აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა პირველად დაადასტურეს, რომ დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური იარაღი განათავსეს.
როგორც Air, Space and Cyber-ის კონფერენციაზე გამოსვლისას სამხედრო-საჰაერო ძალების მდივანმა, ტროი მაინკმა აღნიშნა, “ეს ნაბიჯი ამერიკული ძალების მტრული ქმედებებისგან დასაცავად გახდა საჭირო.“ მან ასევე დაამატა, რომ აშშ მზადაა “განვითარებად საფრთხეებთან“ გასამკლავებლად, თუმცა იარაღის თავდასხმით შესაძლებლობებსა თუ ორბიტაზე მისი გაყვანის თარიღზე დამატებითი დეტალები არ დაუზუსტებია.

აშშ-ს მაღალი რანგის სამხედრო პირები კოსმოსში სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების სურვილზე ადრეც საუბრობდნენ. ისინი იმ რუსულ და ჩინურ ინიციატივებზე მიუთითებდნენ, რომლებიც მომავალ ომში ამერიკულ თანამგზავრებზე შეტევისა და მათი მწყობრიდან გამოყვანის მეთოდების შემუშავებას გულისხმობს.
როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ახალი კოსმოსური შესაძლებლობები და გზაგადამჭრელი რაკეტები გადამწყვეტ როლს შეასრულებენ მომავალ თავდაცვის სისტემა “ოქროს გუმბათში“, რომელიც აშშ-ის სარაკეტო და სხვა საჰაერო საფრთხეებისგან დაცვას ისახავს მიზნად.
მას შემდეგ, რაც 1967 წლის ხელშეკრულებით ორბიტაზე მასობრივი განადგურების იარაღის განთავსება აიკრძალა, აშშ, რუსეთი და ჩინეთი ამ შეთანხმების მიღმა არსებული ალტერნატიული შესაძლებლობების ათვისებას ცდილობენ. ერთ-ერთი მეთოდს მოწინააღმდეგის იმ თანამგზავრებზე იერიშის მიტანა წარმოადგენს, რომლებსაც ცენტრალური როლი აკისრიათ სამხედრო კომუნიკაციაში, თვალთვალსა და ნავიგაციაში.

2025 წელს დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანებულება, რომელმაც ხაზი გაუსვა აშშ-ის კოსმოსური ძალების, როგორც არა მხოლოდ თავდაცვით, არამედ შემტევ სტრუქტურის როლს.
აშშ-ის კოსმოსური ძალები 2019 წელს შეიქმნა და ბოლო 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სამხედრო უწყების პირველი ახალი შტო გახდა. მის დანიშნულებას კოსმოსში ამერიკული აქტივების, მათ შორის კომუნიკაციისა და თვალთვალისთვის განკუთვნილი ასობით თანამგზავრის დაცვა წარმოადგენს.
იხილეთ ასევე: