ალასკაში, ბერინგის ზღვის ყინულივით ცივ წყლებში 15 წლის მოზარდი, დერეკ პარკერ აღნაანგა სასწაულებრივად გადაარჩინეს მას შემდეგ, რაც მან ორი დღე გადაყირავებულ ნავზე გაატარა. მოზარდი 18-ფუტიანი სათევზაო ნავის ერთადერთი გადარჩენილია - მან ტრაგიკულად დაკარგა უფროსი ძმა და დეიდაშვილი.

სამი ახალგაზრდა წმინდა ლავრენტის კუნძულიდან პარასკევს, 4 სექტემბერს გაემგზავრა და უკან კვირას, ნაშუადღევს უნდა დაბრუნებულიყვნენ. როდესაც ნავი დათქმულ დროს არ დაბრუნდა, აშშ-ის სანაპირო დაცვამ სამძებრო ოპერაცია დაიწყო.
როგორც გაირკვა, მათი ნავი შაბათს გადაყირავდა, რის გამოც 15 წლის მოზარდი ორი დღის განმავლობაში ღია ზღვაში, საკვებისა და წყლის გარეშე იბრძოდა გადასარჩენად. ორშაბათს დილით სანაპირო დაცვის ეკიპაჟმა გადაყირავებულ ნავზე მჯდომი მოზარდი შეამჩნია, რის შემდეგაც ახლოს მყოფმა გემმა ის წყლიდან ამოიყვანა.

ამავე გემმა შეძლო გარდაცვლილი ორი ნათესავის ცხედრის ამოღებაც. აშშ-ის სანაპირო დაცვის არქტიკული ოლქის სარდალმა, კონტრ-ადმირალმა ბობ ლიტლმა განაცხადა, რომ ისინი უსამძიმრებენ გარდაცვლილი მეზღვაურების ოჯახებსა და ადგილობრივ თემს.
სანაპირო დაცვის ცნობით, გადარჩენილ მოზარდს ჰიპოთერმიის (სხეულის გადაცივების) ნიშნები აღენიშნებოდა. იმ გემის კაპიტანმა, ადამ უაითმა, რომელმაც მოზარდი გადაარჩინა, ადგილობრივ ტელეკომპანია KTUU-TV-ს განუცხადა, რომ ბიჭი 10 გრადუსიან ყინულივით ცივ წყალსა და სიბნელეში გადაყირავებულ ნავს ძლიერად ებღაუჭებოდა.
“ის ძალიან ძლიერი ბიჭია“, - აღნიშნა კაპიტანმა. მან ასევე გაიხსენა მოზარდის სიტყვები, რომელმაც კბილების კაწკაწით თქვა, რომ მისი ძმა ჯერ კიდევ ნავის ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო ნათესავი წინა ღამეს ტალღებმა წაიღეს.
გადარჩენილი მოზარდისა და გარდაცვლილი უფროსი ძმის დედამ, ვინა კულოვიიმ Facebook-ზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. დედის თქმით, მისი შვილები აკეთებდნენ იმას, რაც უყვარდათ - ისინი თევზაობდნენ, რათა ხორცით უზრუნველეყოთ კუნძულ საბუნგას მცხოვრებლები, სადაც ადგილობრივ მაღაზიებში ხორცი ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი.
საბუნგა წმინდა ლავრენტის კუნძულზე მდებარე 800-კაციანი სოფელია, სადაც ძირითადად ციმბირული იუპიკის ხალხი ცხოვრობს.
“ჩემი ბიჭები იმისთვის დაიბადნენ და გაიზარდნენ, რომ ოჯახზე და თემზე ეზრუნათ. ეს ჩვენი ტრადიციაა, რომელიც თაობებს გადაეცემა“, - წერს დედა.
მან აღნიშნა, რომ გადარჩენილი შვილი ახლა სახლში გადის რეაბილიტაციას. “ჩემი გადარჩენილი... მისი ისტორია საოცარია, მას მთელი ამ დროის განმავლობაში არ შეშინებია და ლოცულობდა“, - დასძენს ვინა კულოვიი.
იხილეთ ასევე: