აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) მეცნიერებმა ალასკის ნაპირებთან ღრმა ზღვის ღრუბლების ცხრა ახალი სახეობა აღმოაჩინეს. აღმოჩენამ ოკეანის ნაკლებად შესწავლილი ბიომრავალფეროვნების შესახებ ახალი ცნობები მოგვაწოდა.
NOAA-ს ცნობით, ღრუბლების ახალი სახეობები ალასკის ყურესა და ალეუტის კუნძულებთან აღმოაჩინეს, რის შედეგადაც ალასკაში აღრიცხული ღრუბლების ცნობილი სახეობების საერთო რაოდენობამ 232-ს მიაღწია. ნიმუშები NOAA Fisheries-ის ყოველწლიური ფსკერული ტრალის კვლევების დროს შეგროვდა, რომლებიც თევზისა და მოლუსკების მარაგებს აკონტროლებს. მეცნიერებმა 2012 წლიდან მოპოვებული მასალები გააანალიზეს და შედეგები ორ სამეცნიერო ნაშრომში აღწერეს.
NOAA-ს მეთევზეობის ბიოლოგის, შონ რუნის თქმით, ღრუბლებს უდიდესი ეკოლოგიური მნიშვნელობა აქვთ.
“ისინი მცენარეები არ არიან, თუმცა, ტყეში ხეების მსგავსად, ოკეანის ფსკერზე რთულ სტრუქტურას ქმნიან, რაც თავშესაფარს სთავაზობს სარეწაო მნიშვნელობის თევზებსა და კიბორჩხალებს“, - აღნიშნავს მეცნიერი. მისივე თქმით, კლდოვან და ღრმა წყლებში წვდომა რთულია და სავარაუდოდ, კიდევ ასობით აღმოუჩენელი სახეობა არსებობს.

ზღვის ღრუბლების იდენტიფიცირება საკმაოდ რთული პროცესია, რადგან მათ არ გააჩნიათ გარეგანი გამორჩეული ნიშნები, როგორიცაა ფარფლები ან სხეულის მკვეთრი ფორმები. ამის გამო მეცნიერები მათ მიკროსკოპულ ჩონჩხებსა და გენეტიკურ მასალას ეყრდნობიან.
NOAA-ს ბიოლოგმა მერედით ევერეტმა განმარტა, რომ დნმ-ბარკოდირება სწრაფ გენეტიკურ ორიენტირს იძლევა, თუმცა ღრუბლების დნმ-ზე მუშაობა გამოწვევაა, რადგან წყლის ფილტრაციის გამო მათ ქსოვილებში უცხო დნმ და ბიოქიმიური ნივთიერებები ხვდება. მიუხედავად ამისა, მკვლევრებმა წარმატებით შექმნეს რამდენიმე ახალი ბარკოდი ალასკის სახეობებისთვის.
NOAA ღრუბლების მჭიდრო კოლონიებს თევზების გადარჩენისა და აღდგენისთვის “არსებით ჰაბიტატად“ მიიჩნევს. გარდა ამისა, ღრუბლები წარმოქმნიან ქიმიურ ნაერთებს მტაცებლებისგან დასაცავად, რომელთაგან ზოგიერთი პერსპექტიულ შედეგებს აჩვენებს სიმსივნის მკურნალობის კვლევებში.
ეკოლოგიური მნიშვნელობის მიუხედავად, ალასკის ღრმა ზღვის ღრუბლების ჰაბიტატებს სერიოზული საფრთხე ემუქრება დონალდ ტრამპის ინიციატივის გამო, რომელიც ითვალისწინებს ოკეანის ფსკერზე ისეთი კრიტიკული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გაფართოებას, როგორებიცაა ნიკელი და სპილენძი.
გარემოსდაცვითი ჯგუფები ეწინააღმდეგებიან ამ გეგმებს და აცხადებენ, რომ ოკეანის ფსკერზე საქმიანობა ზიანს მიაყენებს ოკეანის სუსტ ეკოსისტემებს.
იხილეთ ასევე: