ირანში, შიდა ფრენის დროს, Sepehran Airlines-ის კუთვნილ Boeing 737-ის სალონში მომხდარმა ტექნიკურმა გაუმართაობამ მგზავრებში მასობრივი პანიკა გამოიწვია. თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა, რა დროსაც ჭერის პანელები ჩამოცვივდა და სალონი ფაქტობრივად დაიშალა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ყვირიან და ლოცულობდნენ შეშინებული მგზავრები.

Jam Press-ის ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავი 15 სექტემბერს მაშჰადიდან ქერმანშაჰის მიმართულებით ასაფრენად ემზადებოდა, თუმცა აფრენიდან მალევე ხომალდზე ტექნიკური გაუმართაობა წარმოიშვა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახულია, რომ ძლიერი რყევის გამო ჭერიდან პანელები ცვივა, ხოლო ბარგის სათავსოებიდან ჩამოვარდნილი ნივთები რამდენიმე მგზავრს მოხვდა.
მოსალოდნელი კატასტროფის აცილების მიზნით, ხომალდის კაპიტანმა თვითმფრინავი უკან მოაბრუნა და 127 მგზავრი უსაფრთხოდ დააბრუნა მაშჰადში.

დაშვების შემდეგ შეშინებული მგზავრების ევაკუაცია წარმატებით განხორციელდა, რის შემდეგაც ისინი სხვა საჰაერო ხომალდზე გადასვეს, რათა ქერმანშაჰში ფრენა დასრულებულიყო. მომხდარი ინციდენტის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაშჰადის საერთაშორისო აეროპორტის ორი ასაფრენი ბილიკიდან ერთი დროებით დახურა, თუმცა უცნობია, იმოქმედა თუ არა ამან სხვა რეისებზე.
Indian Express-ის ცნობით, პირველადი ცნობებით ფრენისას საბურავი გასკდა, თუმცა ეს ინციდენტის ოფიციალურ მიზეზად ჯერ არ დადასტურებულა. ირანის ხელისუფლებამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Sepehran Airlines-ის Boeing 737-ს პრობლემა შეექმნა. აგვისტოში, თეირანიდან მაშჰადისკენ მიმავალი ამავე კომპანიის თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა, რის შედეგადაც წინა სავალი ნაწილი ჩატყდა. ბედნიერად, ინციდენტების შედეგად არავინ დაშავებულა.
იხილეთ ასევე: