადე 3 მარტს (მარტიც მე-3 თვეა), დღის 3 საათზე, 1986 წელს (ამ ციფრების ჯამიც 6-ზე და მერე 3-ზე ჩამოდის). პირველად რომ დამარტყა მეხმა, 6 რიცხვი იყო, დილის 6 საათი. ახლა მე-9 თვე (სექტემბერი), 9 რიცხვი და 9 საათი. ეს, როგორც ვთქვი, შეიძლება არაფერ შუაშია, მაგრამ 40 წლის ვარ და მეხის დაცემას ორჯერ გადავურჩი. არც ვიცი, რა დავარქვა ამ სიტუაციას. ახლა ამაზე უფრო დავფიქრდი - რამდენად მისტიკურია ეს ყველაფერი?!

- რა ფენომენია, ასეთი სიხშირით, ერთ ადამიანზე მეხის დაცემა. რას შეეძლო გამოეწვია?

- განსაკუთრებით პირველი შემთხვევის შემდეგ ჩავუღრმავდი ამ საკითხს და AI-საც (ხელოვნურ ინტელექტს) ვეკითხებოდი. მეხის დაცემისას გადარჩენის შანსი დიდია, თუმცა თვითონ ადამიანზე მეხის დაცემის ალბათობა - ძალიან მცირე. პირველი შემთხვევის შემდეგ კომენტარებშიც მწერდნენ, რომ ორგანიზმი დამუხტული გაქვს და დიდი შანსია მეორედაც დაგარტყასო. ესეც ვკითხე AI-ს.

მეტალის სამაჯურს ან ყელსაბამს არ ვატარებ, წვიმის დროს ტელეფონსაც დაცულად ვინახავ ზურგჩანთაში... არ ვიცი, ეს დამთხვევაზე მეტია და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა პასუხი არ მაქვს... საკუთარ ნაბიჯებში არასდროს ვყოყმანობ და ეჭვი არ მეპარება, ახლა კი დავფიქრდი - ე.ი. რაღაცას არასწორად ვაკეთებ. თუმცა ამჯერად ისეთ დიდ მანძილზე გადამტყორცნა, რომ საკუთარი ძალებით ასე ვერ გადავხტებოდი. არ ვიცი, ალბათ ოდესმე ვიპოვი პასუხს.“

***

მოკლედ, ასეთია ჩვენი რესპონდენტის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა. ჩვენ მას ჯანმრთელობას და ცხოვრებაში ნაკლებ ხიფათს ვუსურვებთ...

იხილეთ ასევე: