ავტორი:

რა სახის იარაღი განათავსა აშშ-მ კოსმოსში?

რა სახის იარაღი განათავსა აშშ-მ კოსმოსში?

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური იარაღის განთავსების შესახებ გაჟღერებულმა განცხადებამ გააჩინა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის შეიარაღება იმყოფება სინამდვილეში კოსმოსში და რა როლი შეუძლია შეასრულოს მას ზესახელმწიფოებს შორის ამ არენაზე დომინირებისთვის მიმდინარე ბრძოლაში.

ვაშინგტონს თავის განცხადებაში დეტალებზე არ უსაუბრია. სამხედრო-საჰაერო ძალების მდივანმა, ტროი მეინკმა აღნიშნა, რომ “ორბიტალური“ იარაღი აშშ-ის ძალების მტრის აგრესიული ქმედებებისგან დასაცავად იყო აუცილებელი, თუმცა არაფერი უთქვამს იარაღის შესაძლებლობებსა ან მის ორბიტაზე გაყვანის დროზე.

  • რა შეიძლება იყოს ეს იარაღი და როგორ გამოიყურება კოსმოსში სამხედრო განვითარების საერთო სურათი? კიდევ ვის შეიძლება ჰქონდეს ანალოგიური შეიარაღება?

კოსმოსი სამხედრო ინტერესის სფეროდ კოსმოსური ერის დასაწყისიდანვე იქცა, 1960-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირმა იქ უკვე განათავსა შეიარაღება. პროგრამა “თანამგზავრების გამანადგურებელი“ შედგებოდა თანამგზავრებისგან, რომელთა დანიშნულებაც ჭურვების გასროლა და აფეთქება იყო, რაც ნატეხებს სწორედ სხვა (როგორც წესი, ამერიკული) თანამგზავრის ტრაექტორიაზე ფანტავდა.

დღესდღეობით, ტექნოლოგიურად დაწინაურებული ქვეყნები კოსმოსში თანამგზავრებს სხვადასხვა მიზნით იყენებენ, მათ შორის: დაზვერვისთვის, დაცული კავშირგაბმულობისთვის, რაკეტების გაშვების დაფიქსირებისა და ზუსტი დარტყმებისათვის ლოკაციის კოორდინატების მისაწოდებლად.

ანალიტიკოსების ვარაუდით, ომის წარმოების ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, კოსმოსში სამხედრო ტექნიკის გამოყენების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება. დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამხედრო კვლევების ინსტიტუტის (RUSI) მკვლევარმა და დარემის უნივერსიტეტის ასტროპოლიტიკის ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორმა ბლედინ ბოუენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ დეკლარირებული იარაღის შესახებ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეუძლია.

“ვვარაუდობ, რომ ეს შესაძლოა იყოს ელექტრონული ბრძოლის ან რადიოელექტრონული ჩახშობის პლატფორმა. სავარაუდოდ, ანტითანამგზავრული ტიპის იარაღი,“ განუცხადა მან BBC-ის გადაცემას Today-ს.

მისი თქმით, მსგავსი შეიარაღება დედამიწაზე უკვე არსებობს და მას თანამგზავრული კავშირის პარალიზება შეუძლია.

ბოუენი არც უფრო დამანგრეველ შეიარაღებას გამორიცხავს, რომელსაც ნანგრევებისა და ნარჩენების წარმოქმნა შეუძლია.

“ჩინეთისა და რუსეთის შემთხვევაში, ორმხრივი აქტივობა აშკარაა. მაგალითად, რუსეთის მხრიდან ვნახეთ ქმედებები, რაც ორბიტალური იარაღის გამოცდაზე მიანიშნებს. დაფიქსირდა ფაქტი, რომელიც მიუთითებს, რომ მათ ორბიტაზე საცდელი ჭურვი უკვე ისროლეს“, - აცხადებს RUSI-ის ყოფილი მკვლევარი და SWP-ის (გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობათა და უსაფრთხოების ინსტიტუტის) ექსპერტი, იულიანა ზიუსი.

ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთი და ჩინეთი კოსმოსში სულ უფრო ხშირად ახორციელებენ მანევრებს, რომლებიც ცნობილია როგორც “შეხვედრისა და სიახლოვის ოპერაციები“ (RPO).

“თეორიულად, ეს RPO თანამგზავრები შეიძლება “მონადირე-გამანადგურებლებად“ გადაიქცნენ და ფიზიკური შეჯახების ან ორბიტიდან გამოდევნის გზით, მოწინააღმდეგის თანამგზავრი მწყობრიდან გამოიყვანონ“, - განუცხადა BBC - ს ლონდონის სამეფო კოლეჯის რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების მკვლევარმა, დოქტორმა როდ თორნტონმა.

ჩინეთმა უკვე აჩვენა “კოსმოსური ბუქსირის“ შესაძლებლობა: აპარატს შეუძლია მიუახლოვდეს თანამგზავრს, ჩაებღაუჭოს მას და სხვა ორბიტაზე გადაიყვანოს.

წყარო

იხილეთ ასევე: