გურამიშვილის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომპანია „ნოვა“ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ საწარმოს ეზოში განთავსებული CO₂-ის რეზერვუარის დაზიანების შედეგად შენობის ფასადის ნაწილი დაზიანდა.
"დღეს, „ნოვას“ გურამიშვილის გამზირზე მდებარე საწარმოო ტერიტორიაზე დაფიქსირდა ტექნიკური ინციდენტი. საწარმოს ეზოში განთავსებული CO₂-ის რეზერვუარის დაზიანების შედეგად დაზიანდა შენობის ფასადის ნაწილი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე დაუყოვნებლივ განხორციელდა უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები. ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა. „ნოვას“ გაყიდვების ობიექტები და კომპანიის სხვა სტრუქტურული ერთეულები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ“,-აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, გამთენიისას, თბილისში, რამდენიმე უბნის მოსახლეობა ძლიერმა ხმამ გააღვიძა. თავდაპირველად სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა "ნოვას" საწყობში. მომხმარებლები წერენ, რომ აფეთქების ხმა ისმოდა თემქაზე, გლდანში, სანზონაში, დიღომში, ავჭალაში.

რა განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში?
"აფეთქება, სავარაუდოდ, ეზოში არსებულ გაზის რეზერვუარში მოხდა, რასაც ძლიერი ხმა ჰქონდა, თუმცა მომხდარს ხანძარი არ მოჰყოლია, დაზიანდა საწყობის ნაწილი", - განაცხადეს უწყებაში. მათივე ინფორმაციით, არავინ დაშავებულმა, თუმცა მომხდარმა ახლოს მდებარე სახლების დაზიანება გამოიწვია.
როგორც ერთ-ერთი მიმდებარედ მცხოვრები გვეუბნება, სავარაუდოდ, ჩაიმსხვრა ახლოს მდებარე კორპუსების მინების ნაწილი.
"ხანძარი არ არის, ჩემი სახლიდან არ ჩანს. ჩანდა მხოლოდ მტვრის ბუღი. ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მანქანები, სავარაუდოდ, ჩაიმსხვრა ახლოს მდებარე კორპუსების მინების ნაწილი", - ამბობს ის.
წაიკითხეთ ასევე: