პრინცესა დიანას ლეგენდარული შავი აბრეშუმის კაბა, რომელსაც მედიამ “შურისძიების კაბა“ შეარქვა, აუქციონზე იყიდება. სამოსი, რომლითაც უელსის პრინცესა 1994 წელს ლონდონის Serpentine Gallery-ის წვეულებაზე გამოჩნდა, პოპ-კულტურის ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ და სკანდალურ მომენტად იქცა.
დიანამ მხრებმოშიშვლებული შავი აბრეშუმის კაბა მას შემდეგ ჩაიცვა, რაც მისმა ყოფილმა მეუღლემ, პრინცმა ჩარლზმა (ახლანდელმა მეფემ) ტელევიზიით საჯაროდ აღიარა, რომ ქორწინების დროს მეუღლეს ღალატობდა. ITV-ის დოკუმენტური ფილმის ინტერვიუ, სადაც ჩარლზმა მისი ღალატის ფაქტი დაადასტურა, იმავე საღამოს გადაიცა. დიანას გამოჩენა საზოგადოებაში სწორედ მის საპასუხო დარტყმად და პასუხად აღიქვეს.
დიანას მაშინდელმა სტილისტმა, ენა ჰარვიმ მოგვიანებით გაიხსენა, რომ პრინცესამ ღონისძიებაზე წასვლამდე ბოლო წუთს შეცვალა გადაწყვეტილება: უარი თქვა Valentino-ს შედარებით ნაკლებად ეფექტურ კაბაზე და ბერძენი დიზაინერის, კრისტინა სტამბოლიანის მიერ შექმნილი მხრებმოშიშვლებული, ასიმეტრიული ბოლოთი და შიფონის შლეიფით გაფორმებული კაბა შეარჩია. სამოსს მან სამეფო ყელსაბამი, შავი კლატჩი და შავფეხსაცმლიანი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.

აუქციონის სახლი Sotheby's ვარაუდობს, რომ 9 დეკემბერს გასამართ აუქციონზე კაბა 220,000 ფუნტ სტერლინგამდე (300,000 დოლარი) გაიყიდება. ეს არის პირველი შემთხვევა 1997 წლის შემდეგ, რაც ეს კაბა აუქციონზე გამოდის - სწორედ მაშინ, ტრაგიკულ დაღუპვამდე რამდენიმე თვით ადრე, დიანამ საქველმოქმედო მიზნით თავისი 79 კაბა გაყიდა.
აუქციონამდე კაბა მსოფლიო ტურნეში გაემგზავრება: 18-დან 24 სექტემბრამდე მას ლონდონში Sotheby's-ის საგამოფენო დარბაზში გამოფენენ, ოქტომბრის დასაწყისში ჰონგ-კონგში გადაიტანენ, ნოემბრის დასაწყისში ჟენევაში, ხოლო საბოლოოდ ნიუ-იორკში გაიყიდება.
აუქციონზე კაბასთან ერთად გაიყიდება 1997 წლის აუქციონის იშვიათი კატალოგიც, რომელსაც ხელს დიანა და დიზაინერი სტამბოლიანი აწერენ და სადაც აღნიშნულია, რომ კაბების აუქციონზე გაყიდვის იდეა პრინც უილიამს ეკუთვნოდა. შემოსულის ნაწილი Royal Edinburgh Hospital-ს გადაეცემა.
იხილეთ ასევე: